ახალი ამბები

ეკა ბესელია: ”პოლიცია უკონტროლოდ იყენებს ძალას”

28 მარტი, 2011 •
ეკა ბესელია: ”პოლიცია უკონტროლოდ იყენებს ძალას”

ორგანიზაციამ ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” 25 მარტის პატიმართა უფლებების მხარდასაჭერი აქციის დარბევის ვიდეომასალა საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნა.

ადამიანთა უფლებების დამცველმა კოალიციამ ფაქტზე რეაგირების თხოვნით ევროკომისიის თავმჯდომარეს, ჟოზე მანუელ ბაროზოს, ევროპარლამენტის თავჯდომარეს, ეჟი ბუზეკს, ევროკომისიის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის წარმომადგენელს ჰაიდი ჰაუტას და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნა.

პრესკონფერენციზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ელოდება: ”მათ აქვთ საერთაშორისო ბერკეტები და მექანიზმები,  ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი და რეპრესიები რომ შეაჩერონ. ჩვენ მათთან შეხვედრასაც ვგეგმავთ, რათა შიდა პროცესებმა არ მიიღოს ქაოსური და უკონტროლო სახე”.

25 მარტს გამართული სანქცირებული აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. დააკავეს 7 ადამიანი (გია ბურჯანაძე, მერაბ ჭიქაშვილი, გიორგი ხარაბაძე, კახა ჩიქოვანი, ოთარ ბექაური, ბესო ტაბატაძე, ვლადიმერ სადღობელაშვილი). მოსამართლე ნანა დარასელიას გადაწყვეტილებით, სამ მათგანს 20–დღიანი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო დანარჩენებს– ჯარიმები, თითოს 400 ლარის ოდენობით.

ორგანიზაციის ”სოლიდარობა უკანონო ბატიმრებს” ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ: ”ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც პოლიციის მიერ აქციის დროს დაკავებული რომელიმე მოქალაქე სასამართლოს გაემართლებინა. ამით წახალისებული პოლიცია უკონტროლოდ იყენებს ძალას მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი