ახალი ამბები

ევროკომისია საქართველოზე უვიზო რეჟიმის რეკომენდაციას სავარაუდოდ მომდევნო კვირაში წარმოადგენს

24 თებერვალი, 2016 • 1423
ევროკომისია საქართველოზე უვიზო რეჟიმის რეკომენდაციას სავარაუდოდ მომდევნო კვირაში წარმოადგენს

არაოფიციალური ინფორმაციით, ევროკომისია საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების რეკომენდაციით მომდევნო კვირაში წარსდგება. ამ ინფორმაციას რამდენიმე წყარო ავრცელებს: დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი, ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს წარმომადგენლი ვანო ჩხიკვაძე და რადიო თავისუფალი ევროპის ბრიუსელის კორესპოდენტი რიკარდ იოზვიაკი.

“ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ეს ინფორმაცია [მოდის] ამ საქმეში ჩართული ადამიანებისაგან,  აპარატის მუშაკები… ოფიციალური ინფორმაცია იქნება მას შემდეგ, როგორც კი წარდგენა მოხდება, მაგრამ სრულიად ნათელია, რომ საქმე დაიძრა”, – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი ლევან ბერძენიშვილი.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ევროკომისია ევროპის პარლამენტსა და მინისტრთა საბჭოს რეკომენდაციით მიმართავს შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის მოხსნის თაობაზე, პროცესები ავტომატურ რეჟმში წავა:

“ჩვენ დიდი ხანია ამას ველოდებით. ამ მიმართვის შემდეგ უკვე ბევრი რამ ავტომატურ რეჟიმში მიდის. აუცილებლად მოხდება [საკითხის] საკომიტეტო განხილვა, პლენარულ სხდომაზე განხილვა და კენჭისყრა. შემდეგ ევროპარლამენტის თავმჯდომარე და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ხელმძღვანელი ხელს აწერენ ერთობლივ განცხადებას, რომ საქართველო ამოიღონ სავიზო რეგულაციებიდან. ამის შემდეგ გადაწყვეტილება ქვეყნდება და გამოქვეყნებიდან ერთ თვეში საქართველოს პირველი მოქალაქე დაიძრება [ევროპისკენ]. ავტომატურ რეჟიმზე გადასვლა არ ნიშნავს ყველა დარჩენილ ეტაპზე წარმატებას, მაგრამ წარმატება მოსალოდნელია”, – ამბობს ბერძენიშვილი.

მისი თქმით, პროცესების ამ ფორმატში განვითარების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას მიმდინარე წლის პირველ ნახევარშივე შეძლებენ.

ჯერჯერობით უცნობია, გამოვა თუ არა მომდევნო კვირაში ევროკომისია მსგავსი ინიციატივით უკრაინასთან დაკავშირებითაც. ბრიუსელში მომუშავე რადიო თავისუფლების ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი იუწყება, რომ დიდი ალბათობით უკრაინას დალოდება კიდევ მოუწევს.

სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესის ტექნიკური ნაწილი საქართველომ და უკრაინამ გასული წლის დეკემბერში დახურეს. ეს მხოლოდ პროცესის ერთ-ერთი ეტაპი იყო. ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს წარმომადგენლის, ვანო ჩხიკვაძის განმარტებით, უვიზო მიმოსვლამდე რჩება შემდეგი ეტაპები:

პირველი ეტაპი: ევროკომისია იწყებს მინისტრთა საბჭოს რეგულაციაში # 539/2001 (რომელიც პირობითად ორ ნაწილად ჰყოფს არაევროკავშირის ქვეყნებს. პირველ ჯგუფში შედიან ის ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებსაც ესაჭიროებათ ვიზა შენგენის ზონაში შესასვლელად, მეორეში კი ისინი, ვისთვისაც მსგავსი მოთხოვნა არ არის. საქართველო ამ ეტაპზე პირველ ჯგუფში შედის) შესატანი ცვლილების მომზადების შიდა პროცედურას და საკითხს ათანხმებს შენგენის ზონის მონაწილე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.

მეორე ეტაპი: ცვლილებები ითარგმნება ევროკავშირის 24 ოფიციალურ ენაზე;

მესამე ეტაპი: 28 ევროკომისარი განიხილავს ცვლილებებს და მხარს უჭერს მას.

მეოთხე ეტაპი: ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს მინისტრთა საბჭოსა და ევროპის პარლამენტს, კენჭი უყაროს საბჭოს რეგულაციაში # 539/2001 ცვლილების შეტანის საკითხს და საქართველოს.

მეხუთე ეტაპი: ევროპარლამენტი კენჭს უყრის ცვლილებას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით (საჭიროა სულ მცირე 376 მომხრე პარლამენტის 751 წევრიდან) და შემდგომ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს უგზავნის კენჭისყრისთვის.

მეექვსე ეტაპი: მინისტრთა საბჭო, რომელშიც შედიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები (მხოლოდ შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების), კენჭს უყრიან ევროკომისიის წინადადებას. ოფიციალურად გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 228 ხმა 309 ხმიდან (არაოფიციალურად, საჭიროა კონსენსუსი). ხმების მიხედვით საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას მხარი უნდა დაუჭირონ მინიმუმ ამ ქვეყნებმა (მინისტრთა საბჭოში ხმების რაოდენობას განსაზღვრავს ქვეყნის მოსახლეობა. რაც უფრო ბევრია მოსახლეობა, მით მეტი ხმა აქვს ქვეყანას):
საფრანგეთი – 29 ხმა; გერმანია – 29 ხმა; იტალია – 29 ხმა; ესპანეთი – 27 ხმა; პოლონეთი – 27 ხმა; ჰოლანდია – 13 ხმა; ბელგია – 12 ხმა; ჩეხეთი – 12 ხმა; საბერძნეთი – 12 ხმა; უნგრეთი – 12 ხმა; პორტუგალია – 12 ხმა; ავსტრია და შვედეთი – 10 ხმა.

მეშვიდე ეტაპი: გადაწყვეტილება იბეჭდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

მერვე ეტაპი: გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შედის ძალაში, თუ სხვაგვარად არ გადაწყვეტს მინისტრთა საბჭო და არ გააკეთებს შესაბამის ჩანაწერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი