ახალი ამბებისაზოგადოება

GPB-ის სამეურვეო საბჭოს წევრები კენჭისყრას სავარაუდოდ, 9 წევრს შორის ჩაატარებენ

19 თებერვალი, 2016 • 1567
GPB-ის სამეურვეო საბჭოს წევრები კენჭისყრას სავარაუდოდ, 9 წევრს შორის ჩაატარებენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები საქმიანობის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ როტაციის მეთოდით, კანონით დადგენილი კენჭისყრისათვის ემზადებიან, რათა გადაწყდეს, ვინ დარჩება საბჭოს შემადგებლობაში და რამდენი წლით გააგრძელებენ ისინი საქმიანობას. საბჭოს შემადგენლობაში 2, 4, და 6 წლით არჩეული 3-3-3 წევრი უნდა იყოს. 2016 წლის მაისში საბჭოს 3 წევრს ეწურება 2-წლიანი ვადა, თუმცა, რომელ სამ წევრს მოუწევს როტაცია ჯერ გაურკვეველია.

საბჭოს წევრები იურისტებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად კონსულტაციებს გადიან, რომ გადაწყდეს რამდენი წევრი მიიღებს მომავალ კენჭისყრაში მონაწილეობას – კანონით დადგენილი 9 თუ 7, რომლებიც ამჟამად მოქმედი წევრები არიან. 2 წევრი საქართველოს პარლამენტს დღემდე არ დაუმტკიცებია. ბორდის დაკომპლექტებისას საპარლამენტო კენჭისყრაზე 2 კანდიდატს სახალხო დამცველი აყენებს, სამს – საპარლამენტო უმრავლესობა, ამდენივეს – უმცირესობა, ხოლო ერთს – აჭარის უმაღლესი საბჭო.

სამეურვეო საბჭო ამ ეტაპზე ორი არჩევანის წინაშე დგას – ერთ შემთხვევაში საბჭომ კენჭისყრა უნდა ჩაატაროს 7 წევრს შორის, რომლებიც ამ ეტაპზე ასრულებენ საკუთარ მოვალეობას და არ გაითვალისწინოს ვაკანტურად დარჩენილი 2 წევრის კანდიდატურა, ხოლო მეორე შემთხვევაში, ბორდმა კენჭი უნდა უყაროს 9 წევრს, როგორც ამას შესაბამისი კანონი ითვალისწინებს.

საბჭოს წევრები შიშობენ, რომ თუ აურჩეველ 2 წევრს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას მისცემენ, მათ მიღებულ ვადას შემდეგში მოაკლდება 2 წელი, რადგან ეს ორი წელი უკვე გავიდა, იმის მიუხედავად, რომ ისინი საბჭოს შემადგენლობაში ამ პერიოდის განმავლობაში არ ყოფილან. შესაბამისად, ამ წესმა შეიძლება დაარღვიოს მათი შრომითი უფლებები.

თუმცა დღეს, განხილვაზე მიწვეული მედიის წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ საბჭოსათვის უმჯობესია, თუ კენჭისყრა 9 წევრს შორის ჩატარდება.

“ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავემორჩიოლო კანონს და ჩავატროთ ყველა პროცედურა ისე, რომ გავითვალისწინოთ ის ძირითადი უფლებები, რომლებიც დღეს არსებობს. თუ ვიღაცამ თავიდანვე არ გამოიყენა თავისი უფლება და არ მისცა სხვას ამ უფლებების რეალიზების საშუალება, ეს მათი პრობლემაა, მაგრამ კანონი ამაზე მაღლა დგას. ეს არის პარლამენტის და არა ბორდის პრობლემა,” – ამბობს ლიბერალური აკადემიის დირექტორი და გაზეთ რეზონანსის რედაქტორი ლაშა ტუღუში.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია ამბობს, ბორდი კენჭისყრის ჩატარებას უახლოეს მომავალში გეგმავს და სავარაუდოდ, წევრები გაითვალისიწნებენ იურისტებისა და მედიის წარმომადგენლების აზრს.

გოგელია ვერ ასახელებს მიზეზს თუ რატომ არ აირჩია პარლამენტმა დღემდე საბჭოს დანარჩენი 2 წევრი, ან რატომ არ იჩენს ამ საკითხის მიმართ ინტერესს.

“ჩვენ ვაწარმოებთ კონსულტაციებს პარლამენტთან, იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა ჩატარდეს კონკურსი, რომელიც გამოავლენს სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს. უნდა გამოცხადდეს კონკურსი, შეიქმნას 9 კაცისაგან შემდგარი კომისია, რომელიც აირჩევს სხვა კანდიდატებს. ” – აცხადებს გრიგოლ გოგელია.

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) უკვე მიმართა პარლამენტს რეკომენდაციით, რომ გამოცხადდეს კონკურსი საზმაუს ბორდის ორი წევრის ასარჩევად. როგორც ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი, კანონით განსაზღვრულ ვადებში სამეურვეო საბჭოს წევრების როტაცია მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს მეურვეთა ეტაპობრივი ჩანაცვლება და პოლიტიკური პროცესისგან საბჭოს დაკომპლექტების გამიჯვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი