ახალი ამბები

ქართული პრესის დაიჯესტი

19 აპრილი, 2011 • 1175
ქართული პრესის დაიჯესტი

გაზეთი „ვერსია“ ექსკლუზიურ მასალას აქვეყნებს კოპიტნარის აეროპორტის „ტავ ჯორჯიისთვის“ 1 ლარად მიყიდვის შესახებ. “ვერსიის” სტატიის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსტრო ქუთაისში კოპოტნარის აეროპორტს სიმბოლურ ფასად 1 ლარად გაყიდის. აეროპორტის მართვის უფლებაზე ხელისუფლება არც ტენდერს და არც აუქციონს გამოაცხადებს. სავარაუდოდ, ინვესტორი ვალდებულია, აეროპორტის ინფრასქტრუქტურა განავითაროს და, რაც მთავარია, უზრუნველყოს ბილეთების დაბალი ფასი. გარდა ამისა, სტატიის თანახმად, ინვესტორი ვალდებულია, რომ მოემსახუროს წელიწადში 20 მილიონ მგზავრს, ხოლო ვინ იქნება კოპიტნარის აეროპორტის მყიდველი, ამის შესახებ “ვერსიასთან” ინტერვიუში  „სკაი ჯორჯიას“ პრიზიდენტი  გიორგი კოდუა აცხადებს, რომ  ეს იქნება თურქული  კომპანია, რადგანაც მაშინდელი პრემიერის ზურაბ ნოღაიდელის ინიციატივით თურქულ „ტავ  ჯორჯიასთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩაიდო პირობა, რომ 300 კილომეტრის რადიუსში არც ერთ ავიაკომპანიას არ აქვს აეროპორტის გაკეთების უფლება და მისი თქმით, ბათუმის აეროპორტის თურქებისთვის გადაცემის მოტივაციაც სწორედ ყველა სხვა ავიაკომპანიების წინადადებების დაბლოკვა იყო. გიორგი კოდუა „ვერსიასთან“ იმასაც ამბობს, რომ  მისი ავიაკომპანია ერთადერთი იყო საქართველოში, რომელიც ავიაგადაზიდვებს კოპიტნარიდან ახორციელებდა და რეისები ჰქონდა რუსეთისა და უკრაინის მიმართულებით, თუმცა აეროპორტის მომსახურების დაბალი დონისა და ხელისუფლების უარის გამო, კოდუას კოპმანიას ინვესტიციები რომ ჩაედო,  “სკაი ჯორჯიამ” კოპიტნარი დატოვა. სტატიის დასასრულს გიორგი კოდუა თბილისის აეროპორტის თურქ მფლობელს აეროპორტის ტერიტორიაზე კაფე–ბარებში ხელოვნურად გაძვირებული ფასის დადებაშიც ადანაშაულებს და დასძენს, რომ მათ აეროპორტის ტერიტორიის მიმდებარე ყველა კაფე–ბარი დახურეს სწორედ იმისთვის, რომ კლიენტს ჩაიში 5–10 ლარი გადაახდევინონ.

„კვირის პალიტრა“ მკითხველს  ქართული პარტიის წევრების პარიზულ შეხვედრასა და მასში მაკა ასათიანის მეუღლის კონსტანტინე გოგელიას მონაწილეობის შესახებ  გოგა ხაინდრავასთან ინტერვიუს სთავაზობს.  ხაინდრავა, რომელიც ქართული პარტიის პარიზულ შეხვედრას ესწრებოდა, აცხადებს, რომ უნდოდა დარწმუნებულიყო, რამდენად რეალურია ის, რასაც ქართული პარტიის წევრები აცხადებდნენ და აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი პასუხები მიიღო მათგან. მისი თქმით, პარიზულ ვიზიტში მთავარი იყო იმის გარკვევა, რომ “ქართული პარტია” მზად არის კომბალი აიღოს ხელში, რადგან მიაჩნია, რომ სხვა გზა უკვე მოსინჯულია. ხაინდრავა კონკრეტულ თარიღებს არ ასახელებს, თუმცა ამისთვის საზოგადოების მზადყოფნის საჭიროებაზე საუბრობს და ყოველგვარ მოლაპარაკებებს გამორიცხავს ხელისუფლებასთან. მისი თქმით, არჩევნები მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს. რაც შეეხება „ქართულ პარტიასთან“ კოტე გოგელიას თანამშრომლობას, კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ხაინდრავა ამ ფაქტს ადასტურებს და დასძენს, რომ ეს კაცი მზად არის თავის შესაძლებლობები გამოიყენოს  სამშობლოსთვის ჯოჯოების მოსაშორებლად.

გაზეთ რეზონანსის „მთელი კვირა“ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებზე წერს. სტატიის თანახმად, თუკი რაიმე მტკიცებულება რაიმე ფორმით განადგურდება, იგი მტკიცებულებად ვეღარ ჩითვლება, მიუხედავად იმისა, უკვე ჩატარებულია თუ არა მასზე ექსპერტიზა და არსებობს თუ არა ექსპერტის დასკვნა. იურისტები მიიჩნევენ, რომ ასეთმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა მოქალაქეებს პრობლემები შეუქმნას და  იგი  დაინტერესებული მხარის მხრიდან ნივთმტკიცების განადგურების საფრთხეს შეიცავდეს. ახალგაზრდა იურისტები და ორგანიზაცია “კანონი ხალხისთვის” ამ ცვლილებებს აპროტესტებენ, თუმცა,  „მთელ კვირის“ სტატიის თანახმად, კანონპროექტის ავტორები ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებენ.

დღევანდელი „ასავალ–დასავალი“  „ქართული პარტიის“ პოლიტიკური მდივნის, ეროსი კიწმარიშვილის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის აცხადებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნა 2011 წელს ვერ გადასცდება.  მისი თქმით,  ქართული პარტია ასევე მზად არის, 2 მაისს “სახალხო კრებას”  მიულოცოს წარმატება, როცა ისინი, მათი თქმით, დაამთავრებენ სააკაშვილის რეჟიმს და დასძენს, რომ სთავაზობს ნინო ბურჯანაძეს შეხვედრას.  კიწმარიშვილი  „ასავალ–დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პროცესი დაიწყება მაშინ, როცა ქართული პარტია 50 ათასკაციანი პოლიტიკური ჯარის მშენებლობას დაამთავრებს. რაც შეეხება სხვა პარტიებთან თანამშრომლობას, კიწმარიშვილის თქმით, სამოქალაქო თანხმობისთვის მისთვის საინტერესოა ორი ძალა: რვიანი და “სახალხო კრება”. ამ ორივე ძალასთან, მისი აზრით, ქართული პარტია აქტიურად ცდილობს სამოქალაქო–პოლიტიკური თანხმობის მიღწევას. სტატიის დასასრულს ეროსი კიწმარიშვილი დასძენს, რომ მას აქვეს პერსონალური დიდი ვალი ქართველი საზოგადოების წინაშე, რადგან მან მოიყვანა სააკაშვილი და მანვე უნდა მოაშოროს. „დიახ, ეს არის ჩემი ვალი და მე ეს ვალი უნდა დავუბრუნო ქართველ ხალხს“–აცხადებს კიწმარიშვილი „ასავალ–დასავალთან“ ინტერვიუში.

„კვირის ქრონიკა“ ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც იგი  გასულ კვირას ერევანში გამართული საქართველოსა და რუსეთის  შინაგან საქმეთა მინისტრების გაუხმაურებელ შეხვედრაზე საუბრობს და ვანო მერაბიშვილისან ითხოვს პასუხს იმის თაობაზე, რომ არის თუ არა აგენტობა ის, რასაც ისინი ერევანში  აკეთებდნენ.  ოკუპირებული სამაჩაბლოს მოსაზღვრე სოფელ ზედღულეთში საძოვრებთან დაკავშირებულ გახმაურებულ ინციდენტთან დაკავშირებით ლეიბორისტების ლიდერი აცხადებს, რომ იმ სოფლის მაცხოვრებლებმა ტრაქტორებს კი არ უნდა სდიონ საძოვრებზე, ტრასა უნდა გადაკეტონ. აი, მერე კი ჩავიდნოდნენ საშველად. სტატიის დასასრულს ნათელაშვილი მოუწოდებს ხალხს, თუ ქართველები არიან, მამულის დასაცავად ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე  ებრძოლონ ამ ჭირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი