ახალი ამბები

რატომ დარჩა უინტერნეტოდ სომხეთი და საქართველო

1 აპრილი, 2011 • • 5252
რატომ დარჩა უინტერნეტოდ სომხეთი და საქართველო

„რკინიგზის ტელეკომის“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალის დაზიანებაში,  რის გამოც მთელი სომხეთი და საქართველოს დიდი ნაწილი 28 მარტს რამდენიმე საათით უინტერნეტოდ იყო დარჩენილი,  75 წლის მოქალაქეა ბრალდებული. ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ზურა გვენეტაძემ  განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 75 წლის ქალბატონი  შემთხვევის ადგილზე დააკავეს. საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 100-დან 180 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი 1 წლამდე, ან კიდევ თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.

შსს პრესსამსახურის უფროსის, ზურაბ გვენეტაძის თქმით, ბრალდებული დროებით გათავისუფლებულია, საქმის გამოძიება კი მიმდინარეობს. მისივე თქმით, ქალი დანაშაულს აღიარებს, ასევე არსებობენ მოწმეები, რომლებიც მის დანაშაულს ადასტურებენ. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული მცხეთის რაიონში, სოფელ ქსანთან, მიწაში სპილენძს ეძებდა, რა დროსაც  დააზიანა „რკინიგზის ტელეკომის“ კუთვნილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი. როგორც ზურა გვენეტაძე ამბობს, ქალს თანამზრახველები არ ჰყოლია და დამოუკიდებლად მოქმედებდა. დაზიანების შედეგად 28 მარტს, დაახლოებით 17 საათზე, ინტერნეტი რამდენიმე საათით გაეთიშა თბილისში „კავკაზუს ონლაინის“ ათიათასობით აბონენტსა და „სილქნეტის“ მომხმარებლებს, თუმცა “სილქნეტმა” აბონენტებისთვის ინტერნეტის მიწოდების აღდგენა ალტერნატიული საშუალებებით მალევე შეძლო. შემთხვევის შედეგად ინტერნეტი რამდენიმე საათით მთლიანად გაითიშა სომხეთში.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი, რომლითაც ინტერნეტი ევროპიდან დასავლეთ საქართველოს გავლით ჯერ აღმოსავლეთ საქართველოს, მერე კი სომხეთსა და აზერბაიჯანს მიეწოდება, „რკინიგზის ტელეკომის“ საკუთრებაა. მის უსაფრთხოებაზე  პასუხისმგებელი კი „საქართველოს რკინიგზაა“. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი რკინიგზის გასწვრივ, ლიანდაგიდან დაახლოებით 40 სანტიმეტრში, მიწაშია განთავსებული, თუმცა, რა სიღმეზეა ჩადებული, ამის დაზუსტება ნეტგაზეთმა ჯერჯერობით ვერ შეძლო.

„საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურის უფროსის, ირმა სტეფნაძის თქმით, ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელზე დაზიანება ავტომატურად აღინიშნა ელექტრონულ სისტემაში და დაცვის ჯგუფები დაუყონებლივ გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. მისი თქმით, მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის უსაფრთხოება „უმაღლეს დონეზეა დაცული” და ქსელის გამართულ მუშაობას სპეციალისტები თვალყურს 24– საათიან რეჟიმში ადევნებენ.

”რკინიგზის ტელეკომის” ქსელი წარმოადგენს 600 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვან საკაბელო მაგისტრალს, რომელიც განთავსებულია საქართველოს რკინიგზის ხაზის გასწვრივ და ფარავს საქართველოს თითქმის ყველა ცენტრალურ ქალაქს. საქართველოს ქალაქების გარდა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი მიერთებულია თურქეთის, ასევე, ფოთი-ვარნას წყალქვეშა ოპტიკურ მაგისტრალთან და აზერბაიჯანისა და სომხეთის ქსელთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი