ახალი ამბები

„რესპუბლიკელების“ განცხადება აჭარის ორგანიზაციის შესახებ

29 მარტი, 2011 • 906
„რესპუბლიკელების“ განცხადება აჭარის ორგანიზაციის შესახებ

„რესპუბლიკური პარტიის“ აღმასრულებელი სამდივნო დღეს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა პარტიის აჭარის რეგიონულ ორგანიზაციაში განვითარებულ მოვლენებს.

„რესპუბლიკური პარტიის“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის გაუქმების თაობაზე გუშინ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს პარტიის ყოფილმა წევრებმა.

მათი თქმით, ყველა წევრმა დატოვა „რესპუბლიკური პარტიის“ ხულოს, შუახევისა და ქედის რაიონული ორგანიზაციის რიგები, ხოლო ხელვაჩაურისა და ქობულეთის საქალაქო ორგანიზაციას რამდენიმე ათეული წევრი გამოეთიშა.

„გამომდინარე აქედან, ფაქტობრივად, გაუქმდა  “რესპუბლიკური პარტიის” აჭარის რეგიონული ორგანიზაცია“ – განაცხადა გუშინდელ ბრიფინგზე ხელვაჩაურის ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ.

პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც „რესპუბლიკური პარტიის” ეროვნულმა კომიტეტმა რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე პარტიიდან გარიცხა. გარიცხვის მოტივი ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აღდგენის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზება გახდა.

“ლოგიკურია პარტიიდან იმ წევრების გასვლა, ვინც, როგორც ჩანს, თვლიდა, რომ გაწევრიანებული იყო არა “საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში”, არამედ მურმან დუმბაძის პარტიაში.

რაც შეეხება პარტიის სტრუქტურული ქვედანაყოფების საკითხს, წესდების თანახმად, მათ ქმნის და აუქმებს პარტიის ეროვნული კომიტეტი. ამიტომ ამ საკითხზე გაკეთებული განცხადებები იაფფასიანი პოლიტიკური პიარ-ნაბიჯია და მას საერთო არაფერი აქვს პარტიის შემდგომ ფუნქციონირებასთან,”   – განაცხადა დღეს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, პარტიის ცენტრალური ოფისისთვის ჯერ არც ერთ წევრს არ მიუმართავს პარტიის დატოვების შესახებ განცხადებით.

„თუმცა, როგორც განაცხადეს რამოდენიმე რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა, მათ მიმართეს ასეთი განცხადებებით“ – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ ქობულეთისა და ბათუმის ორგანიზაციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი