პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველოს ხელისუფლებისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დაკავებულ ისრაელელ ბიზნესმენებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. „ნებისმიერი ბიზნესმენისთვის, რომელიც ეცდება კორუფციულ სქემაში შესვლას, შეეცდება სახელმწიფო მოხელის მოქრთამვას, დაისჯება შესაბამისად. მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მოწვევით იქნება ის, პრემიერის, თუ ვინმე სხვისი,“ – თქვა ნიკა გილაურმა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, ებრაელ ბიზნესმენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე
დაკავებულ ბიზნესმენებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს კითხვები “ქრისტიან-დემოკრატმა” ლევან ვეფხვაძემ სხდომათა დარბაზშიც დაუსვა, თუმცა გილაურმა მისი კითხვები უპასუხოდ დატოვა. ვეფხვაძეს კი მმართველი პარტიიდან პეტრე ცისკარიშვილი გამოეხმაურა.
ლევან ვეფხვაძემ პრემიერს ჰკითხა: „იცოდა თუ არა პრემიერ–მინისტრმა, ბატონმა ნიკა გილაურმა, როდესაც ის ეპატიჟებოდა ებრაელ ბიზნესმენებს საქართველოში, რომ ისინი საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში იქნებოდნენ დაპატიმრებული? თუ არ იცოდა, ეს ძალიან ცუდია – ეს ნიშნავს იმას, რომ მას არ ჰქონდა უწყებებიდან ინფორმაცია და თუ იცოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ჩამოიყვანა სწორედ დასაპატიმრებლად. ეს არის კითხვა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და ყველა მწვავე კითხვას, ბატონო ნიკა, უნდა გასცეთ ძალიან მკაფიო პასუხი.“
მმართველი პარტიის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა ლევან ვეფხვაძეს ასე უპასუხა: “როდემდე უნდა იყოთ ბატონო, ჩვენო პოლიტიკურო ოპონენტებო, თაღლითი, მექრთამე ბიზნესმენების დამცველები? თქვენ გგონიათ, რომ პრემიერ–მინისტრის მოწვევა რადგან აქვს ამა თუ იმ ბიზნესმენს, ეს მას იცავს და მისთვის არის იმუნიტეტი, რომ მერე შეუძლია ნებისმიერი გარიგებით და ქრთამის შეთავაზების ხარჯზე გამოსძალოს სახელმწიფოს ეს ათობით მილიონი დოლარი? სხვა ბიზნესმენები ამას არ აკეთებენ და ყველა სხვა პატიოსანი, წესიერი ადამიანი – უცხოელი იქნება ეს, თუ ჩვენი თანამოქალაქე, რა თქმა უნდა, თავისუფალი არის ბიზნესის კეთებაში“.
“ნეტგაზეთმა” რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის ადვოკატს, არჩილ კბილაშვილს ჰკითხა, ბიზნესმენების განაჩენის გამოცხადებამდე პრემიერისა და მმართველი პარტიის წევრის ეს განცხადებები შეიძლება თუ არა მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ზემოქმედების მცდელობად?
„ამგვარ აზრს ნამდვილად აქვს არსებობის უფლება, რომ ასეთად იქნას მიჩნეული. თუმცა, მეორეს მხრივ, თუ მას დასმულ კითხვაზე პასუხი უნდა გაეცა, ერთგვარი პასუხი ესეც არის. სხვა შემთხვევაში მას უნდა განეცხადებინა, რომ პასუხს არ გასცემდა. ცალსახა დასკვნას ვერ გეტყვით, შეიძლება თუ არა ეს განხილულ იქნას სასამართლოზე ზეწოლად,“ – უპასუხა არჩილ კბილაშვილმა “ნეტგაზეთს”. მისი თქმით, ნიკა გილაურის განცხადება ორგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. პირველის მიხედვით, ის შეიძლება ვინმემ მართლა სასამართლოზე ზეწოლად აღიქვას, მეორეს მხრივ კი – მისი პასუხი იყო ადეკვატური შექმნილ მდგომარეობაში, რის წინაშეც ის აღმოჩნდა.
„პრემიერ-მინისტრს პარლამენტში დაუსვეს კითხვა და მან ჩათვალა, რომ ეს პასუხი იქნებოდა ადეკვატური. ორივე აზრს შეიძლება არსებობის უფლება ჰქონდეს,“ – თქვა არჩილ კბილაშილმა.
ისრაელელი ბიზნესმენების – რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის საქმეზე განაჩენი დღეს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ის 1 აპრილამდე გადაიდო. ამის მიზეზად სხდომის მდივანმა მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება დაასახელა.
ამავე თემაზე:
1. ფუქსისა და ფრენკელის განაჩენის გამოცხადება გადაიდო
2. ებრაელი ბიზნესმენები განაჩენის მოლოდინში
3. მსჯავრდებულთა იურისტის შემაჯამებელი სიტყვის პირველი ნაწილი 23 მარტის სასამართლო სხდომიდან – ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატის არგუმენტები
4. მსჯავრდებულთა იურისტის შემაჯამებელი სიტყვის მეორე ნაწილი 25 მარტის სასამართლო სხდომიდან – ებრაელი ბიზნესმენების საქმეზე შემაჯამებელი სიტყვების მოსმენა დასრულდა