ახალი ამბები

უცხოური პრესის დაიჯესტი საქართველოზე

19 აპრილი, 2011 • 1125
უცხოური პრესის დაიჯესტი საქართველოზე

უცხოური პრესა დიდ ადგილს უთმობს საქართველო–ისრაელს შორის ურთიერთობების გამწვავებას. რადიო „თავისუფლებისქართული ბიურო აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ისრაელმა საქართველოს ზურგი შეაქცია?“, სადაც ნათქვამია, რომ  ისრაელისა და საქართველოს ურთიერთობას ბოლო პერიოდში არაერთი ეჭვი და კითხვის ნიშანი დაუკავშირდა და ეს ფონი კიდევ უფრო გაამძაფრა ისრაელის ორი კომპანიის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა.  სტატიის თანახმად, თუკი „ელბიტ სისტემსი“ (Elbit Systems) საქართველოს სასამართლოში უჩივის, „გლობალ სი-ეს-ტი“ (Global CST), გავრცელებული ინფორმაციით, თანამშრომლობას აპირებს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ხელისუფლებასთან. სტატიაში მოყვანილია გასულ კვირას ისრაელის კომპანია „გლობალ სი–სი-ეს-ტის“  დელეგაციის სოხუმში ვიზიტის შედეგები.  ისრაელის ინტერნეტპორტალ ”იზრუსის” მიერ 13 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „გლობალ სი-ეს-ტის“ წარმომადგენლები თურქეთიდან ახლადდაბრუნებულ სერგეი ბაგაფშს ოთხშაბათს მოსკოვში შეხვდნენ და კომპანიის ხელმძღვანელმა, ისრაელის შეიარაღებული ძალების გადამდგარმა გენერალ-მაიორმა ისრაელ ზივმა აფხაზეთისთვის თავდაცვითი ხასიათის სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

 

გამოცემის თანახმად, საუბარია კომპანიაზე, რომელსაც ისრაელის არმიისა და უშიშროების ძალების ყოფილი მაღალჩინოსნები მართავენ და რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისთან თანამშრომლობდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომამდე.

 

სტატიის თანახმად, უკვე 14 აპრილს კი სამხედრო თანამშრომლობის შესაძლებლობა, „აფსნიპრესის“ ცნობით, დაადასტურა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ; თუმცა, როგორც თავად სოხუმის ხელისუფლების საპატიო სტუმარმა, ისრაელ ზივმა უთხრა ადგილობრივ ჟურნალისტებს, ვიზიტი წმინდა ეკონომიკურ ინტერესებზეა ორიენტირებული და მას არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. ამ ფაქტთან დაკავშირებით სტატიაში მოყვანილია ოფიციალური თბილისის პოზიციაც, რომელიც ამ დრომდე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს ამ საკითხზე, თუმცა ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში ეკატერინე ტყეშელაშვილმა  ზოგადად მაინც განმარტა, რომ საქართველოს კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სათანადოდ დაისჯება ყველა ის კომპანია, რომელიც თბილისის გვერდის ავლით მოინდომებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან თანამშრომლობას. სტატიაში მოყვანილია ისრაელის ელჩის საქართველოში, იცხაკ გერბერგის პოზიციაც ამ საკითხისადმი. იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი სახელმწიფოს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ისრაელი აფხაზეთისთვის იარაღის მიყიდვას არ აპირებს და დასძენს, ცალკეული კერძო კომპანიების მიერ გადადგმული ნაბიჯები ისრაელის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს არ წარმოადგენს. ქართველი ექსპერტები ისრაელ–საქართველოს შორის ურთიერთობების გამწვავებას გარკვეულწილად ებრაელი ბიზნესმენების საქართველოში დაკავების ფაქტსაც უკავშირებენ. ამერიკის ხმისრუსული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი გია ხუხაშვილი ამ კავშირს დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა იქვე დასძენს, რომ ებრაული კომპანიის ვიზიტი აფხაზეთში შესაძლოა კონკრეტულ ქმედებებს არ გულისხმობდეს და გამაფრთხილებელ სიგნალს წარმოადგენდეს საქართველოს ხელისუფლებისთვის.

 

საინფორმაციო პორტალ იზრუს.რუ – ზე 14 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში  საუბარია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა იმ დაბნეულობაზე, რაც გამოიწვია 14 აპრილს აფხაზეთში ებრაული კომპანიიის ვიზიტმა.

სტატიის თანახმად, ქართველი ჩინოვნიკების განცხადებების საფუძველზე გამოტანილია დასკვნა, რომ საქართველოს მხარეს არ ჰქონია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ებრაულ კომპანიასა და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები 2010 წლიდან დაიწყო და ეს იმ ფოზე, როდესაც ისრაელში საქართველოს საკმაოდ დიდი კონტაქტები  (100ათაასამდე თემი) აქვს და მით უფრო, როცა ქართულ სადაზვერვო სამსახურებზე ამხელა თანხები იხარჯება-ნათქვამია სტატიაში. საქართველოსთან  ებრაელი ხალხის, მათ შორის გავლენიან ჩინოვნიკებთან კონტაქტებზე საუბრისას ხაზგასმულია ასევე საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ფიგურის მნიშვნელობაც და ნათქვამია, რომ 9 თვის განმავლობაში, რაც ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა,  ვერც ამ კონტაქტებმა გაჭრეს ქართული მხარისთვის შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად.

ევრაზია რევიუ“ კი საქართველო–ისრაელის ურთიერთობებში არსებულ კრიზისზე მაიკლ ჩეჩირეს ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს.  ის ამ ურთიერთობებში არსებულ ინტრიგას სულ უფრო საინტერესოს უწოდებს და ამ მოვლენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ინტერესებს უკავშირებს. სტატიის ავტორს მიაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც ისრაელმა საქართველოსთან სამხედრო ურთიერთობები შეწყვიტა, თბილისმა პოლიტიკა მკვეთრად შეცვალა და  მალევე ირანთან დაახლოება დაიწყო, რაც ისრაელისთვის ეგზისტენციური საფრთხის შემცველია. ამის კულმინაცია გახდა საქართველო-ირანს შორის მთელი რიგი შეთანხმებების გაფორმება, როგორც ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი ეტაპის დასაწყისის ნიშანი.

სტატიის ავტორს შესაძლებლად მიაჩნია, რომ თეირან–თბილისს შორის თბილი ურთიერთობა ისრაელთან კავშირების ხარჯზე მომხდარიყო, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ  მაშინ, როდესაც ისრაელი „მაგატეს“ პაქტის ხელმომწერი არ არის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე  ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად აღნიშნავდა, რომ ირანი, რომელიც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პაქტის ხელმომწერია, უფლება აქვს ჰქონდეს სამოქალაქო ბირთვული პროგრამა და  რომ  „მაგატეს“ კონტროლი ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით სტატიის ავტორი რიტორიკულ კითხვას სვამს: ნიშნავს თუ არა ეს შენიღბულად ისრაელისთვის კბენას?

 

აქვე მაიკლ ჩეჩირე ყურადღებას ამახვილებს თბილისი–ანკარას ურთიეთობების გააქტიურებაზე და აღნიშნავს, რომ თურქეთი წარსულში ისრაელის ყველაზე სანდო პარტნიორი იყო, თუმცა დღეს ასე აღარ არის. ზემოთ აღწერილი სურათის შესაბამისად ჩეჩირე ასკვნის, რომ შესაძლოა თბილისი-ანკარას და უფრო ნაკლები ხარისხით თბილისი- თეირანის პოზიციების დაახლოება  გახდა იმის მიზეზი, რომ საქართველო-ისრაელის პარტნიორობამ პერიფერიაზე გადაინაცვლა.

სტატიის ავტორი  დასასრულს უდავო ფაქტს უწოდებს საქართველო– ისრაელს შორის არამეგობრულ ვითარებას და ასკვნის, რომ სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში თბილისს ძალიან ცოტა შანსი აქვს, რომ ვაშინგტონში ისრაელთან ამ დამოკიდებულებას მოუწონებენ, მაგრამ შესაძლებლად მიაჩნია, რომ ამის საპირისპიროდ საქართველოს ბევრ ახლო აღმოსავლელ მეზობელში შეიძლება თბილისისადმი კეთილგანწყობა გაიზარდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი