ახალი ამბები

ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 28 თებერვალს დაიწყება

27 თებერვალი, 2016 • 1334
ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 28 თებერვალს დაიწყება

ხვალ, 28 თებერვალს, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები დაიწყება.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლის კანდიდატურებს სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილი სამთავრობო კომისია გასაუბრების გზით შეარჩევს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კომისია იმ 12 კანდიდატს გაესაუბრება, რომლებმაც შერჩევის წინა ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს. გასაუბრების შემდგომ სამთავრობო კომისია მთავრობას ხუთ კანდიდატს წარუდგენს, რომელთაგან მთავრობა სამ კანდიდატს შეარჩევს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარსადგენად. ასამბლეაზე კენჭისყრა შემოდგომაზე გაიმართება.

კომისიის წევრები არიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა თოთლაძე , საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია,  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე,  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე  მზია თოდუა, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი  ზაზა ხატიაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული, კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი.

სამინისტროს ცნობით, გასაუბრებამდე მოსამართლეობის მსურველებმა უკვე გაიარეს შერჩევის 2 ეტაპი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოთქვა, რომელთაგან 13 კანდიდატი შეირჩა წარმოდგენილი საბუთების მიხედვით.

მათ ჩაუტარდათ ტესტირება ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ოფიციალური ენის (ინგლისური ან ფრანგული) ცოდნის დონის შესამოწმებლად. ტესტირებაზე გამოცხადებული 12 პრეტენდენტიდან კომპეტენციის საჭირო ზღვარი ყველა მათგანმა გადალახა, განაცხადა სამინისტრომ.

მთავრობის მიერ დამტკიცებული 3 კანდიდატიდან ერთ-ერთს ევროპის საბჭო 2016 წლის შემოდგომაზე აირჩევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი