ქუთაისში, ბერი თევდორეს ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდება.
“ვსვამთ წყალს, რომელშიც შერეულია ფეკალური მასები, ძალიან ცუდ დღეში ვართ, იწამლებიან ბავშვები და ყურადღებას არავინ გვაქცევს,” – ამბობს ამ ქუჩის მცხოვრები ჯულიეტა იოსელიანი “ნეტგაზეთთან” საუბარში.
მოსახლეობის თქმით, დაახლოებით ორი წლის წინათ მათ ქუჩაზე კანალიზაციის სისტემის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რის შემდეგაც დაზიანდა წყლის მილები.
“ნაკადულივით ასხამს მილებიდან წყალი, ქუჩა მთლიანად გადათხრილია, ასფალტი ამოამტვრიეს იმ სარემონტო სამუშაოების დროს და ასე მიატოვეს. მთელ ქუჩაში წყლის გუბეები დგას”, – ამბობენ ბერი თევდორეს ქუჩის მცხოვრებლები, რომელთა პრობლემებს დღეს ადგილზე გაეცნო “რესპუბლიკური პარტიის” ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ერთ–ერთი ლიდერი ნატო ქათამაძე.
“ამ ქუჩის მოსახლეობამ დასახმარებლად მიმართა ქალაქის მერიას, საკრებულოს, წყლის კომპანიას, მაგრამ არავინ აქცევს მათ ყურადღებას. წინასაარჩევნოდ დაპირდა ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებას ხალხს, მაგრამ მოატყუეს, ისე როგორც დაპირდნენ, რომ 24–საათიანი წყალმომარაგება ექნებოდათ. სინამდვილეში კი დღეში 3–4 საათით მიეწოდებათ წყალი,” – ამბობს ნატო ქათამაძე.
“წყალი ყოველდღე მოდის, მაგრამ ოჯახებამდე ვერ აღწევს, იმდენი იღვრება ქუჩაში. გადასახადს კი უკლებლივ გვახდევინებენ,” – ამბობს ჯულიეტა იოსელიანი.
ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტისთვის უკვე 33 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული, რის შემდეგაც, პროექტის თანახმად, ქუთაისის მოსახლეობას 24–საათიანი წყალმომარაგება უნდა ჰქონოდა. თუმცა იმის გამო, რომ 33–მილიონიანმა პროექტმა შესაბამისი შედეგი ვერ გამოიღო, დამატებით თანხები გამოყვეს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქში ამ დრომდე მიმდინარეობს.
ამავე თემაზე: