ახალი ამბები

ადგილები, სადაც თბილისის მერია 2016 წელს ხეების დარგვას გეგმავს

24 თებერვალი, 2016 • 1186
ადგილები, სადაც თბილისის მერია 2016 წელს ხეების დარგვას გეგმავს

დავით ნარმანიამ დღეს თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე დაასახელა ის აგილები, სადაც 2016 წელს ხეები უნდა დაირგას:

“ჩვენ უკევ შერჩეული გვაქვს ტერიტორიები, სადაც განხორციელდება ხე–მცენარეების საგაზაფხულო დარგვები, ეს იქნება ოქროყანის მიმდებარედ არსებული ტერიტორია, სადაც მოიჭრა გამხმარი და დაავადებული ხეები. მეორე მხრივ, ეს იქნება მახათას მთის ტერიტორია, სადაც მასიურად დაირგვება ხეები, ხოლო ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ცალკეულ ნაწილებში, სადაც არის თავისუფალი სივრცეები, შესაბამისად დაირგვება ტანმაღალი ხეები,”– განაცხადა ნარმანიამ.

ნარმანიას თქმით, დაირგვება როგორც წიწვოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები.

თბილისის მერიის განცხადებით, ნარმანიამ დავალება მისცა მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს, უახლოეს დღეებში მოამზადოს და წარუდგინოს საზოგადოებას საგაზაფხულო რგვების ფარგლებში დაგეგმილი გამწვანებითი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

2015 წლის დეკემბერში დავით ნარმანიამ ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მერიამ დაახლოებით ნახევარი მილიონი ხე უკვე დარგო. კერძოდ, საუბარია ერთი წლის განმავლობაში დარგულ 480 000 ხეზე. დავით ნარმანიას წინასაარჩევნო ერთ–ერთი დაპირება თბილისში ერთი მილიონი ხის დარგვა იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი