ახალი ამბები

აქცია სუბელიანის წინააღმდეგ

31 მარტი, 2011 •
აქცია სუბელიანის წინააღმდეგ

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ახალი მემარჯვენეების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და ათეულობით დევნილი კობა სუბელიანის გადადგომას ითხოვდნენ.

კობა სუბელიანი ამჯერად შეხვედრაზე აღარ გამოვიდა.

აქციის მონაწილეებთან ერთად იყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ადა მარშანიაც.

ახალი მემარჯვენეების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით ფაცაციას განცხადებით, მის მიერ ორი კვირის წინ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხი ჯერ არ მიუღია. წერილში რამდენიმე კითხვაზე ითხოვდა პასუხს, მათ შორის იმაზეც, თუ რაზე დაიხარჯა დევნილებისთვის გამოყოფილი თანხა.

აქციის მონაწილეებმა სამინისტროში შესვლა სცადეს, თუმცა დაცვამ კარი ჩაუკეტა. სამინისტროში შესვლა ფაცაციამ და რამდენიმე ადამიანმა მაინც შეძლეს, მედიასაშუალებებიდან კი მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეუშვეს.

მიუხედავად დავით ფაცაციას განმარტებებისა, რომელიც უხსნიდა დაცვას, რომ მოქალაქეებს აქვთ საჯარო დაწესებულებაში შესვლის უფლება, კარი ჩაიკეტა. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, ძალის გამოყენებით შესულიყვნენ, თუმცა, უშედეგოდ.

ახალი მემარჯვენეების ახალგაზრდული ორგანიზაცია აპირებს, კობა სუბელიანი წინააღმდეგ პროკურატურას მიმართოს.

“უახლოეს დღეებში მივმართავთ პროკურატურას, რათა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. გარდა ამისა, მივალთ დევნილებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში, დეტალურად აღვწერთ ყველაფერს. საბოლოოდ შეიქმნება დოკუმენტი, რომელსაც ევროკავშირის, ევროსაბჭოს, გაეროს და სხვა საერთაშორისო უწყებებს, ასევე დონორი ქვეყნების წარმომადგენლებს წარვუდგენთ. აღვწერთ მდგომარეობას და ვიტყვით იმას, თუ რა თანხა რაში დაიხარჯა”, –განაცხადა ფაცაციამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი