ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველო და სომხეთი უკვე მეორედ გამოცხადდა ქვეყნებად, სადაც ისრაელის მოქალაქეებს „კონკრეტული საფრთხე“ ემუქრებათ. ასეთი განცხადება გაავრცელა 7 აპრილს ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს დაქვემდებარებაში მყოფმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბმა.
ამ განცხადების თანახმად, პასექის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ისრაელის მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, თავი შეიკავონ საქართველოსა და სომხეთში ვიზიტებისაგან. ამ ქვეყნებში არსებობს საშიშროება, რომ შესაძლოა ისინი გატაცებულნი იქნენ ჰესბოლასა და ჰამასის ტერორისტების მიერ. როგორც შტაბის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა ნათქვამი, საბჭოთა კავშირის ამ ორ ყოფილ ქვეყანაში არსებობს „კონკრეტული საფრთხე“, რომელიც განპირობებულია მათი მჭიდრო კავშირით ირანთან.
ამასთანავე, საშიში ქვეყნების სიაში რჩება კიდევ ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა – აზერბაიჯანი და ტაჯიკეთი. ამ დროისთვის სიიდან ამოღებულია თურქმენეთი.
საქართველო და სომხეთი ჯერ კიდევ 11 თებერვალს გამოცხადდნენ ქვეყნებად, რომლებიც საშიშია ისრაელის მოქალაქეებისთვის. მაშინ ეს დაკავშირებული იყო ჰესბოლას ერთ–ერთი ლიდერის ლიკვიდაციის სამი წლისთავთან, რის გამოც მისი მომხრეები გეგმავდნენ „საპასუხო აქციების“ განხორციელებას.
24 თებერვალს საქართველო ამოიღეს ამ სიიდან, ახლა კი განმეორებით შეიყვანეს.
ისრაელის ყველა მოქალაქეს, რომლებიც იმყოფებიან იმ ქვეყნებში, სადაც მათ სიცოცხლეს საფრთხე ექმნება, ეძლევათ რეკომენდაცია– არ შეგროვდნენ დიდ ჯგუფებად, შეეცადონ შეამოკლონ მათი ყოფნის ვადა აღნიშნულ ქვეყნებში, ან დატოვონ ეს ქვეყნები თვითმფრინავით.
ეს განცხადებები უარყოფითად აისახება მასშტაბურ და ძვირადღირებულ სარეკლამო და პიარ–კამპანიაზე, რომელიც ჩატარდა საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების რეკლამირებისთვის. ისრაელის ჟურნალისტები იმყოფებოდნენ თბილისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში, რის შემდეგაც სარეკლამო ხასიათის სტატიები დაიბეჭდა რამდენიმე მსხვილ ინტერნეტ–გვერდზე, ასევე, დაიგზავნა შესაბამისი შეტყობინებები მობილური კავშირგაბმულობის პროვაიდერის Cellcom–ის ქსელით.
„ტერორიზმთან ბრძოლის შტაბის მეორე გაფრთხილება ასეთ მოკლე დროში არ შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს როგორც ისრაელელი ტურისტების, ისე მსხვილი ტუროპერატორების მხრიდან“ – ნათქვამია სტატიაში, რომელსაც IZRUS-ი ავრცელებს.