დღეს ლიტერატურულ კაფე „ქარავანში“ გაიმართა პროექტის – „მედია მონიტორინგი ბავშვთა საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით“ განხილვა. პროექტს “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი” “გაეროს ბავშვთა ფონდის” ხელშეწყობით ახორციელებს. პროექტის მიზანია იმის გამოვლენა, თუ რამდენად იცავს ქართული მედია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ პროფესიულ სტანდარტებს, ეთიკურ ნორმებს და ბავშვთა უფლებებს.
მედია მონიტორინგი მხოლოდ ნაწილია იმ პროექტისა, რომელსაც “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი” “გაეროს ბავშვთა ფონდის” დახმარებით ახორციელებს. პროექტი სულ სამი ნაწილისგან შედგება: პუბლიკაცია „მედიაში ბავშვთა საკითხების გაშუქების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები,“ შეხვედრები რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან და მედია მონიტორინგი.
„ბავშვთა საკითხების გაშუქება ჟურნალისტებისგან სათანადო ცოდნასა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვას მოითხოვს“ – ამბობს რულანდ მონაში, “გაეროს ბავშვთა ფონდის” წარმომადგენელი საქართველოში. მისივე თქმით, ნებისმიერმა სიტყვამ თუ ფრაზამ შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს ბავშვის მომაავლი ცხოვრება, ამიტომ ამ საკითხზე მუშაობისას სიფრთხილე და პროფესიონალიზმია საჭირო.
“სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” ხელმძღვანელის, ია ანთაძის თქმით: „-ჩვენი მიზანია მიმოვიხილოთ, თუ როგორ ვიცავთ ჩვენ, ჟურნალისტები ბავშვთა უფლებებს. მნიშვნელოვანია, რომ თავად გავაძლიეროთ თვითრეგულირების მექანიზმები და ბავშვთა უფლებების დაცვა თავად მედიის წიაღში არსებული მექანიზმით უზრუნველვყოთ. მაქსიმალურად შევცდებით, რომ ბავშვები და მათი საუკეთესო ინტერესები დაცული იყოს მედიაში.“