ახალი ამბები

სტუდენტთა აქცია ძალადობის წინააღმდეგ

18 აპრილი, 2011 • • 1214
სტუდენტთა აქცია ძალადობის წინააღმდეგ

სტუდენტები და მათი მხარდამჭერები დღეს, 15 საათზე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან  მართავენ აქციას “სტუდენტები ძალადობის წინააღმდეგ.”  ორგანიზატორები აქციის მხარდამჭერებს სოციალურ ქსელებისა და ბლოგების საშუალებით აგროვებენ.

ღონისძიების ორგანიზატორები ფეისბუქზე წერენ, რომ აქციის მიზეზი 15 აპრილს თსუ-ს მეხუთე კორპუსში განვითარებული მოვლენებია. მათი თქმით, პარასკევს თსუ-ს მეხუთე კორპუსში საინიციატივო ჯგუფმა „თარგმნე“ გამართა პრეზენტაცია, სადაც სტუდენტებმა უნივერსიტეტში სასწავლო ლიტერატურასთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრეს. კერძოდ, თსუ-ში სასწავლო ლიტერატურის დიდი ნაწილი ინგლისურ ენაზეა, ნაწილი კი უხარისხოდ არის ნათარგმნი. სტუდენტების თქმით, აღნიშნულ საკითხზე დისკუსიას მოჰყვა პრეტენზიები თსუ-ს თვითმმართველობის მიმართაც და ის სტუდენტთა ინტერესების უგულვებელყოფაში დაადანაშაულეს. შეხვედრის დამსწრე სტუდენტი, ბლოგერი ანი ჭანკოტაძე ბლოგზე წერს, რომ ამ პრეტენზიებს უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრების მხრიდან აგრესია და ორი სტუდენტის ცემა მოჰყვა.

„სტუდენტების წინააღმდეგ განხორციელებულმა ბოლოდროინდელმა ძალადობამ დაგვანახა, რომ აუცილებელია აქტიური მოქმედება და ახალგაზრდობის უფლებების დაცვა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს, რომელიც მიზნად ისახავდა ქართულენოვანი ლიტერატურის არარსებობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, რამდენიმე სტუდენტმა გამოთქვა უკმაყოფილება უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის მიმართ. ამის გამო მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და მათზე დღემდე ხორციელდება დევნა. საკუთარი მოსაზრების გამო დისკრიმინირებული სტუდენტები მოუწოდენ ახალგაზრდობას, რომ ერთად ებრძოლონ ძალადობას უნივერსიტეტში,“ – წერენ აქციის ორგანიზატორი სტუდენტები ფეისბუქზე გახსნილ სპეციალურ გვერდზე. მათ მიაჩნიათ, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, თამამად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და გმობს ადამიანის უფლებების ყოველგვარ შელახვას.

ფეისბუქის გევრდზე აქციაზე მისვლის შესახებ აღნიშვნა ამ დრომდე 800-ზე მეტმა ადამიანმა გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი