ახალი ამბები

„საარჩევნო საკითხებზე დიალოგს ხელისუფლება დროის გასაჭიანურებლად იყენებს“

23 მარტი, 2011 •
„საარჩევნო საკითხებზე დიალოგს ხელისუფლება დროის გასაჭიანურებლად იყენებს“

„ოპოზიციასთან, პირველ რიგში „რვიანთან“, შეთანხმების გარეშე ხელისუფლება არჩევნებს ვერ ჩაატარებს, ხოლო თუ ჩაატარებს, ეს იქნება არა არჩევნები, არამედ ხალხის ბრძოლა უზურპატორ ხელისუფლებასთან. ჩვენ გვინდა არჩევნები, მაგრამ მზად ვართ ბრძოლისთვისაც. ჩვენ არ ვწყვეტთ მოლაპარაკებებს, მაგრამ მზად ვართ გავაგრძელოთ ეს პროცესი მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან ადექვატური ნაბიჯების გადმოდგმის შემთხვევაში“ – ასეთი განცხადება გააკეთეს დღეს „რესპუბლიკური პარტიის“ ოფისში რვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა.

„ხელისუფლების ადექვატური დამოკიდებულების მანიშნებელი იქნებოდა, მაგალითად, გადაწყვეტილების მიღება მთელ ქვეყანაში ამომრჩეველთა ბიომეტრულ რეგისტრაციაზე და საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფდა პოლიტიკურ ძალებს შორის საპარლამენტო ადგილების განაწილებას მიღებული ხმების პროპორციულად“ – აცხადებენ „რვიანის“ წარმომადგენლები.

„რვიანად“ წოდებულ ფორმატში  საქართველოს საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად 8 ოპოზოციური პოლიტიკური პარტია მონაწილეობს ხელისუფლებასთან დიალოგის რეჟიმში გასული წლის ოქტომბრიდან.

„ხელისუფლებასთან დიალოგის ხუთი თვის შემდეგ თავს ვალდებულად ვთვლით, საზოგადოებას ვამცნოთ დღეისათვის არსებული რეალობა:  ხელისუფლებას კვლავაც არა აქვს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების პოლიტიკური ნება და  ხელისუფლება ჯერ კიდევ არ არის იძულებული, სათანადო ანგარიში გაუწიოს საშინაო და საგარეო ფაქტორების ერთობლიობას და გადადგას სწორი ნაბიჯები“ – აცხადებენ „რვიანის“ წარმომადგენლები.

მათივე თქმით, „საარჩევნო საკითხებზე დიალოგს ხელისუფლება იყენებს არა საარჩევნო პრობლემებში უკეთ გასარკვევად, არგუმენტირებული, რაციონალური ინიციატივების მოსასმენად და ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მისაღწევად, არამედ დროის გასაჭიანურებლად, მთავარი ოპონენტის („რვიანის“) მოთმინებიდან გამოსაყვანად, მოლაპარაკებების ჩაშლის სხვისთვის გადასაბრალებლად და დასავლეთის დედაქალაქებში ნაცნობი მესიჯის გასაგზავნად – „რა ვქნა, ვის შევუთანხმდე, ხომ იცით, ვისთან მაქვს საქმე…“

„რვიანის“ წარმომადგენლები მოუწოედებენ  საერთაშორისო საზოგადოებას, რომ  სათანადოდ  შეაფასონ ვითარება და დაეხმარონ ქართველ ხალხს დემოკრატიული არჩევანის შენარჩუნებაში.

„რვიანის“ შემადგენლობაში გაერთიანებულნი არიან შემდეგი ოპოზიციური პარტიები: „ახალი მემარჯვენეები“, „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები“, “კონსერვატიული პარტია“, „რესპუბლიკური პარტია“, „საქართველოს გზა“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და „ხალხის პარტია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი