კლინტონი საქართველოს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

”ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, განახორციელოს საარჩევნო კოდექსის რეფორმირება ისე, რომ უზრუნველყოს ხელისუფლების სრულიად დემოკრატიულად გადაცემის პროცესი 2012 და 2013 წლების არჩევნების შედეგად,” – აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ამ განცხადებას სააგენტო FRANCE-PRESSE-ი ავრცელებს მის მიერ წინასწარ მომზადებულ შენიშვნებზე დაყრდნობით.

”ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, განახორციელოს საარჩევნო კოდექსის რეფორმირება ისე, რომ უზრუნველყოს ხელისუფლების სრულიად დემოკრატიულად გადაცემის პროცესი 2012 და 2013 წლების არჩევნების შედეგად,” – აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ამ განცხადებას სააგენტო FRANCE-PRESSE-ი ავრცელებს მის მიერ წინასწარ მომზადებულ შენიშვნებზე დაყრდნობით.

სააგენტოს იინფორმაციით, 15 აპრილს ბერლინში, სადაც  ნატო-საქართველოს მინისტერიალი გაიმართა, ჰილარი კლინტონმა სოლიდარობა გამოხატა საქართველოს პოზიციისადმი რუსეთის მიმართ და მოუწოდა პროდასავლურ ქვეყნებს დემოკრატიის მიმართულებით მუშაობის გაძლიერებისკენ.

ბერლინში ნატო-საქართველოს მინისტერიალის შეხვედრის დროს კლინტონმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა უმაღლეს დონეზე მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად მომზადდა.

”აშშ-ს პოზიცია უცვლელი რჩება და იგი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – განაცხადა კლინტონმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრამდე.

”ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს შეშფოთებას რუსეთის ბოლოდროინდელ აქტივობებთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა, ნეგატიური გავლენა მოახდინოს რეგიონში სტაბილურობაზე” – განაცხადა მან. კლინტონს არ დაუკონკრეტებია ამ აქტივობების შესახებ ინფორმაცია, თუმცა FRANCE-PRESSE-ის ინფორმაციით, საუბარია იმაზე, რომ ბოლო თვეების მანძილზე საქართველომ აღკვეთა ისეთი შემთხვევების სერია, როდესაც რუსეთის დავალებით იგეგმებოდა აფეთქებები, მათ შორის აშშ-ს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე. რუსეთმა უარყო ეს ბრალდებები და მას საქართვეოს მიერ დადგმული შოუ უწოდა.

კლინტონმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს სწრაფვას დასავლეთისკენ და მადლობა გადაუხადა ქვეყანას ავღანეთში გაწეული ღვაწლისთვის, თუმცა, ასევე, აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უნდა უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული სვლა.

”არ არსებობს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი მიზანი, ვიდრე დემოკრატიის მშენებლობის გაგრძელება”, – განაცხადა კლინტონმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი