ახალი ამბები

მერია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდაზე დროებით შეზღუდვას აწესებს

17 თებერვალი, 2016 • 2119
მერია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდაზე დროებით შეზღუდვას აწესებს

თბილისის მერია აცხადებს, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე განაშენიანების ინტენსივობის (კ2) კოეფიციენტების მომატებაზე დროებით შეზღუდვა დაწესდება.

კოეფიციენტი კ2, იგივე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი არის მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების სართულების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან მეათედის სიზუსტით.

მერიის ცნობით, კოეფიციენტის გაზრდაზე შეზღუდვა იქამდე იმოქმედებს, სანამ რეგულირების წესების ახალი რედაქციას, რომელიც ამ ეტაპზე, დამუშავების პროცესშია, საკრებულო არ დაამტკიცებს.

მერიის განმარტებით, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის, კ2-ის მომატების დროებით შეზღუდვა განპირობებულია ქალაქის ქაოტური განაშენიანების თავიდან აცილების მიზნით.

“იმისათვის, რომ გათვალისწინებული იყოს გენგეგმაში მოსალოდნელი ცვლილებები, ქალაქი აწესებს დროებით შეზღუდვებს, რათა შედეგები, რომელიც ამ პერიოდში ქალაქში შეიძლება განხორციელდეს, არ იყოს სავარაუდოდ ასახული გენგეგმაში. ცვლილებები ეხება კ2-სა და კ3-ის დათვლის წესს. ზონალურ საბჭოზე გამოდის საკითხები, რომელიც ეხება დაწესებული ნორმის ზღვარს ზემოთ, უფლებების გაცემას. ამ წესში იქნება შეზღუდვები, რომელიც ითვალისწინებს კ2-ს მომატებას მხოლოდ ერთხელ და ისიც სათანადო ქალაქგეგმარებითი დასაბუთების საფუძელზე”, – განაცხადა არქიტექტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, დიმიტრი მოსულიშვილმა, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მერიის ცნობით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის დასრულების შემდეგ,  კ2 კოეფიციენტის მომატება, მხოლოდ ერთჯერადად იქნება შესაძლებელი.

ამის გარდა, აცხადებს მერია, კოეფიციენტის მატებაზე გამკაცრდება გამონაკლისის დაშვების დასაბუთების წესიც, რაც შეამცირებს კ2 კოეფიციენტის მომატებაზე ნებართვების გაცემის ინტენსივობას და დედაქალაქის მთავრობას თბილისში ქაოტური მშენებლობების დარეგულირების შესაძლებლობას მისცემს.

მერიის ცნობით, გაიზრდება მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტიც და კ3 10%-ის ნაცვლად, 20%-ით განისაზღვრება – აღნიშნული ხელს შეუწყობს ქალაქში კიდევ უფრო მეტი მწვანე სივრცის გაჩენას, ამბობს მერია.

დიმიტრი მოსულიშვილის განმარტებით, აქამდე კოეფიციენტის კ2-ის გაზრდის შესაძლებლობა გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ იყო შესაძლებელი.

განაშენიანების რეგულირების წესებში დაგეგმილი ცვლილებები თბილისის მთავრობის  17 თებერვლის სხდომაზე განიხილეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი