“სანდრა რულოვსმა შეიძინა სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორია, იქ აპირებს საკუთარი რეზიდენციის მშენებლობას“ – განცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე “ლეიბორისტული პარტიის” გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა, რომელმაც ბავშვთა ორთოპედიული სანატორიუმის – “გაზაფხულის“ დახურვა გააპროტესტა.
მისი თქმით, სანატორიუმის დახურვის მიზეზი მის ტერიტორიაზე დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოებია, ამის ხარჯზე კი სანატორიუმში მყოფი ბავშვები მკურნალობის გარეშე დარჩებიან, ხოლო იქ მომუშავე პერსონალი სამსახურს დაკარგავს.
„უნარშეზღუდული ბავშვები მათ არ ადარდებთ, ამიტომ სანატორიუმს დაფინანსება 1 მარტს შეუწყვიტეს, იქ მყოფ უნარშეზღუდულ ბავშვებს ქუჩაში გამოყრით ემუქრებიან” – განაცხადა შატბერაშვილმა.
მანვე მოუწოდა ჯანდაცვის მინისტრს, რომ აღუდგინოს დაფინანსება ამ დაწესებულებას, ასევე მისი რეაბილიტაციისა და სრულყოფილად აღჭურვისათვის გამოყოს დამატებითი თანხები. პრესკონფერენციას სანატორიუმის მედპერსონალი, პაციენტი ბავშვები და მათი მშობლებიც ესწრებოდნენ.
ამავე თემაზე: