ახალი ამბები

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

24 აპრილი, 2011 • 1369
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

კათალიკოს პატრიარქი ილია II წლევანდელ სააღდგომო ეპისტოლეში საუბრობს იერარქიაზე,  ოჯახის პრობლემებზე, მედიაზე  და „ქართულ იდეაზე“.

„იერარქიის არსი ქრისტიანობაში, სხვებთან შედარებით, აბსოლუტურად განსხვავებულია და იგი ქვემდგომებისადმი უანგარო სიყვარულსა და მათთვის ზრუნვას გულისხმობს“, ნათქვამია ეპისტოლეში, რომლითაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს–პატრიარქმა ილია II–მ  სასულიერო პირებს, საქართველოს მოსახლეობას და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართა.

” საერთოდ, უფალი ადამიანებს სხვადასხვა ნიჭს და, აქედან გამომდინარე, სხვადასხვაგვარ პასუხისმგებლობებს აკისრებს. ზოგს ერთ ტალანტს აძლევს, ზოგს _ ორს, ზოგს _ ხუთს ან ათს; პასუხისმგებლობაც შესაბამისია: ვისაც ერთი ტალანტი ებოძა, მას ათი ტალანტისა არ მოეთხოვება; მსუბუქია მისი ჯვარი და უფლის წინაშე მისი ვალდებულებაც, ხოლო ვისაც მეტი მიეცა, მას მეტიც მოეთხოვება. მაგალითად, ზოგიერთს მხოლოდ ოჯახზე ზრუნვა მართებს, ესაა მისი პასუხისმგებლობა, ნაწილს, –ადამიანთა გარკვეული ჯგუფის, სოფლის ან ქალაქის ხელმძღვანელობა; სხვებს კი მთელი ქვეყნის ტვირთი აწევთ და ამ დონის მსახურება ევალებათ“.

პატრიარქი თქმით,  „ რა თქმა უნდა, არსებობს არაქრისტიანული იერარქიული ურთიერთობაც, რასაც წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ტირანიას უწოდებს და რაც ზემდგომთა ბატონობასა და ძალადობაზე და ქვეშევრდომთა მონურ ყოფაზეა დამყარებული. ჩვენ გარშემო, სამწუხაროდ, ურთიერთმიმართების არაქრისტიანული წესი სჭარბობს“.

იერარქიულ ურთერთობაზე საუბრიდან პატრიარქი გადადის ოჯახის საკითხზე და ქრისტიანულ ოჯახს განმარტავს, როგორც „მცირე ეკლესიას“, რომელიც „დაფუძნებული უნდა იყოს, პირველ რიგში, ღვთისადმი და შემდეგ ერთმანეთისადმი გამოვლენილ ჭეშმარიტ სიყვარულსა და პატივისცემაზე“.

„თუ მათ [ოჯახებს] ეს საფუძველი გამოეცალათ, თავს იჩენს ტირანია, რაც ხშირი კონფლიქტის საფუძველი ხდება. ნაცვლად იმისა, რომ თანამედროვე საზოგადოებას ეზრუნა ოჯახში ქრისტიანული ღირებულების დასამკვიდრებლად, დაიწყეს უკვე დანგრეული ურთიერთობების ხელოვნურად მოგვარება, რაც შედეგს ვერ გამოიღებს და ცოლის და ქმრის ურთიერთობას კიდევ უფრო არასწორი გზით წარმართავს“.

“სავსებით ნათელია, რომ ძალადობრივი, ნიჰილისტური და უხამსი ფილმებითა და გადაცემებით აღზრდილი თაობა ჯანსაღ ატმოსფეროს ვერ შექმნის და ოჯახსაც მნიშვნელოვნად დააზიანებს”-

პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში მიუთითებს „მონდომებაზე“, რათა „უძლიერესი ფსიქოლოგიური საშუალებით –მასმედიით ბოროტება და ცოდვითი ცხოვრება აღზევდეს, ვულგარიზებული, ტექნოლოგიური საზოგადოება ჩამოყალიბდეს და მის ბატონ-პატრონად ფული იქცეს, რომ ადამიანებმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, სწორი ორიენტირი დაკარგონ და ქრისტეს მცნებები წარსულის გადმონაშთად მიიჩნიონ“.

კათალიკოს პატრიარქი მედიის წვლილს უწოდებს იმას, რომ  დღეს ადამიანებს გაცილებით უადვილდებათ ოჯახის დანგრევა, თავისუფალი ურთერთობების დამყარება, ჰომოსექსუალობის ჩვეულებრივ მოვლენად მიღება და ოჯახური ანომალიების გახმაურება.

საზოგადოებისა და ახალგაზრდების დიდი ნაწილი მაინც ინარჩუნებს ტრადიციულ ღირებულებებს და ქართული იდეის მატარებელნი არიან, – მიაჩნია პატრიარქს.

ქართულ იდეაზე საუბარს ეპისტოლეში ყველაზე მეტი ადგილი ეთმობა: „ეს შეიძლება გამოვთქვათ ერთი ყოვლისმომცველი სიტყვით _ ჭეშმარიტების მსახურება, რაც, პირველ რიგში, გამოიხატა უფლისადმი ჩვენს უდიდეს სიყვარულში, მისდამი ერთგულებასა და თავგანწირვაში“.
„ქართული იდეის განვრცობის არეალი გიორგი მერჩულემ ასე განსაზღვრა: “ქართლად ფრიადი ქუეყანა აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების”, ხოლო, ენასა ამას შინა “ყოველი საიდუმლო დამარხულ არს” (იოანე-ზოსიმე). აქ, არ იგულისხმება ენა, როგორც მხოლოდ მეტყველების საშუალება, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ერის მსოფლმხედველობის გამოვლინება, რომელიც თავისი მრავალფეროვნების მიუხედავად, არის ერთი და ერთიანი. ქართველისათვის პატრიოტიზმიც ღვთისმსახურებაა. იგი სამშობლოს პატრონობს და საკუთარი სისხლის ფასად იცავს, რადგან ამაში ხედავს ღვთის მიერ დაკისრებულ პასუხისმგებლობას. მას სხვისი არაფერი უნდა, მაგრამ დროებით დაკარგულ თავის ტერიტორიებსა და ხალხს კი ყოველთვის თავისად მიიჩნევს. ჩვენი სულისკვეთება კარგად ჩანს ამ სიტყვებში: “სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება”. დიახ, ქართული იდეისთვის უცხოა ექსპანსია და აგრესია. ამიტომაცაა მთელი ჩვენი ისტორია უანგარობის, გულწრფელობის, ვაჟკაცობისა და ზნეობრიობის გამოხატულება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი