ახალი ამბები

ქართველი მძღოლების ბუტაფორული უსაფრთხოება

21 აპრილი, 2011 • • 2960
ქართველი მძღოლების ბუტაფორული უსაფრთხოება

კუსტარულად დამონტაჟებული უსაფრთხოების ღვედი მიკროავტობუსში
კუსტარულად დამონტაჟებული უსაფრთხოების ღვედი მიკროავტობუსში

2010 წლის 1 დეკემბერს ამოქმედდა  კანონი, რომლის მიხედვითაც უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში ავტომობილის მფლობელი 40 ლარით ჯარიმდება. კანონის ძალაში შესვლის დღიდან  2011 წლის 1 მარტამდე კი  ღვედების გამოუყენებლობის გამო დაჯარიმებულმა ადამიანებმა საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით 417 ათასი ლარი გადაიხადეს. კანონის ამომქედებამდე დროის იგივე მონაკვეთში ერთი წლით ადრე – 2009 წლის 1 დეკემბრიდან 2010 წლის 1 მარტამდე – ღვედების გამოუყენებლობისთვის გადახდილის ჯარიმის საერთო რაოდენობა 24 560 ლარი იყო.  ამის შესახებ ნეტგაზეთს ინფორმაცია შსს-ს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ზურაბ თავართქილაძემ მიაწოდა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები 2010 წლის შემოდგომაზე შევიდა, კანონი კი 2010 წლის 1 დეკემბრიდან ამოქმედდა. კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით,  ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა  გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით. დაჯარიმებულმა ჯარიმა 30 დღის ვადაში თუ არ გადაიხადა, მას დამატებით დაერიცხება საურავი – 150 ლარი. თუ აღნიშნული თანხაც გადაუხდელი დარჩა, მაშინ მესაკუთრეს ავტომობილს გაუყიდიან.

შსს-ს ინფორმაციით, 2010 წლის 1 დეკემბრიდან 2011 წლის 1 მარტამდე ღვედების გამოუყენებლობის გამო სულ 13 835 მოქალაქე დააჯარიმეს.  კანონში სანამ ცვლილებები შევიდოდა, ღვედების გამოუყენებლობაზე ჯარიმა 20 ლარი იყო, თუმცა კანონის ეს მოთხოვნა პრაქტიკულად არ სრულდებოდა და კონტროლიც ნაკლებად იყო. ამას სტატისტიკაც მეტყველებს. დროის იგივე მონაკვეთში, ერთი წლით ადრე – 2009 წლის 1 დეკემბრიდან 2010 წლის 1 მარტამდე ღვედების არგამოყენებისთვის სულ 2672 მოქალაქე დააჯარიმეს, შედეგად კი ბიუჯეტში 24 560 ლარი შევიდა.

ქართველმა კანონმდებლებმა ღვედის გამოყენების კონტროლის გამკაცრება ავტოაავარიებისას სიკვდილიანობისა და მძიმე დაზიანებების შემცირების მიზნით განიზრახეს. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში, 2010 წლის 1 დეკემბერს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ – ოთარ თოიძემ განაცხადა: „პირველი და უმთავრესი არის ის, რომ მოძრაობის უსაფრთხოების ყველა პუნქტი  დაცული იყოს ქვეყანაში, რომ მინიმუმამდე იქნეს შემცირებული ტრამვებით გამოწვეული ინვალიდობა და სიკვდილიანობაზე უკვე არაფერს არ ვლაპარაკობ, ეს ისედაც ნათელია.“

ჯერჯერობით უცნობია, კანონის გამკაცრებამ რა შედეგები გამოიღო, მართლა შემცირდა თუ არა სიკვდილიანობა და დაშავება ავტოავარიებისას.  არ არსებობს სტატისტიკა იმის შესახებ, ავტოავარიებისას რამდენ ადამიანს ეკეთა, ან არ ეკეთა ღვედი, ასევე, ამ მიზეზით რამდენი გადაურჩა სიკვდილს.

ღვედების გამოყენებაზე კონტროლის გამკაცრების დღიდან – 2010 წლის 1 დეკემბრიდან 2011 წლის 1 მარტამდე საქართველოში 1053 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული, რა დროსაც დაირუპა 149, ხოლო დაშავდა 1487 ადამიანი. კონტროლის გამკაცრებამდე, ავტოავარიებისას სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის იგივეა. მაგალითად, 2009 წლის 1 დეკემბრიდან 2010 წლის 1 მარტამდე სულ 1233 ავტოსაგზაო შემთხვევაა რეგისტრირებული, რა დროსაც დაიღუპა 176, ხოლო დაშავდა 1744 ადამიანი.

მართალია, დაღუპულთა რაოდენობა კონტროლის გამკაცრების შემდეგ ნაკლებია, მაგრამ დროის მონაკვეთებს თუ შევადარებთ, 2009 წლის 1 დეკემბრიდან 2010 წლის პირველ მარტამდე 170-ით მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ვიდრე 2010 წლის 1 დეკემბრიდან 2011 წლის 1 მარტამდე.

ლადო კუპრეიშვილი ავტომობილით ბოლო 5 წელია ყოველდღიურად სარგებლობს. ის ამბობს, რომ ჯერ სამსახურის, შემდეგ კი საკუთარი ავტომობილით გადაადგილებისას ღვედს ყოველთვის იყენებდა და იყენებს. ის ღვედის გაკეთებისკენ საკუთარი ავტომობილის სხვა მგზავრსაც მიუთითებს.

„ღვედის გამოყენებაზე სანამ კონტროლი გამკაცრდებოდა, მანამდე თანამგზავრების დარწმუნება მიჭირდა, რომ ღვედი გაკეთებინათ. თავს ასე უსაფრთოდ ვგრძნობ. მას შემდეგ რაც ჯარიმები გაორმაგდა და კონტროლიც გამკაცრდა, უკვე იციან, რომ თუ რვედს არ გაიკეთებენ მე დამაჯარიმებენ, ამიტომ ბევრს არ მახვეწნინებებ,“ – ამბობს ლადო კუპრეიშვილი. მას 5 წლის მანძილზე ავტოავარია ერთადერთხელ,  3 თვის წინ შეემთხვა.

„წერეთლის გამზირზე მანქანამ უკნიდან დამარტყა. ძალიან შემაჯანჯღარა, მანქანაც მნიშვნელოვნად დაზიანდა, მაგრამ მე არაფერი მომსვლია, ალბათ ღვედმა გადამარჩინა, თორემ როგორც მინიმუმ, თავს მივარტყამდი საქარე მინას,“ – ამბობს ის.

ზურა აფხაიძე ტაქსის მძღოლია და ის საჭესთან დღეში სულ მცირე 10-12 საათს ატარებს.   ის ამბობს, რომ კანონში ცვლილებების შეტანამდე ღვედს თითქმის არ იკეთებდა.  „ძალიან მოუხერხებელია და იმიტომ. თან, მანქანიდან სულ მიწევს გადმოსვლა. მგზავრებს ხან საბარგულს ვუხსნი, ხან ტვირთის ჩალაგებაში ვეხმარები. მოკლედ, ჩემთვის პრაქტიკული არ არის,“ – უთხრა ზურა აფხაიძემ ნეტგაზეთს. მიუხედავად ამისა, 2010 წლის დეკემბრიდან ის ღვედს მუდმივად იკეთებს და ამის გაკეთებას მგზავრებსაც აიძულებს. „ერთხელ მე არ მეკეთა ღვედი და დამაჯარიმეს, მეორედ კი მგზავრის გამო დამემართა იგივე, ჯარიმას ისევ ეს დისკომფორტი მირჩევნია,“ – ამბობს ტაქსის მძღოლი და იქვე დასძენს: „თუ სიკვდილი მიწერია, ღვედი კი არა მამაზეციერიც ვერ გადამარჩენს.“

მსუბუქი ავტომობილებისა და ტაქსებისგან განსხვავებით ღვედებს თითქმის არ იყენებენ თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები. მათ უმრავლესობას ღვედები ავტომობილში კუსტარულად აქვთ მიმაგრებული  და საპატრულო პოლიციის მოსატყუებლად მკერდზე მოჩნებითად აქვთ გადაფენილი.  წინ მსხდომ მგზავრასაც ეუბნებიან, რომ ღვედს დამაგრება არ სჭირდება და უბრალოდ უნდა  „გადმოიგდოს“.

ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი ამბობს: „აბა რა გავაკეთო? ეს „მარშუტკა“ რომ ვიყიდე არ ჰქონდა. მე როგორ გავუკეთო? არც კი ვიცი სად აკეთებენ. ესეც რომ არ დავიმაგრო, დამაჯარიმებენ, 40 ლარის გამომუშავებას კი  2 დღე მაინც მოვუნდები, მეტი თუ არა.“ ის ამბობს, რომ ჯერეჯრობით არავის გაუჩერებია და მისი მიკროავტობუსის ღვედის ვარგისიანობა არ შეუმოწმებიათ.  ნეტგაზეთი კიდევ რამდენიმე მიკროავტობუსის მძღოლს გაესაუბრა,  მათი ნაწილი ამავე მძღოლის პოზიციას იზიარებს, ნაწილს კი ამ თემაზე საუბარი არ სურს.

აშშ-ს ნაციონალური საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების ადმინისტრაციის(NHTSA) მონაცემებით ქვეყანაში ღვედების გამოყენების შედეგად ავტოავარიაში მოყოლილი 13 ათასი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა   ხერხდება, ამავე უწყების მონაცემებით კი კიდევ 7 ათასი ადამიანი გადაურჩებოდა სიკვდილს ავტოავარიისას უსაფრთხოების ღვედი რომ კეთებოდა.  გარდა ამისა, ავტომობილის წინა სავარძელზე მყოფი მგზვარების 50% გადაურჩებოდა სასიკვდილო დაზიანებებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2009 წელს პირველად მოამზადა მასშტაბური მოხსენება „საგზაო უსაფრთხოების“ შესახებ და მასში 178 ქვეყნის სტატისტიკური მონაცემები და საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის ანალიზიც შევიდა. მოხსენების მიხედვით, მსოფლიოში, გზებზე ავტოავარიებისას ყოველწლიურად 1.3 მილიონი ადამიანი იყუპება,  20-დან 50 მილიონამდე ადამიანი კი არასასიკვდილო დაზიანებებს იღებს.

უსაფრთხოების ღვედი ავტომობილში პირველად 1959 წლის 13 აგვისტოს დააყენეს და მას შმედეგ ის თითოეული ავტომობილის განუყოფელ ატრიბუტად იქცა. მისი მოქმედების პრინციპი მარტივია. როცა ადამიანი ავტომობილით გადაადგილდება, მისი სხეული სივრცეში იმავე სიჩქარით მოძრაობს, რა სიჩქარითაც ავტომობილი მიდის. როცა ავტომანქანა რამეს ეჯახება ან სწრაფად ჩერდება, ადამიანის სხეული მანქანის მოძრაობის მიმართულებით იგივე სიჩქარით ინერციით აგრძელებს გადაადგილებას და ეჯახება ავტომობილის საჭეს და საქარე მინას. როცა ადამიანს უსაფრთხოების ღვედი უკეთია, ღვედის ჩამკეტი მოწყობილება წამიერად რეაგირებს მკვეთრ მოძრაობაზე, კეტავს ღვედს და სხეულს არ აძლევს სასუალებას ინერციით გააგრძელოს მოძრაობა.    ასეთი შემკავებლის არ არსებობის შემთვევაში პირველ დარტყმას ადამიანის თავი იღებს, შემდეგ კი გულ-მკერდი. ავტოავარიებისას ადამიანების  50%-ზე გარდაცავალების და სერიოზულად დაშავების მიზეზი სწორედ თავის დაზიანება ხდება.

სხვა ქვეყნების მსგავსად არის თუ არა საქართველოში ღვედების გამოყენება ეფექტური, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ღვედების გამოყენების შესახებ შესაბამისი უწყებები დეტალურ სტატისტიკას მოამზადებენ. თუმცა, ფაქტია, რომ ღვედების ვარგისიანობას არავინ არ ამოწმებს არც მსუბუქ ავტომობილებსა და არც იმ მიკროავტობუსებში, რომელბსაც დღეში ასობით მგზავრი გადაჰყავთ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მხოლოდ იმ შემთხვევაში აჯარიმებენ მძღოლს, როცა მას ვიზუალურად ეტყობა გაკეთებული ღვედი. ქართველ მძღოლებს, განსაკუთრებით კი მიკროავტობუსების პატრონებს, სამართალდამცველთა მოტყუება უსაფრთხოების ბუტაფორიული ღვედებით ადვილად გამოსდით.  მათ ტყუილს ისიც უადვილებთ, რომ რამდნიმე წლის წინ საერთოდ გაუქმნდა მანქანის სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება. ასეთ პირობებში კი ავტომობილის გამართულობა და გარკვეულ სტანდარტებთან შესაბამისობა თითოეული ავტომფლობელის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი