ახალი ამბებისამართალი

მამუკა ახვლედიანი ოჯახისა და ახლობლების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს

23 თებერვალი, 2016 • 1511
მამუკა ახვლედიანი ოჯახისა და ახლობლების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დევნა და შევიწროება მიმდინარეობს.

მამუკა ახვლედიანი გუშინ, 22 თებერვალს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციიდან გადააყენა. მამუკა ახვლედიანი ამას განსხვავებული აზრის დევნად აფასებს.

იგი პარლამენტს, პრეზიდენტს, მთავრობას, დიპლომატიურ კორპუსს და სამოქალაქო საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს, სადაც ითხოვს ოჯახისა და ახლობლების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რადგანაც განვითარებულმა მოვლენებმა “უკვე უკონტროლო ხასიათი მიიღო”.

ახვლედიანი არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვს, რომ მოხერხდეს შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან, რათა მათაც გააცნოს არსებული ვითარება.

მან კვლავ გაიმეორა დეკემბერში გაკეთებული განცხადება, რომ უნდა წავიდეს როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა, ასევე, ნინო გვენეტაძეც.

“ეს ერთი თანამდებობა შევწირე და კიდევ მეტს შევწირავ. გაჩვენებთ, რას აკეთებენ და როგორ აკეთებენ,”- აცხადებს ის.
მამუკა ახვლედიანი ამ გათავისუფლებას აფასებს არა მხოლოდ მის წინააღმდეგ, არამედ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად.

მასალების გადაბეჭდვის წესი