ახალი ამბები

„მარშრუტკებით“ მგზავრობის გაძვირება გადაიდო

29 მარტი, 2011 • 1191
„მარშრუტკებით“ მგზავრობის გაძვირება გადაიდო

თბილისის შიდა საქალაქო სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები მგზავრობის გაძვირების შესახებ დადგენილებას ტენდერში გამარჯვებული კომპანიებისგან ელიან. გამარჯვებული კომპანიები კი, მერიის ინფორმაციით, საფასურის გაზრდაზე უფლებამოსილნი ჯერ არ არიან.

პირველი აპრილიდან „მარშრუტკებით“ მგზავრობის საფასურის გაზრდის შესახებ მძღოლებს დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ. მძღოლების თქმით, მგზავრობის საფასურის პირველი აპრილიდან გაზრდის შესახებ ინფორმაცია ტენდერში გამარჯვებული კომპანიებისგან  ჰქონდათ. შესაბამისად, სამარშრუტო ტაქსებში გუშინ გამოაკრეს განცხადებები იმის შესახებ, რომ პირველი აპრილიდან მგზავრობის ღირებულება 70 თეთრამდე გაიზრდებოდა. აღნიშნული განცხადებები უკვე ჩამოხსნილია, რადგან გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლების თქმით, მგზავრობის საფასურის გაზრდის შესახებ დადგენილება მათ არ გამოუციათ.

მძღოლები კი ამბობენ, რომ მგზავრობის საფასურს ისინი ვერ დაადგენენ, რადგან ამაზე პასუხისმგებლები ტენდერში გამარჯვებული კომპანიები არიან. დადგენილებას საფასურის გაზრდის შესახებ სწორედ ამ კომპანიებისგან ელიან.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ფასები ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მიერ იქამდე არ გაკონტროლდება, სანამ ეს კომპანიები ბოლომდე არ ჩამოიყვანენ ყველა სამარშრუტო ტაქსს. შესაბამისად, მერიის პრესსამსახურის თქმით, მგზავრობის საფასურის გაზრდა ამ კომპანიებს ჯერ არ შეუძლიათ.

„მარშრუტკებით“ მგზავრობის საფასურის 40%–ით გაზრდაზე საუბრობდნენ დღეს „ახალგაზრდა ფონანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაშიც“. „აფბას“ თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები, საწვავის გაძვირებით მძღოლებს აიძულებენ, საფასური გაზარდონ, რადგან, მათი თქმით, საქართველოში დიზელის ბაზარზე არსებული სიტუაცია სამარშრუტო ბიზნესის გამოძახილია.

„ქვეყნების აბსულუტურ უმრავლესობაში დიზელი ბენზინზე იაფია. ჩვენთან 2,35 ლარია,  როდესაც ბენზინის ყველაზე მაღალი ფასი 2,30 ლარია.  საზოგადოებისთვის არ არის საიდუმლო, რომ როგორც სამარშრუტო კომპანიები, ასევე ნავთობის იმპორტიორი ფირმები ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან და ერთმანეთის წისქვილზე ასხამენ წყალს“, –აცხადებენ „აფბაში“.

შპს „თბილ ლაინი“, შპს „კაპიტალ გრუპი“, შპს „თბილ ქარი“, შპს„ფაბლიქქარი“ – ეს იმ ტენდერში გამარჯვებული კომპანიებია, რომელიც თბილისის მერიამ M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად 2010 წლის 6 დეკემბერს გამოაცხადა.

ტენდერის მიხედვით, ამ კომპანიებს თბილისში ეტაპობრივად, 2011 წლის შემოდგომამდე, ახალი და კომფორტული სამარშრუტო ტაქსების შემოყვანა ევალებათ. დღეს არსებული სამარშრუტო ტაქსებისა და ხაზების მფლობელები კი თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი