სამდღიანი ქარის შედეგად, დასავლეთ საქართველოში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის და დაწესებულების სახურავი დაზიანდა.რეგიონში დაზიანებული იყო ელექტროსისტემაც, რის გამო რამდენიმე ათას აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ქარის სიჩქარე წამში 30 მეტრს აღწევდა. დღეს ქუთაისში ქარის სიჩქარე წამში 28 მეტრია, ფოთსა და გურიაში კი ქარი ჩადგა.
„ ქარმა 2 შენობას გადახადა სახურავი, თუმცა მთლიანად არა. ჯერჯერობით არ არის სერიოზული სახის დაზიანება და, სავარაუდოდ, არც იქნება, რადგან ქარის სიძლიერე ნელ-ნელა იკლებს. ასევე არ არის ზარალი რაიონებშიც. თუმცა ვერაფერს ვიტყვით სოფლებზე, საიდანაც ინფორმაცია ჯერ არ მოგვიღია.”- ამბობს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი ზეინაბ ხაჩიძე.
80-მდე შენობაა დაზიანებული ქალაქ ფოთში. ამ დროისთვის ქალაქში ქარი ჩამდგარია. თუმცა სამდღიანმა ძლიერმა ქარმა მაღალსართულიანი შენობები დააზარალა.
„ფოთის ინსტიტუტი, სახელოვნებო სკოლა და მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლები დაზიანდნენ. გარდა ამისა, დაზიანებულია 50-მდე კერძო სახლი. ფოთის მერიამ უკვე დაიწყო აღდგენითი სამუშაოები,”–ამბობს ია ტუღუში, ფოთის მერიის ადმინისტრაციის უფროსი.
მესამე დღეა ძლიერი ქარია ოზურგეთშიც, თუმცა, როგორც ოზურგეთის გამგეობაში ამბობენ, ქარს უმნიშვნელო ზარალი მოყვა.
დაბა ლაითურის მრავალბინიან საცხოვრებელს სახურავი დაუზიანდა. ასევე ერთი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა სოფელ ბოხვაურში.