ახალი ამბები

გუგავა: „ეს სააკაშვილის მიერ ტერორის გამოცხადებაა“

31 მარტი, 2011 • 1010
გუგავა: „ეს სააკაშვილის მიერ ტერორის გამოცხადებაა“

ბატონო სამსონ, თუ შეგიძლიათ აღწეროთ ფაქტი, რაც დღეს დილას მოხდა თქვენი პარტიის ოფისთან?

დილას, 11 საათი არ იქნებოდა, რომ მივედი ოფისთან. იქ გადაკეტილი იყო ქუჩა, სპეცრაზმელებს მოყავდათ ვიღაც ბორკილებდადებული, რომელიც მიუთითებდა, არ ვიცი – რას, ხმა არ მესმოდა, სამწუხაროდ, შორიდან, მაგრამ იგრძნობოდა, რომ ჩვენი პარტიისკენ იყო მიმართული მისი ჟესტები და შესაბამისად, ის ადგილი ჰქონდათ გადაკეტილი სამართალდამცავებს.

ანუ თქვენ დილითვე დაინახეთ, ვინც ყავდათ დაკავებული?

მე  მარტო კი არა,  ნახევარი ქალაქი უყურებდა: გადაიკეტა მოძრაობა. თამარ მეფის გამზირზე ძალიან დატვირთული მოძრაობაა და უამრავი ადამიანი იყო ამის თვითმხილველი. თან, რა პროცესი მიმდინარეობდა, იცით? – აღიარებით ჩვენებას რომ იძლევა ადამიანი, დანაშუალის ადგილზე რომ მიყავთ და თვითონ რომ მიუთითებს – აი, აქ, აქ, აქ – ეს პროცესი მიმდინარეობდა დილით, რომელსაც მე შევესწარი.

თქვენთვის დილით არაფერი უთქვამთ პოლიციელებს,  როგორც მოგვიანებით თქვეს, რომ ტერორისტები გეგმავდნენ თქვენი ოფისის აფეთქებას?

არა.

უბრალოდ, შენობაში არ შეგიშვეს?

შენობაში არ შეგვიშვეს მხოლოდ 5 წუთით, მერე, როგორც კი წავიდნენ, შესაბამისად, გვქონდა შესაძლებლობა ოფისში შევსულიყავით.

შემდეგ გითხრეს რამე, რომ თქვენს ოფისზე იგეგმებოდა თავდასხმა?

აბსოლუტურად არაფერი. არავინ შემოგვხმიანებია, ოფიციალურად არავის არაფერი უთქვამს, შესაბამისად, ალბათ, პარტია ერთობლივად განცხადების ტექსტზე იმუშავებს და ცენტრალური ოფისი გააკეთებს კომენტარს.

რას უკავშირებთ იმას, რომ ტერორისტების სამიზნედ შეირჩა ორი დატვირთული სახელმწიფო დაწესებულება ქუთაისში – იუსტიციის სახლი და მერია, რომელშიც, ასევე, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციია განთავსებული და მესამე – თქვენი პარტიის ოფისი?

მე თუ მკითხავთ, ადმინისტრაციული შენობები, ალბათ, ჭირდებოდათ ფონის დასამძიმებლად, რეალურად, ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ ტერორის გამოცხადება ყველაზე რეიტინგული პარტიის მიმართ, მე არანაირად არ ვფიქრობ და ეს ჩემი კერძო აზრია, რომ ამ შემთხვევაში რუსეთის სპეცსამსახურები დაინტერესებული იყვნენ „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის აფეთქებით, ესაა სრული აბსურდი. აქ არის დაინტერესებული ხელისუფლება, რადგან ერთ–ერთი მძლავრი ორგანიზაციაა „ლეიბორისტული პარტია“ და შესაბამისად, მისი ფილიალებიც, ერთ–ერთი მძლავრი ორგანიზაცია ჰყავთ ქუთაისშიც. ამდენად, ცდილობენ, მათი მოკლე ჭკუით, დააშინონ „ლეიბორისტული პარტია“, მისი აქტივი, მაგრამ ვფიქრობ, რომ საწინააღმდეგო შედეგს მიიღებენ.

ანუ მიგაჩნიათ, რომ ეს ხელისუფლების დაგეგმილი პროვოკაციაა?

კი. ეს ჩემი პირადი აზრია და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ხელისუფლების პროვოკაციაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი