ახალი ამბები

ბათუმის მერი მეზობლებთან ანგარიშს ასწორებს

28 მარტი, 2011 • 1474
ბათუმის მერი მეზობლებთან ანგარიშს ასწორებს

ქალაქ ბათუმის მერმა, რობერტ ჩხაიძემ კარის მეზობლის, სოციალურად დაუცველი ედუარდ პოღოსიანის წინააღმდეგ სასამართლო დავებში მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გელა მახარაძე გამოიყენა. ჩხაიძეებმა და ოჯახის ახლობლებმა პოღოსიანს ჯერ საერთო ეზოში შესვლა აუკრძალეს, ამჟამად კი უკანონო გამდიდრების მოტივით 13300 დოლარს სთხოვენ. ამ თანხის გადახდა პოღოსიანს ბათუმის სასამართლომ დააკისრა.

ბათუმის მერმა, რობერტ ჩხაიძემ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა კერძო სამეზობლო დავებში გამოიყენა და სასამართლო პროცესზე თავის წარმომადგენლად საჯარო მოხელე, მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გელა მახარაძე მიავლინა. მან 2010 წლის 25 ივნისს მახარაძეს მისცა საქართველოს ყველა სასამართლო ინსტანციაში წარმომადგენლობის უფლებამოსილება, რაც დამტკიცდა ნოტარიუსის,  ხათუნა კალანდარიშვილის სანოტარო აქტით.

ბათუმის მერი სხვა მეზობლებთან ერთად კარის მეზობელს, სოციალურად დაუცველ ედუარდ პოღოსიანს მის კუთვნილებაში არსებულ 59 კვ.მ მიწის ნაკვეთს ედავებოდა.

გელა მახარაძემ ჩხაიძეების კერძო ინტერესების დასაცავად რამდენიმე სასამართლო პროცესში მიიღო მონაწილეობა.

იურისტ ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, კერძო დავის დროს ქალაქის მერს თანამშრომლის გამოყენების უფლება არ აქვს: “თავის მხრივ, საჯარო მოსამსახურეს არა აქვს კერძო პრაქტიკის წარმოების უფლება. ამ შემთხვევაში საჯარო მოხელეს არა აქვს უფლება, დაიცვას ფიზიკური პირის, მერის ინტერესები. ერთი მხრივ, მერი არღვევს კანონს, როცა თავის საჯარო მოსამსახურეს უწევს ექსპლუატაციას, მეორე მხრივ, კანონს არღვევს საჯარო მოსამსახურეც, რადგან მას არა აქვს შეუთავსებელი საქმიანობის უფლება”.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი _ თამარ კორძაია კი ამბობს: “თუ არ დაუმტკიცდა საჯარო მოხელეს, რომ ის ანაზღაურებას იღებდა კერძო საქმიანობაში, მაშინ მას კანონი არ უკრძალავს სასამართლო პროსებზე გამოსვლას”.

სამეზობლო დავის პრელუდია

ბათუმში, პუშკინის ქ. #112-ში, ჩხაიძეებსა და პოღოსიანებს შორის დავა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. ჩხაიძეებმა საერთო ეზოში მშენებლობა წამოიწყეს. ეს  პოღოსიანებმა და გვერდით მეზობელმა იზო გიორგაძემ გააპროტესტეს. ბათუმის მერიაში მათ მიერ შეტანილი განცხადებები დაკმაყოფილდა. “ჩხაიძეები პოღოსიანებს ყოველთვის აყენებდნენ შეურაცხყოფას _ შენ სომეხი ხარ, მალე წაეთრევი აქედან და შენი სახლი ჩვენ დაგვრჩებაო. ჩვენც ასე გვემუქრებოდნენ, როგორც სოხუმში მოხდა, ისე გაგყრით აქედან არააჭარლებსო”, _ აცხადებს იზო გიორგაძე.

მართლაც, სამეზობლო კონფლიქტის გამო ჩხაიძეები არაერთხელ გააფრთხილა პოლიციის მე-8 ქვეგანყოფილებამ. “გაცნობებთ, რომ ხელწერილის ჩამორთმევით გაფრთხილებულნი არიან მოქალაქეები: ხასან, მურად, ეთერ და რობერტ ჩხაიძეები მასზედ, რომ აღარ გააგრძელებენ უკანონო მშენებლობას და მათი მხრიდან რაიმე შეურაცხყოფა თქვენ მიმართ აღარ იქნება”, _ წერს მე-8 ქვეგანყოფილების უფროსი, მაიორი რ. დიასამიძე 1996 წლის 21 ნოემბერს.

მოგვიანებით ედუარდ პოღოსიანმა სასამართლოს მიმართა და საერთო ეზოში თავისი კუთვნილი წილის გამოყოფა მოითხოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით, პუშკინის ქ. #112-ში მდებარე საერთო საკუთრებაში არსებული 824 კვ.მ მიწის ფართობიდან ედუარდ პოღოსიანს მიეკუთვნა 1/7 ნაწილი და საცხოვრებელ ფართობთან ერთად დამატებით გამოეყო 59 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

2005 წელს რობერტ ჩხაიძე დასაქმდა ბათუმის მერიაში და სამეზობლო დავაც განახლდა. მან, თავის ბიძაშვილთან, ზურაბ ჩხაიძესთან და მამიდაშვილთან, ისრაფილ ლორთქიფანიძესთან ერთად (ისინი იმავე ეზოში ცხოვრობენ), ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო ხელახლა მიმართა სასამართლოს. სასამართლომ ეს სარჩელი არ მიიღო.

12 აპრილს სასამართლოში ახალი განცხადება შევიდა, კიდევ ერთი მეზობლის _ სამველ აბრამოვის სახელით. აბრამოვი მაშინაც რუსეთში ცხოვრობდა და ახლაც ცხოვრობს. იგი პოღოსიანის მიერ მოგებულ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა და სასამართლო პროცესის განახლება ამ მიზეზით მოითხოვა. “სასამართლო გადაწყვეტილების ახალ გარემოებათა აღმოჩენის მოტივით განახლებას 5-წლიანი ვადა გასდიოდა. ამიტომაც ჩხაიძემ აბრამოვი მოისყიდა. რადგან აბრამოვის ჩამოყვანა ბათუმში ვერ მოახერხა,  ამიტომაც მისი ხელწერა გააყალბეს (ჩვენ ასე ვფიქრობთ) და განცხადება სასამართლოში შეიტანეს”, _ აცხადებს იზო გიორგაძე.

სამეზობლო დავის განახლების პარალელურად რობერტ ჩხაიძემ თანამდებობრივი აღმასვლა დაიწყო. ჯერ ვიცე-მერი გახდა, შემდეგ კი  მერის სავარძელი მოირგო. ამასობაში პოღოსიანებმა 2007 წლის 31 ოქტომბერს 59 კვ.მ მიწის სადავო ნაკვეთი გაყიდეს.

მიწის ნაკვეთზე დავა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2010 წლის 28 ივნისის სხდომაზე დასრულდა. რადგან სადავო მიწა უკვე გაყიდული იყო, ზოიძემ დავის შეწყვეტა მოითხოვა. “ეს გელა მახარაძემ რომ მოისმინა, სასტიკად აღშფოთდა და დაგვემუქრა: “როგორ გაბედეთ და ქალაქის მერს ცხვირწინ მიწა აახიეთ. ნახეთ რას გიზამთ, დაგიჭერთ და ცხვირიდან ამოგადენთ მაგასო”, _ აცხადებს იზო გიორგაძე.

 

მერი კულუარებში

სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე ბათუმის მერი თამაშიდან ოფიციალურად გავიდა. ხოლო ზურაბ ჩხაიძემ და ისრაფილ ლორთქიფანიძემ (რომელიც ბათუმის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონით დაფინანსებული შპს “სანდასუფთავების” დირექტორი იყო) ედუარდ პოღოსიანის, ირმა ზოიძის, იზო გიორგაძისა და მისი დედის, თინა ლომთათიძის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს. პოღოსიანსა და მის თანამზრახველებს ბრალად ედებოდათ სისხლის სამართლის დანაშაული _ თვითნებობის ჩადენა. დაიწყო წინასწარი გამოძიება, რომელიც 2010 წლის 16 აგვისტოს დადგენილებით შეწყდა. გადაწყვეტილებაში ჩაიწერა: “ამნისტიის აქტის საფუძველზე საქმეზე შეწყდა წინასწარი გამოძიება”.

პოღოსიანის მეორე ადვოკატი, ირაკლი შავაძე პროკურატურის მიკერძოებაზე საუბრობს: “პროკურატურამ გამოთქვა მოსაზრება, რომ პოღოსიანის ქმედებებში შეინიშნება სსკ 360–ე მუხლის დანაშაულის ნიშნები. თუ იცოდნენ, რომ ეს მუხლი ამნისტირებული იყო, წინასწარი გამოძიება არ უნდა დაწყებულიყო. თანაც, პოღოსიანი დაკითხეს მოწმედ, რის გამო მას არ ჩააბარეს მასალები, ანუ მას  გასაჩივრების შესაძლებლობა არ მიეცა”.

ადვოკატი ზოიძე კი ფიქრობს, რომ მსგავსი ჩანაწერი რობერტ ჩხაიძის გავლენით გაკეთდა: “სისხლის სამართლის საქმე რომ არ გამოუვიდათ, სოციალურად დაუცველს ჯერ სახლი დაუყადაღეს, ახლა ფულს სთხოვენ”.

პროკურატურის შემდეგ ბათუმის მერის ოჯახმა ხელახლა მიმართა სასამართლოს. ახლა პოღოსიანს უკანონო გამდიდრების მოტივით ედავებიან და საერთო წილის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის მეზობლებისთვის გადანაწილებას სთხოვენ.

ამჯერად სასამართლო დავებში გამოჩნდა მერის და, ლიანა ჩხაიძე, რომელიც ზურაბ ჩხაიძეს, ისრაფილ ლორთქიფანიძესა და რუსტამ აბრამოვთან ერთად აგრძელებს დავას. მთავარი მოსარჩელე _ სამველ აბრამოვი, ვისი განცხადებითაც საქმე განახლდა, სასამართლო პროცესებს მისი განახლებისთანავე ჩამოცილდა. სასამართლო დავებში აღარ მონაწილეობს გელა მახარაძეც, რომელიც ადვოკატმა დავით გაბაიძემ (მისმა თანაკურსელმა) შეცვალა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნათელა ჯაშიაშვილმა 2011 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით, პოღოსიანს ლიანა და ზურაბ ჩხაიძეებისა და ისრაფილ ლორთქიფანიძის სასარგებლოდ 7700 აშშ დოლარის გადახდა დაავალდებულა, ხოლო რუსტამ აბრამოვისთვის _ 5 600 დოლარის.

ადვოკატი შავაძე ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და იგი შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა: “ქალაქ ბათუმის მერმა გამოიყენა მისი სამსახურებრივი მდგომარეობა და სასამართლოში წარადგინა გაყალბებული დოკუმენტები, კერძოდ: საჯარო რეესტრიდან წარმოადგინეს მონაცემები, თითქოს პოღოსიანის საცხოვრებელი ფართობი 32 კვ.მეტრია, სინამდვილეში იყო 67 კვ.მეტრი, რაც თავის დროზე პოღოსიანმა შეისყიდა სახელმწიფოსგან. ამაზე რეესტრში განცხადება შევიტანეთ, მაგრამ ის მანამ არ გაატარეს, სანამ არ დასრულდა სასამართლო პროცესი. აქედან გამომდინარე პოღოსიანის წილი ხელოვნურად შეამცირეს”.

სამეზობლო დავის დაწყებისთანავე ბათუმის მერის ოჯახმა პოღოსიანებს საერთოდ აუკრძალა ეზოში სიარული. ამის გამო ისინი სარეცხს არა ეზოში, არამედ პუშკინის ქუჩის ტროტუარზე ფენენ.

პოღოსიანები სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი და სახელმწიფო შემწეობასაც იღებდნენ. თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა, მათ შემწეობის მიღებაც შეუწყვიტეს.

იზო გიორგაძე ამბობს, რომ თავადაც და პოღოსიანებიც სახლ-კარს ყიდიან: “რობერტის გამო ვერ ვყიდით. ყველა მყიდველი მაგის გამო გაიქცა. თავად კი იშოვა მილიონები _ სახლებს დებსა და ბიძაშვილ-მამიდაშვილების სახელებზე აფორმებს. ქალაქის მერი სოციალურად გაჭირვებულს, უკანონო გამდიდრების მოტივით ედავება და ფულს სთხოვს. მაგას მეზობლებთან ვერ მოუგვარებია ურთიერთობა და ქალაქს როგორ უნდა მიხედოს?”.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, “ბათუმელებმა? ვერც ბათუმის მერის, რობერტ ჩხაიძის კომენტარი მოიპოვა და ვერც მისი ოჯახის წევრების.

მასალების გადაბეჭდვის წესი