ახალი ამბები

აშშ-ს დელეგაცია ქართული ოპოზიციის ნაწილს შეხვდა

27 აპრილი, 2011 •
აშშ-ს დელეგაცია ქართული ოპოზიციის ნაწილს შეხვდა

ამერიკული დელეგაცია  დღეს აშშ-ს საელჩოში რამდენიმე ოპოზიციური  პოლიტიკური პარტიის ლიდერს- ირაკლი ალასანიას, დავით გამყრელიძეს, კახა შარტავას, გიორგი თარგამაძეს და დავით უსუფაშვილს შეხვდა. შეხვედრა  აშშ-საქართველოს ქარტიისა და დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრების ფარგლებში გაიმართა. ამერიკულ დელეგაციას აშშ–ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თინა ქეიდენაუ და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში კეტლინ ფიცპატრიკი ხელმძღვანელობენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, შეხვედრაზე ისინი აშშ-ს დელეგაციას ქვეყანაში არსებულ დემოკრატიის ხარისხზე, საარჩევნო გარემოზე და ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრეს.

ირაკლი ალასანიან თქმით, შეთანხმება ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ძალიან მალე უნდა მოხდეს.  მისი აზრით, შეთანხმებებს ელოდება როგორც ქართული საზოგადოება, ისე საერთაშორისო თანამეგობრობა.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ფართო საზოგადოება ჩაერთოს ამ პროცესში, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოება მეტად ინფორმირებული უნდა იყოს და თანამონაწილეობის განცდა გავუჩინოთ. ასევე გვითხრეს, რომ ამ საკითხზე სერიოზული და დეტალური განხილვები ექნებათ ხელისუფლების წარმომადგენლებთან,“-უთხრა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით კი, ამერიკელმა სტუმრებმა დაადასტურეს შეერთებული შტატების მთავრობის  პოზიცია, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს სამართლიანი, ობიექტური არჩევნები და ამისთვის აუცილებელია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაც შეიძლება სწრაფად მოხერხდეს შეთანხმება, რათა იმ შეთანხმების რეალურად განხორციელების დრო დარჩეს. უსუფაშვილის ინფორმაციით, დღეს აშშ-ს დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს და იქაც ექნებათ დეტალური საუბარი ამ თემებზე.

„ხაზი გაესვა იმას, რომ დრო არ ითმენს და უახლოეს ხანებში საჭიროა კონკრეტული შედეგის მიღწევა და როგორც სჩანს, შეერთებული შტატების მთავრობა, მათი წარმომადგნლები გააგრძელებენ თავიანთ საკმაოდ სერიოზულ ძალისხმევას,“-თქვა დავით უსუფაშვილმა.

ეროვნული ფორუმის ლიდერმა კახა შარტავამ კი შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა: „ ჩვენი მხრიდან აღნიშნული იქნა, რომ ეს[საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებები] არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელმაც ან უნდა აღადგინოს ნდობა არჩევნებისადმი, ან ხელი არ უნდა შეუწყოს ქვეყანაში უკონტროლო პროცესების განვითარებას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გადადგამს შემხვედრ ნაბიჯებს.  ცვლილებები უნდა მოხდეს და ეს ხელისუფლება გახდება თუ არა ამ პროცესების მონაწილე, ახლა სწორედ ამაზეა საუბარი.“

მისივე თქმით, „ხელისუფლება უნდ ვაიძულოთ საერთაშორისო, შიდა პოლიტიკური და სამოქალაქო მეთოდებით, გახდეს ამ ცვლილებების მონაწილე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს ხელი შეუწყოს ან უკონტროლო პროცესების დაწყებას ქვეყანაში, ან აღიაროს უარი სამართლიან არჩევნებზე, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს მის  ლეგიტიმაციასდა მაშინ ეს პროცესი  მის  გარეშე უნდა მივიდეს ბოლომდე.“ კახა შარტავას აზრით, ამერიკელი დიპლომატები ოპოზიციის მოსაზრებებს გაგებით მოეკიდნენ.

მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკელები ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებებიდან კონკრეტულ შედეგებს მაისის ბოლოსთვის ელოდებიან. გამყრელიძის თქმით, „ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გაჩნდეს არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების პრეცენდენტი.“

აშშ-ს დელეგაციის წარმომადგენლები დღეს ოპოზიციის გარდა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი