მერაბ ჭიქაშვილის, გიორგი ხარაბაძისა და კახა ჩიქოვანის მხარდამჭერი აქცია ხვალ საფრანგეთის საელჩოსთან გაიმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი უკანონოდ იმყოფებიან პატიმრობაში.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულებს არ აძლევენ დაბანის, გამოცვლის, კბილების გახეხვის, პრესისა და ლოცვების წიგნის შეტანის უფლებას, რის გამოც მათ შიმშილობა გამოაცხადეს.
მერაბ ჭიქაშვილი, გიორგი ხარაბაძე და კახა ჩიქოვანი 25 მარტს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან პატიმრების მხარდასაჭერად
გამართული აქციის დროს დააკავეს. აქცია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაშალეს, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით დააკავეს აქციის შვიდი მონაწილე: გიორგი ბურჯანაძე, ვლადიმერ სადღობელაშვილი, მერაბ ჭიქაშვილი, ოთარ ბექაური, აკაკი ჩიქოვანი, ბესიკ ტაბატაძე და გიორგი ხარაბაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ნანა დარასელიამ მერაბ ჭიქაშვილს და გიორგი ხარაბაძეს 20 –დღიანი, ხოლო აკაკი ჩიქოვანს 10– დღიანი პატიმრობა შეუფარდა. დანარჩენ ოთხ პირს: გიორგი ბურჯანაძეს, ოთარ ბექაურს, ვლადიმერ სადღობელაშვილს და ბესიკ ტაბატაძეს დაეკისრათ 400– ლარიანი ჯარიმის გადახდა.
25 მარტის აქციის პოლიციის ძალით დაშლა და მისი მონაწილეთა დაკავება გააპროტესტეს ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა. განცხადებაში, რომელსაც 20 ორგანიზაცია აწერს ხელს, ნათქვამია, რომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება წარმოადგენდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების და კანონის მოთხოვნათა უხეშ დარღვევას. გარდა ამისა, დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება.
მდუმარე აქცია დაკავებული ჭიქაშვილის, ხარაბაძისა და ჩიქოვანის მხარდასაჭერად თბილისში გუშინაც გაიმართა.
ამავე თემაზე:
აქცია 25 მარტს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით {video}
ეკა ბესელია: ”პოლიცია უკონტროლოდ იყენებს ძალას”
აქციაზე დაკავებულებს განაჩენი გამოუტანეს