ახალი ამბები

უსაფრთხო რადიაცია პორტში

5 აპრილი, 2011 • 1561
უსაფრთხო რადიაცია პორტში

ბათუმის პორტი
ბათუმის პორტი

ბათუმის პორტში რადიოაქტიული ნივთიერების აღმოჩენის შედეგად შექმნილი მდგომარეობის შესახებ პრესისთვის საგანგებო განცხადება გააკეთა პორტის უფროსმა ვიაჩესლავ ხარტიანმა.

„პორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, თქვენ შეგიძლიათ გაიხედოთ ფანჯრიდან და დარწმუნდეთ, რომ არავითარი პრობლემა არ არის, გემები იტვირთება ჩვეულებრივად“ – განაცხადა მან.

ხარტიანის თქმით, ყველა ტვირთი, რაც გადის და შედის პორტის ტერიტორიაზე, კონტროლდება სპეციალური მოწყობილობით.

„ჩვენთან დამონტაჟებულია მაღალი დონის, ამერიკული წარმოების ადრეული რადიოლოგიური ამოცნობის სისტემა. ეს მოწყობილობა რადიაციის დონეს ვერ ადგენს, მაგრამ გატყობინებს, თუკი რაიმე ინციდენტს ექნება ადგილი და მაშინვე ხდება ამ ტვირთის იზოლირება,  შემდეგ კი შესაბამისი სამსახურები ჩაერთვებიან პროცესში“, – აცხადებს ბათუმის პორტის უფროსი.

ხარტიანის თქმით, ასე მოხდა მოცემულ შემთხვევაშიც: „პორტის ტერიტორიაზე დაფიქსირდა ჯართით დატვირთული ავტომანქანა, რომელიც გაჩერებული იქნა შესასვლელშივე. ამის შემდეგ საქმის კურსში ჩააყენეს შესაბამისი სამსახურების სპეციალისტები, ისინი მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და მოახდინეს მანქანის იზოლირება უსაფრთხო ადგილზე. გამოიძახეს სპეციალისტები თბილისიდან, რომლებიც ამ დრომდე მუშაობენ ადგილზე. როდის დადებენ ისინი დასკვნას, ამაზე, სამწუხაროდ, პასუხის გაცემა არ შემიძლია“.

ხარტიანის თქმით, ამჟამად ავტომანქანა იზოლირებულ ადგილზეა გადაყვანილი:

„ჩემი ფუნქცია იყო მხოლოდ ფაქტის დაფიქსირება და  მე ეს გავაკეთე. ახლა იქ სპეციალური სამსახური მუშაობს და როგორც მე მითხრეს, იმ ადგილიდან 50 მეტრში, სადაც მანქანა დგას, რადიაციული ფონი ნორმაშია“ – აცხადებს ბათუმის პორტის უფროსი.

შემთხვევის ადგილზე სიტუაციას სწავლობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.

ბირთვული და რადიაციული უსაფრტხოების  სამსახურის ხელმძღვანელის ზაალ ლომთაძის თქმით, ამ დროისთვის დაზუსტებულია გამოსხივების სიმძლავრე – 80 მიკრო ზივერტი საათში, რომელიც არ არის „განსაკუთრებულად ძლიერი“.

დღესვე სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბათუმის პორტის ტერიტორიაზე რადიაციის წყარო ცეზიუმ – 137 იყო. ზაალ ლომთაძე ამბობს, რომ ამ დრომდე არ არის იდენტიფიცირებული, თუ რა ტიპის რადიოაქტიული ნივთიერება გახდა წყარო, სავარაუდოდ, ეს შეიძლება იყოს როგორც ცეზიუმ – 137, ასევე – კობალტ–57, თუმცა, მისივე თქმით, ორივე შემთხვევაში გამოსხივების ტიპი ერთანირია.

„ეს არის ჯართით სავსე სატვირთო მანქანა, რომელშიც ეს ყველაფერი არეულია და ერთად ყრია და, რა თქმა უნდა, ყველაფერი ცალ–ცალკე უნდა ჩამოიღონ და შეამოწმონ  ჩამოტვირთვისას – რომელიმე ხომ არ არის რადიოაქტიული. თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე რადიოაქტიულია, ის უნდა დაიტოვონ. ის იქნება წყარო. მოკლედ, რომელზეც ამდენი ხანია ვლაპარაკობთ. როცა დაიცლება მანქანა და ვნახავთ, რა დეტალია, მაშინ ზუსტად გავიგებთ ყველაფერს,“ – აცხადებს ზაალ ლომთაძე.

მისივე თქმით, საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად სპეციალისტებს რამდენიმე საათი დაჭირდებათ, რადგან მანქანის დაცლა ნელი ტემპით უნდა მოხდეს.

ზაალ ლომთაძე ამბობს, რომ პორტის თანამშრომლებისთვის არანაირი საფრთხე არ არსებობს. მისივე ინფორმაციით, ჯართში რადიოაქტიული ნივთიერების აღმოჩენის კუთხით შემთხვევები გასულ წლებშიც არის დაფიქსირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი