რეზონანსის “მთელი კვირა” დავით ბერძენიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ კვალიფიციურ პოლიტიკურ პროტესტზე პრეტენზიის განმცხადებლები არიან პოლიტიკური პარტიები რვიანის სახელწოდებით, რომელთაც ამომრჩეველთა დაახლოებით 40% უჭერს მხარს. ამასთან, ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ “რვიანის” მიერ საარჩევნო თემატიკით წარმოებული პროტესტი უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე “გაფრთხილება” – ბრწყინვალე შვიდეულსაც დაგაცდით და აი, შემდეგ, 2 მაისიდან, ქუჩაში გამოვალთო. საუბრისას რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ქრისტიან-დემოკრატების რვიანში მონაწილეობას სერიოზულ შემადგენელ ნაწილად მოიხსენიებს, რითიც ფაქტიურად ქრისტიან-დემოკრატების ოპოზიციური ლეგიტიმაცია მოხდა. მისი თქმით, მიუხედავად ამ პოლიტიკურ ძალასთან გასნხვავებულობისა, დღევანდელმა რვიანის წევრმა პარტიებმა დაინახეს, რომ მათთვის უფრო პრესპერქტულია რვიანის ფორმატში ყოფნა, ხოლო კონკურენცია მათ შორის მხოლოდ არჩევნების დროს დაიწყება. დავით ბერძენიშვილი ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების დიალოგზე წამოსვლას საერთაშორისო ფაქტორით ხსნის, თუმცა იქვე დასძენს, რომ ხელისუფლების მეორე ხაზის წარმომადგენლებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თუ მათ რამოდენიმე წევრი გამოაკლდებათ, ხელისუფლება ჩამოიშლება, დათმობებზე წასვლა დაუშვებლად მიჩნიათ. ამიტომაც პარალელურად დაიწყო ანონსირებული რევოლუციის რეკლამირება, მათ შორის სახელისუფლებო არხებზეც. ბერძენიშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ ხელისუფლების და რევოლუციის ანონსის ავტორებს შორის ერთმანეთთან სრულიად არაკოორდინირებული ინტერესთა თანხვედრა აქვთ “რვიანის” წინააღმდეგ და ხელისუფლება ამის გამოყენებას ცდილობს. ქართული პარტია და ბურჯანაძე კი ცდილობენ, აფსაიდში არ დარჩნენ და ამიტომაც გამოდიან სატელევიზიო ეთერებში და რევოლუციაზე საუბრობენ. სტატიის დასასრულს, ბერძენიშვილის თქმით, გაზაფხულზე დაანონსებული სააკაშვილის მოსპობის განმახორციელებელი სუბიექტი არ ჩანს და ის, რომ სააკაშვილი ცუდია, არ ნიშნავს იმას, რომ იგი ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი გზით უნდა მოვიშოროთ.
დღევანდელი კვირის პალიტრა აგრძელებს დაანონსებული რევოლუციის თემას და მკითხველს ექსპერტ გია ხუხაშვილთან ინტერვიუს სთავაზობს. გამოცემასთან ინტერვიუში ხუხაშვილი 2011 წელს სოციალურად დამძიმებულ ფონზე პოლიტიკური ტემპერატურის მატებას პროგნოზირებს, თუმცა დასძენს, რომ ამ გზაზე პოლიტიკური პროცესის მაკონსოლიდირებელ ელემენტს გამოკვეთილად ვერ ხედავს. ექსპერტი ამ ფაქტს პოლიტიკურ იმპოტენციად აფასებს და იმედოვნებს, რომ გამოიძებნება “პრეპარატი”, რომლის დახმარებითაც ამ სენს და უპირველესად საზოგადოების უნდობლობას დაამარცხებს. აქვე ხუხაშვილი დასძენს, რომ რამდენადაც საქართველო სწრაფი პოლიტიკური პროცესების ქვეყანაა, შესაძლოა, ხვალ-ზეგ გამოჩნდეს ვინმე ახალი ან ძველი, ვისაც ხალხი გაჰყვება და თუ ასეთი რამ მოხდება, პროცესები ელვისებურად განვითარდება. სტატიის დასასრულს ხუხაშვილი ლიბიაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოსთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს, რადგან ლიბიაში მოქმედებით დასავლეთი რუსეთს, ფაქტობრივად, სქემას აძლევს საქართველოში სამოქმედოდ და ამ მოქმედების ვადად ექსპერტი შემოდგომას ასახელებს, რადგან გაზაფხულზე რუსეთში არჩევნებია და პუტინს თეთრი ცხენი სჭიდრება. ერთადერთი, რაც საქართველოს შეუძლია ამ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთოს, ხუხაშვილის თქმით, ამ საკითხის ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების წინაშე დაყენებაა, რათა მათი მხრიდან ამის საწინააღმდეგოდ პრევენციული გარანტიები იქნას მიღებული.
გაზეთი “ვერსია” შეფიცულების რაზმის ხელმძღვანელ გია ბურჯანაძის ინეტრვიუს აქვეყნებს, სადაც მისი დაკავების დეტალების შესახებ ყვება. ბურჯანაძე ჩვენი სასამართლოს პირობებში ხალხის დაუცველობაზე საუბრობს და ყველა მოქალაქეს ერთმანეთის დაცვისკენ და კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს. ბურჯანაძე დაანონსებული 2 მაისის გამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ დღეს გამოაცხადებენ, თუ რას და როგორ აპირებენ, თუმცა იქვე დასძენს, რომ ამ დროისთვის მზაობა არაა და აქედან გამომდინარე, შეიძლება პროცესი 12 ან სულაც 24 მაისს დაიწყოს. მისი თქმით, “თუ ქართველი ერი მოგვიტრიალდება და გვეტყვის, თქვენ გიჟები ხომ არა ხართ, მშვენივრად ვართ და მომავალშიც ასე გვინდა ცხოვრებაო, მაშინ ვუპასუხებთ-ღმერთმა შეგარგოთ ეს ცხოვრებაც და ეს ხელისუფლებაც–თქო” -აცხადებს გია ბურჯანაძე გაზეთ “ვერსიასთან” ინტერვიუში.
2 მაისს დაგეგმილ აქციაზე საუბრობს “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან”. ბურჯანაძე აცხადებს, რომ 2 მაისს გამოაცხადებენ გათვლილ სამოქმედო გეგმას და ყველაფერს გააკეთებს, რომ ხალხს იმედი არ გაუცრუოს. აქვე დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერი აცხადებს, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები აქვს “ქართული პარტიის” ქცევებთან, განცხადებებთან და მოქმედებებთან დაკავშირებით. ბურჯანაძე “ასავალ-დასავალთან” პირდაპირ აცხადებს, რომ ნამდვილად ვერ ხედავს, რომ ქართული პარტია გულწფრელად ებრძვის სააკაშვილის რეჟიმს და ხალხს ერთად დგომისკენ მოუწოდებს.