ახალი ამბები

მილიარდი დოლარი ხუდონჰესისთვის

21 აპრილი, 2011 • • 1043
მილიარდი დოლარი ხუდონჰესისთვის

მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის – ეს განცხადება დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ნიკა გილაურმა გააკეთა.

დღესვე მთავრობის სხდომაზე გატანილი იქნება ხელშეკრულება, რომელსაც საქართველო ინდურ კომპანიასთან გააფორმებს. მოლაპარაკებები საქართველოში ხუდონ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ ინდურ კომპანიასთან წელიწადნახევრის წინ დაიწყო.

როგორც ნიკა გილაური ამბობს, “კონტინენტალ ენერჯი”–მ დასაწყისში პროექტის შესასწავლი სამუშაოები ჩაატარა, თუ რამდენად მომგებიანი იქნებოდა ხუდონ ჰესის მშენებლობა.

“შესწავლამ დაადასტურა, რომ მშენებლობა იქნება მომგებიანი”, – აცხადებს გილაური.

მისი თქმით, წინასამშენებლო სამუშაოები წელსვე დაიწყება, ხოლო თავად ხუდონ ჰესის მშენებლობა მომავალ წელს.

“ინვესტიცია იქნება დაახლოებით მილიარდი დოლარის, ეს არის ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტი, რაც აქამდე განხორციელებულა საქართველოში”,–ამბობს საქართველოს პრემიერ მინისტრი.

ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა თავდაპირველად 1979  წელს დაიწყო და 1989 წელს შეჩერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი