ახალი ამბები

სასჯელი მასტურბაციისთვის

28 მარტი, 2011 • 1378
სასჯელი მასტურბაციისთვის

ბათუმის საქალაქო სასამართლოში უჩვეულო პროცესი გაიმართა. ბათუმელი გ.თ. (მსჯავრდებულისა და დაზარალებულის ვინაობას არ ვასახელებთ) გარყვნილი ქმედების ბრალდებით გაასამართლეს და სასჯელის უმაღლესი ზომა, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლო პროცესი დახურული იყო და, შესაბამისად, ადვოკატები ამ პროცესზე ღიად არ საუბრობენ.  სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ძალოვანთა და ადვოკატთა წრეებში გავრცელდა.

როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, ბრალდებული გ.თ. საკუთარ სახლში მასტურბირებდა. ამ დროს მის ბინაში შემთხვევით შევიდა მეზობლის არასრულწლოვანი გოგონა, რომლის ოჯახმაც შემდეგ გარყვნილი ქმედების გამო მეზობელს უჩივლა. დაუდასტურებელი ინფორმაციით გოგონას გ.თ.-ს სპერმა გადაესხა, რაც გახდა ბრალდებულის დანაშაულის მამტკიცებელი ფაქტი.

ბათუმის საქალაქო პროკურატურამ გ.თ-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სსკ 141-ე მუხლით, რომელიც “გარყვნილი ქმედებით” კვალიფიცირდება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ეჭვმიტანილის მიმართ წაყენებული ბრალი უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნია და ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის უმაღლესი ზომა, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 141-ე მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, ერთ წლამდე გამასწორებელ სამუშაოს ან პატიმრობას ორ წლამდე.

ადვოკატი რამინ პაპიძე აცხადებს, რომ საქმე კურიოზულია: `მართალია, საქმის მასალებს არ ვიცნობ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, გ.თ-მ ქმედება საკუთარ სახლში ჩაიდინა, როცა ის მარტო იყო. მან არ იცოდა, თუ ვინმე შევიდოდა სახლში, გოგონამ მას ერექციის მომენტში შეუსწრო”.
გ.თ-ს საქმე გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი