ახალი ამბები

დაკავება აქციის დროს

4 აპრილი, 2011 • 1082
დაკავება აქციის დროს

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან ადვოკატები და იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან შეკრებილნი, რომელთა წევრებიც დღეს გამართული აქციის დროს დააკავეს.

საპროტესტო აქციის – „მეც პატიმარი ვარ“ – მონაწილეები სამართალდამცავებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ უზენაესი სასამართლოს შენობას კვერცხები დაუშინეს.

აქცია სახელწოდებით „მეც პატიმარი ვარ“, „საერთო–სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ინიციატივით, ბოლო ორი კვირის მანძილზე სხვადასხვა ადგილზე პერმანენტულად იმართება. აქციის დეკლარირებული მიზანი პატიმართა უფლებების შელახვის ფაქტების გაპროტესტებაა.

პირველი ხმაურიანი აქცია 25 მარტს შედგა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან, სადაც სამართალდამცავებმა აქციის შვიდი მონაწილე დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ნანა დარასელიამ მერაბ ჭიქაშვილს და გიორგი ხარაბაძეს 20 –დღიანი, ხოლო აკაკი ჩიქოვანს 10– დღიანი პატიმრობა შეუფარდა. დანარჩენ ოთხ პირს: გიორგი ბურჯანაძეს, ოთარ ბექაურს, ვლადიმერ სადღობელაშვილს და ბესიკ ტაბატაძეს 400– ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.

დღეს „წინააღმდეგობის მოძრაობამ“ საპროტესტო აქცია რუსთაველის ძეგლთან გამართა. აქცია დღის 4 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს საქართველოში პატიმართა უფლებების დარღვევის ფაქტები და 25 მარტის აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვეს.

საპროტესტო აქციამ მოგვიანებით უზენაესი სასამართლოს შენობასთან გადაინაცვლა.

უზენაესი სასამართლო პრეს სამსახურის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები სასამართლოსთან სამუშაო საათების დასრულების დროს, საღამოს 6 საათისთვის, გამოჩნდნენ, რა დროსაც მათ სასამართლოს შენობას კვერცხები დაუშინეს. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სასამართლოს შენობასთან პოლიციელები იმყოფებოდნენ, რომლებთანაც შეხლა–შემოხლა მოუხდათ აქციის მონაწილეებს.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წარმომადგენლები საგანგებო განცხადებაში:  „აქციის ”მეც პატიმარი ვარ” მონაწილეებმა სასამართლოს შესასვლელი კარი სიმბოლური სამგლოვიარო გვირგვინით შეამკეს და მომავალი შეხვედრა 2011 წლის 16 აპრილს, 15 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში დანიშნეს, სადაც წამებით მოკლული ასობით პატიმრისათვის პანაშვიდი აღსრულდება. საგულისხმოა ფაქტი, რომ აქციის დასრულების შემდეგ ტელეკომპანია ”რეგიონ-ტვ”-სთან მობილიზიებულმა საპატრულო პოლიციამ მშვიდობიან მანიფესტანტებს ალყა შემოარტყა და მიზანმიმართულად დაიწყო აქციის მონაწილეების დაპატიმრება.“

„წინააღმდეგობის მოძრაობის“ წარმომადგენლების თქმით, დღევანდელი აქციის შედეგად სამართალდამცავებმა აქციის 10–მდე მონაწილე დააკავეს, მათ შორის: „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი შოთა გლურჯიძე, ასევე, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი ადა მარშანია, „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ წევრები გენადი კეკელია და ირაკლი ციკოლია, დევნილი – მადონა გოგუა, აქციის მონაწილეები: გოჩა ჩხაიძე, ქეთინო გოგინაშვილი, ფრიდონ ხარებავა და თენგიზ ღლონტი.

დაკავებულთა ადგილსამყოფელი ადვოკატებისთვის ამ დრომდე უცნობია. ერთ–ერთი ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის თქმით, დაკავებულთა საქმეს დღეს საღამოს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. მისივე თქმით, ამ დროისთვის სასამართლოსთან 70–მდე ადამიანია შეკრებილი.

 

ამავე თემაზე:

აქცია საფრანგეთის საელჩოსთან გაიმართება

აქცია 25 მარტს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით {video}

ეკა ბესელია: ”პოლიცია უკონტროლოდ იყენებს ძალას”

აქციაზე დაკავებულებს განაჩენი გამოუტანეს

აქცია პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა

„მეც პატიმარი ვარ“

მასალების გადაბეჭდვის წესი