არსებული სატელევიზიო გადაცემებიდან საქართველოში მაყურებელი უპირატესობას გასართობი ტიპის გადაცემებს ანიჭებს. რაც შეეხება, საინფორმაციო გადაცემებს, მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით ეთერი გაჯერებულია და საინფორმაციო გადაცემების დამატებითი მოთხოვნა აღარ აქვს, –ასეთია სამაუწყებლო პრიორიტეტების დასადგენად საზოგადოებრივი აზრის იმ კვლევის შედეგი, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) 2008 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის ივნისამდე მიმდინარეობდა.
კვლევის დროს გამოკითხულ (სულ 9500 ინტერვიუ) მოქალაქეებს ყველაზე მაღალი მოთხოვნა მხატვრულ ფილმებზე, საბავშვო, საგანმანათლებლო, მუსიკალურ, იუმორისტულ და სპორტულ გადაცემებზე აქვთ.
რაც შეეხება რადიოგადაცემებს, კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტები უპირატესობას მუსიკალურ გადაცემებს ანიჭებენ.
„მუსიკალურ გადაცემათა შორის, გამოკითხულთათვის მნიშვნელოვანია ქალაქური, პოპ და კლასიკური მუსიკა. უპირატესობა ენიჭება თანამედროვე უცხოურ ესტრადასაც. მუსიკალური ჟანრებიდან მსმენელი საკმაოდ მაღალი აქტივობით ირჩევს ქართულ ფოლკლორსაც, განსაკუთრებით კი მათ „გარემიქსებულ“ თანამედროვე ვერსიებს“–აღნიშნულია კვლევის შედეგებში.