ახალი ამბები

მუქარა ბათუმის მერის სახელით

31 მარტი, 2011 • 1529
მუქარა ბათუმის მერის სახელით

“ესენი ჩემი მტრები კი არა, რობერტ ჩხაიძის მეგობრები არიან, რომლებიც მტრულ სამსახურს უწევენ ქალაქის მერს”, -აცხადებს ბათუმელი იზო გიორგაძე, რომელიც ირწმუნება, რომ მას და მის ადვოკატს რობერტ ჩხაიძის ახლობლები აჭარიდან გაძევებით ემუქრებიან. მერის ყოფილი მეზობელი ამბობს, რომ დაფიქსირებული აქვს ტელეფონის ის ნომრები, რომლებიდანაც მის მიმართ მუქარა განხორციელდა.

სატელეფონო მუქარის შესახებ იზო გიორგაძემ  “ბათუმელებს” 26 მარტს, დაახლოებით დღის სამ საათზე აცნობა. მერის ყოფილი მეზობელი ამბობს, რომ მის ტელეფონზე პირველი მუქარის ზარი 26 მარტს განხორციელდა:  “მუქარის ზარებს “ბათუმელებში”  გამოქვეყნებულ სტატიას _ “ბათუმის მერი მეზობლებს ანგარიშს უსწორებს” ვუკავშირებ. ეტყობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაღიზიანდნენ, რაც ამ თემაზე 25-ე არხზეც საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ადვოკატმა”.

“ბათუმელები”  საკითხის გარკვევის მიზნით დაუკავშირდა რობერტ ჩხაიძეს. მერმა კატეგორიულად უარყო იზო გიორგაძის მიმართ მუქარის ზარების განხორციელების შესაძლებლობა. მან ამ საკითხზე თავდაპირველად ვრცელი კომენტარიც გააკეთა, მაგრამ მოგვიანებით მისი კომენტარის გამოქვეყნებისაგან თავის შეკავება გვთხოვა.

26 მარტს, დღის განმავლობაში კიდევ ერთხელ დაუკავშირდა იზო გიორგაძე “ბათუმელებს” და განაცხადა, რომ მას ახლა უკვე დაფარული ნომრით დაუკავშირდნენ, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაუმეორეს, რომ ის და მისი ადვოკატი აჭარაში ვეღარ იცხოვრებენ.

იზო გიორგაძე: “მე თუ რამეს ვამბობ, ყველაფერს საკუთარ სახელს ვაწერ. თუკი ვინმეს რაიმე საწინააღმდეგო აქვს ჩემი, მაშინ ანონიმურად არ უნდა მირეკავდნენ და არც საკუთარი ვინაობის გამხელის უნდა ეშინოდეთ. ვფიქრობ, ამ საკითხზე ღია წერილით პრეზიდენტსაც მივმართავ”.

ბათუმის მერის ოჯახის კარის მეზობლებთან დაპირისპირების შესახებ ადვოკატმა ირაკლი შავაძემ ტელეარხი 25-ის გადაცემა “დიალოგშიც” ისაუბრა. გადაცემის პროდიუსერის ნათია როყვას განცხადებით, გადაცემიდან მეორე დღეს ქალაქის მერი ტელეფონით დაუკავშირდა და უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ მას საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისთვის ეთერი არ დაუთმეს:

“როცა “ბათუმელების” თემის “დიალოგში” განხილვა გადავწყვიტეთ, დღის სამ საათზე დავურეკე რობერტ ჩხაიძის ოჯახის ადვოკატს დავით გაბაიძეს და ეთერში მოვიწვიე. მან დიალოგში მონაწილეობაზე უარი იმ მოტივით გვითხრა, რომ თავისი დაცვის მხარეს ვერ დაუკავშირდა”.

ნათია როყვას თქმით, საღამოს შვიდი საათისთვის ქალაქის მერს გადაცემის წამყვანი ჯაბა ანანიძეც ესაუბრა ტელეფონით. “როგორც ვიცი, მერმა მასაც უარი უთხრა გადაცემაში მონაწილეობაზე. ჩვენ დღესაც ვთავაზობთ ქალაქის მერს, გამოხატოს თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით”, _ აცხადებს ნათია როყვა.

ჯაბა ანანიძე ამბობს, რომ მერისგან საყვედური თვითონაც მიიღო: “გადაცემის გასვლის შემდეგ რობერტ ჩხაიძე ტელეფონით დამიკავშირდა. მან თქვა, რომ საქმე ეხებოდა მის პირად ღირსებას, რომ იყო შეურაცხყოფილი ჟურნალისტებისგან და იმისგან, რაც უკვე პრესაში გახმაურდა. ქალაქის მერს როცა პირადად მე დავურეკე, გადაცემის დაწყებამდე მთელი ოთხი საათი იყო დარჩენილი და პოზიციის გამოხატვა შეეძლო”.

იმ შემთხვევაში, თუ იზო გიორგაძის განცხადება სამართალდამცავების ყურადღებას მიიქცევს, მაშინ შეიძლება სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას. თუმცა, იურისტების განმარტებით _ “აჭარაში არ გაცხოვრებ”, მუქარა არ არის.

რობერტ ჩხაიძის ოჯახს თავისი კარის მეზობლებთან _ სოციალურად დაუცველ ედვარდ პოღოსიანსა და პენსიონერ იზო გიორგაძესთან ურთიერთობა 20 წლის წინ დაეძაბა. ხანგრძლივი სასამართლო დავების შემდეგ, 1999 წელს, სასამართლომ ბათუმში, პუშკინის ქუჩის #112-ში მდებარე საერთო საკუთრებაში არსებული 824 კვ.მ მიწის ფართობიდან, ედუარდ პოღოსიანს 1/7 ნაწილი მიაკუთვნა და საცხოვრებელ ფართობთან ერთად დამატებით გამოეყო 59 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

2005 წელს ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო სასამართლო დავა განახლდა. 2011 წელს კი ბათუმის სასამართლომ მეორე მხარის, მათ შორის ბათუმის მერის ოჯახისა და მისი ნათესავების პოზიცია გაიზიარა და სოციალურად დაუცველ პოღოსიანებს უკანონო გამდიდრების მოტივით მთლიანობაში 13300 დოლარის გადახდა დააკისრა.

ქალაქის მერმა სამსახურეობრივი მდგომარეობა სამეზობლო დავებში გამოიყენა და სასამართლო პროცესზე მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გელა მახარაძე მიავლინა.

ამავე თემაზე:

ბათუმის მერი მეზობლებთან ანგარიშს ასწორებს

ახლაც მგონია, რომ სწორად ვიქცევი

რობერტ ჩხაიძე
რობერტ ჩხაიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი