საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები ეშვება.
1921 წლის 17 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად საქართველოს ოკუპაცია დაიწყო. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა.
დღეს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა მემორიალს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გვირგვინით შეამკობენ.