ახალი ამბები

უცხოური პრესის დაიჯესტი

4 აპრილი, 2011 • 1110
უცხოური პრესის დაიჯესტი

ამერიკული “ვაშინგტონ პოსტი” აქვეყნებს სტატიას სათაურით: “თუკი საქართველოს შეუძლია რუსეთთან მოლაპარაკება, რატომ არ შეუძლია აშშ’. სტატიის ავტორი ჯენიფერ რუბინი ამერიკა-რუსეთს შორის გადატვირთვის პროცესზე და საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე საუბრობს. მას არ უკვირს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებისას  რუსეთის არაკონსტრუქციულობა, რადგან შეერთებული შტატები არ ითხოვს მოსკოვისგან საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას და იმავდროულად არ ჩქარობს საქართველოს თავდაცვითი შეიარაღებით უზრუნველყოფას. აქვე სტატიის ავტორი ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამერიკის ადმინისტრაციისადმი გაცხადებულ მიმართვას, სადაც ის აშშ–სგან თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებას ითხოვს და დასძენს, რომ “ჩვენ არ ვთავაზობთ შეიარაღებას საქართველოს, რომელმაც თავისი სამხედრო ნაწილები ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში განათავსა. სამაგიეროდ უფასო ბილეთს ვაძლევთ რუსეთს, რომელსაც ოკუპირებული ჰყავს მისი მეზობელი, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევით.”

დასასრულს სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ START-თან დაკავშირებული შემთხვევისა არ იყოს, ადმინისტრაციას იმდენად სურს „წარმატების“ წარმოჩენა (რუსეთის მსო-ში გაწევრიანება), რომ “ჩვენ ვეღარ ვაცნობიერებთ იმას, რომ ეს რუსეთის წარმატებაა და არა შეერთებული შტატების”. აქვე ის დასძენს, რომ ეს ფაქტი მნიშვნელოვანი გზავნილია არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ირანის, ჩინეთისა და ახლო აღმოსავლეთისთვის. “უხეშად რომ ვთქვათ, შეერთებული შტატები საკუთარ მეგობრებს კარგად არ ეპყრობა”- ასკვნის “ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებული სტატიის ავტორი.

თავდაცვითი შეიარაღების მოწოდების თემას ეხება ევრაზიანეტის სტატიაც: “სააკაშვილი: მხოლოდ აშშ-ს შეუძლია ჩვენი უზრუნველყოფა იმ შეიარაღებით, რომელიც გვჭირდება”, სადაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ “ფორინ პოლისისთვის” მიცემული ინტერვიუს ციტირებაა მოყვანილი. საუბარია საზენიტო და რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებებზე. სტატიის ავტორი ჯოშუა კუცერა ამ ტიპის შეიარაღების შესაძლო მიმწოდებლად 19 ქვეყანას ასახელებს, მათ შორისაა: ბრაზილია, ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ-აფრიკა და თურქეთი, სადაც ეს შეიარაღება, სავარაუდოდ, ამერიკულ ექვივალენტზე გაცილებით იაფი ღირს და რომლებსაც არ ექნებათ აშკარა გეოპოლიტიკური პრობლემები. თუმცა კუცერა სააკშვილის წინადადებას ისე ხსნის, რომ საქართველო არა მხოლოდ შეძენის უფლებას, არამედ ამ შეიარაღების მიწოდებასაც ითხოვს, რადგან მძიმე ამერიკული შეიარაღება ძვირია, საქართველო კი –ღარიბი ქვეყანა და იქვე დასძენს, რომ აშშ გაცილებით დიდ სამხედრო დახმარებას უწევს ბევრად უფრო საეჭვო მოკავშირეებს, ვიდრე – საქართველოა.

31 მარტის “კომერსანტი” რუსულ-აფხაზური საზღვრის სადელიმიტარიზაციო და სადემარკაციო კომისიის სხდომის დეტალებზე საუბრობს. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ვიცე სპიკერის ირინა აგრბას თქმით, მისი ქვეყანა წინააღმდეგია რუსეთის მიერ შემოთავაზებული საზღვრის განსაზღვრისა. მისი თქმით, სოხუმს არ აწყობს, რომ რუსულ პროექტში სოფელი აიბღა რუსეთის ტერიტორიაშია ნაგულისხმები და ამგვარ საკითხებს აფხაზი ხალხი ძალიან მტკივნეულად განიცდის. დე ფაქტო პარლამენტის ვიცე სპიკერმა ეს ფაქტი რუსულ-აფხაზური ურთიერთობების გამოცდად შეაფასა. აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერი სერგეი შამბაც იმავე აზრზეა და მტკიცედ იცავს აფხაზურ პოზიციებს, თუმცა გამოცემასთან ინტერვიუში დასძენს, რომ ამ პრობლემის მოგვარება მოლაპარაკების გზითაა შესაძლებელი და ნეგატიური შედეგების გარეშე უნდა დასრულდეს.  თავისთავად საინტერესოა ის ფაქტი, რომ რუსეთის საგარეო უწყებაში ამ უთანხმოებას სერიოზულ პრობლემად არ მიიჩნევენ და აფხაზურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, რუსეთი აფხაზეთს 160კვ კილომეტრს ედავება, კატეგორიულად უარყოფენ. მათი თქმით, საუბარია  მხოლოდ სოფელ აიბღაზე და ამ პრობლემის გადაჭრას გრძელვადიანი მოლაპარაკებების გზით გეგმავენ.

რადიო “თავისუფლებაც” ეხმიანება ამ თემას  სტატიაში: რუსები აფხაზეთში მიწებს იტაცებენ? ტერიტორია, რომელზეც ლაპარაკი მიდის, მდინარე ფსოუს მთიანი სივრცეა და სწორედ ის ქმნის აფხაზეთსა და რუსეთს შორის ბუნებრივ საზღვარს. ის რუსულ სათხილამურო კურორტ ”კრასნაია პოლიანასთან” სიახლოვეში მდებარეობს, ადგილთან, რომელიც 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საკვანძო როლს ასრულებს. სტატიის თანახმად, ის ფაქტი, რომ რუსეთმა აფხაზური მიწის თავდაპირველი ტერიტორიული პრეტენზიები უარყო, ცნობილმა სოხუმელმა ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა ამგვარად შეაფასა: “როგორც სჩანს, მოსკოვის წინადადება პირველი ნაბიჯია, რომელზეც საბოლოოდ უარს იტყვის მიწის უფრო პატარა მონაკვეთის, მდინარე ფსოუზე მდებარე აფხაზური სოფლის აიბღას დათმობის სანაცვლოდ”, მაგრამ, ხაშიგის თქმით, ნებისმიერი ტერიტორიული დათმობა, მისი სიმცირის მიუხედავად, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისა და ტერიტორიის პოლიტიკური ელიტის უდრეკ წინააღმდეგობას გადააწყდება.

“ნეზავისიმაია გაზეტა-ც” ეხმიანება ამ თემას სტატიაში აფხაზეთის ნაწილი მოსკოვს შესაძლოა, ოლიმპიადის უსაფრთხოებისთვის დასჭირდა”. სტატიის ავტორს მიაჩნია, რომ ამ ტერიტორიით დაინტერესების შესაძლო მიზეზი უკავშირდება  პრეზიდენტ მედვედევის განცხადებას სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ, განსაკუთრებით კი, ეს განცხადება შფოთიანი საქართველოსგან დაცვის მოწოდებას შეიცავდა. შესაბამისად, შესაძლოა,  სწორედ რომ უსაფრთხოების მიზნითაა განპირობებული რუსეთის ინტერესები.

რადიოთავისუფლება ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების საკითხს ეხმიანება, მოესმინა საქმე საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა საქართველოს იურიდიული მარცხი „პროცედურულ ფორმალობამდე“ დაიყვანა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მისი ქვეყნისთვის იმედგაცრუება იყო. მაგრამ „რადიო თავისუფლებას“ ჰააგაში, სადაც ის სპეციალურად ამ გადაწყვეტილების გამო გაემგზავრა, განუცხადეს, რომ  ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ჯერ საბოლოო სიტყვა არ უთქვამს. ბილ ბოურინგი, ლონდონის უნივერსიტეტის ბირკბეკის კოლეჯის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის პროფესორი ამბობს, რომ საქართველოს სარჩელი თავიდანვე არასწორი იყო. „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კონვენციის ფარგლებში აბსოლუტურად ცხადად სჩანს, რომ მანამ, სანამ სადმე წახვალთ, უნდა ამოწუროთ კონვენციით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალება, რაც  საერთაშორისო სამართლის წესია“ – ამბობს ბოურინგი და დასძენს, რომ საქართველო სინამდვილეში ვერ შესძლებს დღევანდელი ფორმით  საქმის ბოლომდე მიყვანას.

ამერიკის ხმის რუსული ბიურო კი იტყობინება, რომ 1 აპრილს ნიუ–იორკში, გაეროს შტაბბინაში, გამართულ პრესკონფერენციაზე  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ იგი “უაღრესად, ძალიან იმედგაცრუებულია“ “საქართველო VS რუსეთის” საქმეზე ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 1 აპრილის გადაწყვეტილებით. მისი თქმით, არგუმენტი, რომლითაც ჰააგის სასამართლომ დაასაბუთა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ არ დაწყებულიყო საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის არსებითი განხილვა, “სრულიად სასაცილოა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი