ახალი ამბები

მედვედევის ქონებრივი დეკლარაცია

11 აპრილი, 2011 • 1136
მედვედევის ქონებრივი დეკლარაცია

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა როგორც საკუთარი, ისე მისი მეუღლისა და შვილის ქონებისა და შემოსავლების ამსახველი დეკლარაცია წარადგინა.

„დიმიტრი მედვედევმა საგადასახო ორგანოებს წარუდგინა საკუთარი შემოსავლების, ქონების, საბანკო ანგარიშების, საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდებისა და საკუთრებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია, ასევე, მონაცემები მისი ოჯახის წევრების – მეუღლის სვეტლანა ვლადიმეროვნასა და შვილის ილიას – შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ 2010 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში“ – ნათქვამია კრემლის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

მედვედევის შემოსავალმა 2010 წელს შეადგინა 3 378 673. 63 რუბლი (დაახლოებით 120 000 აშშ დოლარი). მეუღლესთან ერთად პრეზიდენტი ფლობს ბინას რუსეთის ფედერაციაში, რომლის ფართი შეადგენს 367.8 კვადრატულ მეტრს.

მედვედევს აქვს რუსეთის ბანკებში 14 ანგარიში, რომლებზეც მთლიანობაში ირიცხება 4 961 528.98 რუბლი (დაახლოებით 175 000 აშშ დოლარი).

მას იჯარით აქვს აღებული 4700 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

მედვედევის საკუთრებაშია 1948 წელს გამოშვებული ავტომანქანა „პობედა“.

სვეტლანა მედვედევას აქვს სამი საბანკო ანგარიში, რომლებზეც ერთი კაპიკიც არ ირიცხება. მის საკუთრებაშია 1999 წელს გამოშვებული Volkswagen Golf–ის მარკის ავტომანქანა.

არასრულწლოვან ილია მედვედევს არც რაიმე შემოსავალი აქვს, არც საკუთრება და არც არანაირი დანაზოგი ბანკში.

მასალების გადაბეჭდვის წესი