ახალი ამბები

დავით უსუფაშვილი ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

15 თებერვალი, 2016 • 1080
დავით უსუფაშვილი ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს, 15 თებერვლას, ვენეციის კომისიისა და ეუთოს ექსპერტებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ეუთოს მისიისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს  განუმარტა ყველა ის არგუმენტი, რაც საფუძვლად დაედო სამხარეო-პროპორციული სისტემით 2020 წლიდან არჩევნების ჩატარებას.

“კოლეგებმა ვენეციის კომისიიდან, ეუთოს მისიიდან, მოისმინეს ყველა ის არგუმენტი, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, იმ გეგმას, რომელიც შედგება ორი პუნქტისგან, პირველი: 2016 წლის არჩევნების ჩატარება შერეული სისტემით, რომელიც არათუ შეესაბამება ვენეციის კომისიის სტანდარტებს, არამედ აღემატება კიდეც მას, იმიტომ, რომ სტუმრებიც დაგვეთანხმნენ იმაში, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმაზე მაღალი სტანდარტი დაადგინა საქართველოში, ვიდრე ვენეციის კომისიას აქვს და სწორედ ამ სტანდარტიდან გამომდინარე, მოგვიწია ჩვენ ძალიან ბევრი რაიონის ერთად გაერთიანება, თავმოყრა, იმიტომ, რომ ვენეციის კომისიის სტანდარტისგან განსხვავებით, რომელიც გამონაკლის შემთხვევებში 15%-ზე მეტ განსხვავებას უშვებდა ოლქებს შორის, სასამართლომ დააწესა, რომ 15%-ში უნდა ჩატეულიყო ეს ყველაფერი. მოკლედ, სტანდარტების თვალსაზრისით, ეს იქნება ყველაზე უფრო მაღალი სტანდარტების სისტემა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

„მე ავუხსენი კოლეგებს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ეს არის გათვალისწინებული არა 2020 წლისთვის, არამედ 2016 წლის შემდგომაზე, ანუ თუ მოხდება რიგგარეშე არჩევნები ან სხვა რამ, ჩვენ 2016 წლიდანვე ანუ შემოდგომის ბოლოდანვე გვექნება ახალი სისტემა, მაგრამ ამას სჭირდება გადაწყვეტილების მიღება. სამწუხაროდ, გადაწყვეტილების მიღებისთვის დრო რჩება ცოტა, იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებას სჭირდება ორ სესიაზე გადაწყვეტილებების მიღება, სამი თვე, მათ შორის. ზაფხული უკვე იქნება ძალიან დატვირთული წინასაარჩევნო კამპანიით, ასე რომ, იმედია, ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან, ბოლო-ბოლო დაინახავენ იმის საჭიროებას და აუცილებლობას, რომ ჩვენს მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება მხარდაჭერა, სანამ სულ გვიან არ არის და სანამ ყველაფერი თავიდან არ დაიწყება 2016 წლის შემდეგაც, ისე, როგორც ეს ხდებოდა განვლილი 25 წლის განმავლობაში, როდესაც მოახლოებული არჩევნების წინ იყო მცდელობა სისტემის შეცვლის, ეს ვერ ხერხდებოდა და სისტემა გვრჩებოდა უცვლელი, ამიტომ, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ ახლა, იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მერე, არჩევნების შემდეგ, იქნება ისეთივე რთული, როგორც ეს რთული აღმოჩნდა ახლა, ანუ ცვლილება მაჟორიტარულიდან პროპორციულზე. ახლა, თუ ამ მოსაზრებას უკვე ერთი წელია, არ იზიარებენ და კიდევ არ გაიზიარებენ კოლეგები, მაშინ დავრჩებით ამ რეალობაში“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღესვე, ვენეციის კომისიის წევრებმა და ეუთოს წარმომადგენლებმა  საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათი შენიშვნები მოისმინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი