ახალი ამბები

რუსეთის უმდიდრესი ქართველები

15 აპრილი, 2011 • 2411
რუსეთის უმდიდრესი ქართველები

რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენების 200 –კაციან სიაში ოთხი მათგანი ქართველია.

რუსულმა „Forbes“–მა რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენების რეიტინგი შეადგინა. ამჯერად მასში 200 მეწარმე შევიდა, განსხვავებით გასული წლისგან, როდესაც რეიტინგში 100 ბიზნესმენი იყო დასახელებული.

თუკი შარშან მხოლოდ 62 მილიარდერი იყო დასახელებული, წელს მათი რიცხვი 101–მდე გაიზარდა.

რუსეთის უმდიდრეს ადამიანად რჩება ნოვილიპეცკის  მეტალურგიული კომბინატის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ ლისინი. მისი ქონება გასულ წელთან შედარებით 8 მილიარდზე მეტით გაიზარდა და მთლიანობაში 24 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

რუსული „ფორბსის“ წლევანდელ სიაში 25–ე ადგილი უკავია 55 წლის ბორის (ბიძინა) ივანიშვილს, „უნიკორის“ მფლობელს, ბანკ „რუსეთის კრედიტის“ დამფუძნებელსა და ერთ–ერთი მთავარ აქციონერს.

რეიტინგში აღნიშნულია, რომ შარშანდელთან შედარებით ივანიშვილის ქონება თითქმის ერთი მილიარდი დოლარით გაიზარდა და ჯამში, 5.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. შემოსავლის წყაროდ მითითებულია ინვესტიციები.

„ფორბსის“ რეიტინგში ივანიშვილის პროფილი ასე გამოიყურება: დაიბადა საქართველოში, სოფელ ჭორვილაში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1980–ანი წლებში სწავლობდა მოსკოვში, ასპირანტურაში, სადაც გაიცნო მისი მომავალი პარტნიორი ვიტალი მალკინი, რომელთან ერთადაც დააფუძნა ბანკი „რუსეთის კრედიტი“.

2005 წელს ივანიშვილმა მიხაილოვსკის სამთო–გადამამუშავებელი კომბინატი ალიშერ უსმანოვს (რუსული „ფორბსის“ მონაცემებით მას მე–5 ადგილი უკავია 17.7 მილიარდიანი ქონებით) და ვასილი ანისიმოვს (30–ე ადგილი უკავია რუსული „ფორბსის“ რეიტინგში 3.6 მილიარდიანი ქონებით)1.65 მილიარდ დოლარად მიყიდა.

ივანიშვილი ფლობს სამხატვრო ხელოვნების მსხვილ კოლექციას. ყველაზე ძვირადღირებული მის კოლეაქციაში პაბლო პიკასოს ტილოა „დორა მაარი კატით“, რომელიც მან სოტბის აუქციონზე 95 მილიონ დოლარად იყიდა. მისი ერთ–ერთი უსაყვარლესი მხატვარია ვილლელმ დე კუნინგი.

აქვს როგორც რუსეთის, ისე საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეობა. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

რუსული „ფორბსის“ რეიტინგში 44–ე ადგილზეა 55 წლის ალექსანდრე ჯაფარიძე, კომპანია „ევრაზიის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რომლის ქონება შეადგენს 2.1 მილიარდ აშშ დოლარს.

„ფორბსის“ რეიტინგში ჯაფარიძის პროფილი ასე გამოიყურება: დაიბადა დაღესტანში. 1977 წელს  დაამთავრა მოსკოვის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გეოლოგიურ კვლევებს აწარმოებდა ცენტრალური გეოფიზიკის ექსპედიციის ფარგლებში.

1995 წელს დააფუძნა მომსახურების კომპანია „პეტროალიანსი“ (ნავთობსაბადოების დამუშავება), რომელიც გაყიდა 2004 წელს და შეიძინა „ლუკოილის“ საბურღი განყოფილება. 2007 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარსდგა IPO Eurasia Drilling Company.

ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი.

კიდევ ერთი ქართველი, რომელსაც რუსული „ფორბსის“ წლევანდელ რეიტინგში 111–ე ადგილი უკავია, 54 წლის დავით იაკობაშვილია. მისი ქონება 950 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

იაკობაშვილის პროფილი „ფორბსის“ მიხედვით ასე გამოიყურება: დაიბადა საქართველოში, თბილისში, არ გააჩნია უმაღლესი განათლება. არის კომპანია „ვიმ–ბილ–დან“–ის (რძის პროდუქტებისა და სხვადასხვა სახის წვენების მწარმოებელი კომპანია) დირექტორთა საბჭოს წევრი.

დაქორწიენბულია მისივე კომპანიონისა და ბიზნეს–პარტნიორის გავრილ იუშვაევის (რომელსაც რუსული „ფორბსის“ რეიტინგში 83–ე ადგილი უკავია) ძმისწულზე.

1993 წელს იუშვაევთან ერთად ჩადო ფული პროექტში, რომელიც შეეხებოდა ლიანოზოვის რძის კომბინატის ბაზაზე წვენების ჩამოსხმის ბიზნესს. ასე დაიწყო „ვიმ–ბილ–დანის“ შექმნა, რომლის აქციონერებიც გახდნენ შემდეგში იაკობაშვილი და იუშვაევი.

2011 წელს „ვიმ–ბილ–დანის“ აქციების 66% შეისყიდა კომპანიამ PepsiCo 3.8 მილიარდ დოლარად.

იაკობაშვილი ამჟამად მოსკოვის ცენტრში აშენებს მექანიკური მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმს, სადაც საკუთარი კოლექციიდან აპირებს სხვადასხვა სახის მუსიკალური ინსტრუმენტების გამოფენას.

ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი. აქვს შვედეთის მოქალაქეობა.

რუსული „ფორბსის“ რეიტინგში 133–ე ადგილზეა 50 წლის მიხეილ მირილაშილი, რუსეთის ევროპული კონგრესის პრეზიდიუმის წევრი. მისი ქონება შედგება 750 მილიონი დოლარისგან.

მირილაშვილის პროფილი „ფორბსის“ მიხედვით ასე გამოიყურება: დაიბადა საქართველოში, სოფელ კულაშში. დაამთავრა ლენინგრადის სამედიცინო პედიატრიული ინსტიტუტი.

2001 წელს დაკავებული იქნა გატაცებისა და ორი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით. უფრო ადრე კი გაიტაცეს და მოგვიანებით მოულოდნელად გაათავისუფლეს მამამისი – მიხეილ მირილაშვილი უფროსი.

2003 წელს ლენინგრადის სამხედრო ოლქის სასამართლომ მას მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, მოგვიანებით კი სასჯელის ზომა 8 წლამდე პატიმრობით შეუმცირეს.

2009 წელს გათავისუფლდა პატიმრობიდან.

მის მიერ კონტროლირებადი ჯგუფი „კონტი“ ფლობდა კაზინოებს სანკტ პეტერბურგში, რომლებიც ახლა გადაკეთებულია გასართობ ცენტრებად.

მისი ერთ–ერთ შვილი, ვიაჩესლავი – არის „Вконтакте“–ს ერთ–ერთი დამფუძნებელი, ხოლო ძმა – კონსტანტინე, რუსეთში ფრინველის ხორცის ერთ–ერთი უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია „ევროსერვისის“ ძირითადი მფლობელი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი