საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „ნეტგაზეთს“ მაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით ჩატარებულ კვლევას უკანონოდ არ აწვდის.
ესაა კვლევა, რომლის შდეგების მიხედვით კომისიამ უნდა განსაზღვროს ლიცენზიის მაძიებლებისთვის ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები.
კანონის მიხედვით, მას შემდეგ, რაც კომისია საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას გამოაცხადებს, კვლევა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მსურველისთვის.
ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 4 მარტს გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით კომისიამ ზეპირი მოსმენა 5 აპრილს უნდა გამართოს, რის შემდეგაც, 10 დღის ვადაში, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც კომპანია „ბი–სი–ჯი კვლევამ“ კომისიის დაკვეთით განახორციელა, „ნეტგაზეთმა“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიიდან წერილობით 22 მარტს გამოითხოვა.
იმავე დღეს „ნეტგაზეთმა“ ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსთან, კახი ყურაშვილთან, რომელმაც დასმულ შეკითხვაზე, თუ რა ვადაში მიიღებდა „ნეტგაზეთი“ ოფიციალურად გამოთხოვილ კვლევას, ასეთი პასუხი გასცა: „ათი დღის ვადა ნამდვილად არ ჭირდება, მიიღებთ მას შემდეგ, რაც ერთ ფურცელში 5 თეთრს გადაიხდით.“
„ნეტგაზეთმა“ კომისიიდან კვლევა 8 სამუშაო დღის წინ, 22 მარტს, გამოითხოვა. 24 მარტს „ნეტგაზეთმა“ მიიღო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის მიერ ხელმოწერილი წერილი, სადაც ჩიქოვანი მიგვითითებდა, რომ აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად (რომელიც შეადგენს 28 გვერდს) მითითებულ ანგარიშზე გადაგვეხადა მოსაკრებელი – 1.40 ლარის ოდენობით.
„მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა განხორციელდება თქვენს მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის კომისიაში წარმოდგენისთანავე“ – ნათქვამია წერილში.
„ნეტგაზეთმა“ შესაბამისი ქვითარი მეორე დღესვე, ანუ 25 მარტს, წარადგინა კომისიაში, თუმცა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე კანცელარიაში უარი გვითხრეს იმ მოტივით, რომ შესაბამის წერილზე ხელი უნდა მოეწერა თავმჯდომარეს, რაც ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ირაკლი ჩიქოვანი მთელი დღის განმავლობაში კომისიის სხდომაზე იმყოფებოდა.
იურისტი თამარ კორძაია განმარტავს: “ თუ ინფორმაცია ვერ მიიღეთ, კანონდარღვევაა, ბუნებრივია. თუ კვლევა არსებობს, მისი ასლის გადაღებას ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ განცხადების ჩაბარებიდან მაქსიმუმ ერთი დღე ჭირდება“.
ადმინისტრაციული კოდექსი ასეთი კანონდარღვევის შემთხვევაში მოქალაქეს ან ჟურნალისტს აძლევს უფლებას, საჯარო ინფორმაციის შეზღუდვის შემთხვევაში ადმინისტრაციული საჩივრით მიმართოს საჯარო დაწესებულებას. ამ შემთხვევაში ეს შესაძლებლობაც შეზღუდული გვაქვს, რადგან კომუნიკაციების კომისიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მოვალეობას თავად კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ჩიქოვანი ასრულებს.
კვლევას ამ დრომდე არ გვაწვდის კომუნიკაციების კომისია და ყოველ ჯერზე სხვადასხვა მიზეზს გვისახელებენ. ყოველდღიურ სატელეფონო ზარებს კომისიაში შედეგი არ გამოუღია. ბოლო პასუხით, რომელიც კომისიის მდივნისგან „ნეტგაზეთმა“ მიიღო, კვლევის მიღებას 4 აპრილს შევძლებთ.
უკვე 5 აპრილს სხდომაა დანიშნული, რაც ნიშნავს, რომ კომისია და დაინტერესებული პირები განიხილავენ კვლევას და მოსაზრებებს წარმოადგენენ. თუმცა დაინტერესებულ პირებს შორის უმრავლესობა, სავარაუდოდ, იმავე დღეს გაეცნობა კვლევის შედეგებს.
“ინფორმირებული ადამიანი სხდომაზე უფრო კომპეტენტურ მოსაზრებებს წარადგენს, მისი გაცნობიერებული მონაწილეობა მოხდება, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც იმავე დღეს გაეცნობა კვლევას”, – ამბობს თამარ კორძაია.
როგორც ხატია ყურაშვილმა, კომისიის მდივანმა განაცხადა, „ნეტგაზეთის“ წერილი სამართლებრივ დეპარტამენტს აწერია, ხოლო კანცელარიაში დაგვიზუსტეს, რომ წერილი სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს, კახი ყურაშილს აწერია.
28 მარტს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ–გვერდზე სიახლეების გრაფაში ასეთი სათაური გაჩნდა: „მაუწყებლობის თაობაზე საზოგადოებრივი აზრის კვლევის ანგარიში“. სათაური არც რაიმე სხვა დამატებით ინფორმაციას შეიცავს, არც კვლევას და არც კვლევის ანგარიშს.