ახალი ამბები

ოპოზიციური „რვიანი“ კონტრშეტევისთვის ემზადება

1 აპრილი, 2011 • 1119
ოპოზიციური „რვიანი“ კონტრშეტევისთვის ემზადება

ორშაბათს „რვიანის“ წარმომადგენლები განცხადების გავრცელებას გეგმავენ, სადაც ხელისუფლებას დამატებით არგუმენტებს მოთხოვენ, თუ რა აქვთ საწინააღმდეგო „რვიანის“ მიერ წარმოდგენილ ინიციატივებთან დაკავშირებით.

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა. როგორც „რვიანის“ წარმომადგენლები ამბობენ, ხელისუფლების სურვილია, რომ მოლაპარაკებების ფორმატი შეიცვალოს, თუმცა ისინი არ დაუშვებენ ამ პროცესის შეწყვეტას.

”აპრილის ბოლომდე, გარე ფაქტორების გათვალისწინებით (საერთაშორისო ორგანიზაციები), უნდა მოვახერხოთ ის, რაც ამ ხუთი თვის მანძილზე ვერ მოვახერხეთ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა, „რვიანის“ წევრმა და „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ.

დავით გამყრელიძე,“ ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი და „რვიანის“ წევრი, ამბობს, რომ  მოლაპარაკებების პროცესს საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა აქვს. ხოლო თავად „რვიანს“  მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათი მოლოდინი მოლაპარაკებების მიმართ ძალიან მაღალია.

როგორც „რვიანის“ წარმომადგენლები ამბობენ, 9 მარტს  მოლაპარაკებების მაგიდასთან ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისეთი ინიციატივები წარმოადგინეს, რაც წინააღმდეგობაში მოდის „რვიანის“ მიერ წარმოდგენილ ინიციატივებთან.

დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ამ ქმედებით „რვიანის“ დაშლას და მოლაპარაკებების ჩაშლას ვარაუდობდა.

დღეს ოპოზიციური „რვიანის“ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს, სადაც ორშაბათს დაგეგმილი განცხადების შესახებ ისაუბრეს. მოგვიანებით კი „რვიანის“ წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებს და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზში ”ჯაზუ”.

შეხვედრის მიზანი იყო, არასამთავრობო ორგანიზაციებს (მათ შორის: „ქართული აკადემია“, „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“) და სხვა პირებს (რომელთა შორის იყვნენ სხვადასხვა დარგის ექსპერტები, მათ შორის პოლიტოლოგები) „რვიანის“ წევრებისგან მოესმინათ მათი გეგმები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. თავის მხრივ, „რვიანის“ წარმომადგენლებმა ორგანიზაციებისგან მოისმინეს მათი ინიციატივები და პროცესის ხედვები.

ერთ-ერთი ინიციატივა ეკუთვნოდა პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს. მისი იდეა ე.წ. „რვიანს პლუსის“ შექმნას გულისხმობდა, რაც ნიშნავს, რომ „რვიანს“ მხარს დაუჭერენ არასამთავრობო ორგანიზაიცები ან კონკრეტული კერძო პირები.

ცისკარიშვილის თქმით, „რვიანს“ და მის პოზიციებს საზოგადოების მხარდაჭერა გააძლიერებს.

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან გასული წლის შემოდგომაზე დაჯდა.

მოლაპარაკებების დაწყებამდე, „რვიანის“ პოზიცია ცნობილი იყო, რადგან მათ სექტემბერში წარმოადგინეს საარჩევნო გარემოს კანონპროექტი, სადაც რვა პოლიტიკური პარტიის შეთანხმებული პოზიცია იყო წარმოდგენილი.

იდეური შეუთანხმებლობა „რვიანსა“ და ხელისუფლებას შორის დასაწყისშივე ნათელი იყო. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ყველაზე ხშირად საუბრობდა ხელისუფლება, იყო პარლამენტში მაჟორიტარული წესით არჩევის პრინციპი, რომელსაც ხელისუფლება ”არავითარ შემთხვევაში არ დათმობდა”.

ეს ის საკითხია, რომელზეც  პოზიცია  საქართველოს პრეზიდენტმა ღიად დააფიქსირა. მან თქვა, რომ მისთვის მიუღებელია მაჟორიტარების ისეთი წესით არჩევა, რომელიც გარკვეულ რაიონებს მაჟორიტარების გარეშე დატოვებს. არსებული კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტში თითოეულ მუნიციპალიტეტს (მთლიანობაში 75 მუნიციპალიტეტი) საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს.

ხოლო ერთ-ერთი ახალი ინიციატივა, რომელიც ხელისუფლებამ წარმოადგინა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, 75-ის 83-მდე გაზრდას ითვალისწინებდა.

ბიომეტრული პასპორტები, როგორც საარჩევნო სიების დაზუსტების ერთადერთი საშუალება, ასევე, დაუწუნა ხელისუფლებამ „რვიანს“.

ოპოზიცია  მოლაპარაკებების დასაწყისში ამბობდა და დღესაც ამბობს, რომ მისი ბერკეტი ამ პროცესში საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მონაწილეობაა. ხელისუფლება კი აცხადებდა, რომ მათთვის პრიორიტეტული იყო ოპოზიციის პროცესებში ჩართვა და მათთან საუბარი.

დღეს კი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოპოზიციამ მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა და ”პროცესი მიატოვა”.

 

ამავე თემაზე:

„საარჩევნო საკითხებზე დიალოგს ხელისუფლება დროის გასაჭიანურებლად იყენებს“

არჩევნების ბიომეტრია

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კომისიის შეხვედრის დეტალები

საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პაკეტი ოპოზიციისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი