ახალი ამბები

აქცია სუბელიანის წინააღმდეგ

25 მარტი, 2011 • • 1047
აქცია სუბელიანის წინააღმდეგ

დღეს “ახალი მემარჯვენეების” ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ აქცია გამართა, რომელსაც რამდენიმე ათეული დევნილი ესწრებოდა. აქციის მონაწილე ახალი მემარჯვენეების წევრები კობა სუბელიანს ფინანსურ მაქინაციებში სდებდნენ ბრალს და მის გადადგომას ითხოვდნენ.

“ახალი მემარჯვენეების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით ფაცაციას თქმით, დევნილებისთვის გამოყოფილი 2 მილიარდი არამიზნობრივად დაიხარჯა და მხოლოდ ფასადები შეკეთდა უცხოელებისთვის საჩვენებლად.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ კობა სუბელიანის ქონებრივი დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც,  გასულ წლის განმავლობაში 98 ათასი ლარი მიიღო.

როგორც ფაცაცია ამბობს, მან ორი კვირის წინ გაუგზავნა წერილი კობა სუბელიანს, რომელშიც რამდენიმე კითხვაზე ითხოვდა პასუხს, მათ შორის იმაზეც, თუ რა თანხები დაიხარჯა დევნილებისთვის, თუმცა პასუხი არ მიუღია.

სამინისტროსთან შეკრებილი დევნილები სუბელიანთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუ 5 წუთის განმავლობაში არ ჩამოვიდოდა, თვითონ ააკითხავდნენ. სუბელიანი მართლაც არ ჩამოსულა და აქციის მონაწილეებმა სამინისტროში შესვლა გადაწყვიტეს. მიუხედავად იმისა, რომ დაცვამ კარი ოპერატიულად ჩაკეტა, მალევე გააღო. კობა სუბელიანი აქციის მონაწილეებს კიბეებზე შეხვდა და  კითხვებს უპასუხა. საკუთარ კითხვებზე პასუხების მიღება სცადა ფაცაციამაც, თუმცა უშედეგოდ.

გადადგომის მოთხოვნაზე კი აქციის მონაწილეებმა მინისტრისგან უარი მიიღეს.

საუბარი რამდენიმე წუთს გაგრძელდა, შემდეგ სუბელიანმა დატოვა აქციის მონაწილენი.

ფაცაციას ინიციატივით, შეიკრიბა სამი ადამინი, რომლებიც კობა სუბელიანთან მოლაპარაკებისთვის უნდა შესულიყვნენ, თუმცა მინისტრმა ისინი არ მიიღო.

დღესვე პარლამენტში საპარლამენტო ოპოზიციამ  კობა სუბელიანის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა, რასაც საპარლამენტო უმრავლესობამ არ დაუჭირა მხარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი