აჭარაში რესპუბლიკური პარტია შეიძლება ათობით წევრმა დატოვოს. მიზეზი იდეური შეუთანხმებლობაა, რომელმაც თავი ბათუმში აზიზეის მეჩეთის შესაძლო აღდგენის გამო იჩინა.
მას შემდეგ, რაც რესპუბლიკურმა პარტიამ თავისი რიგებიდან მურმან დუმბაძე გარიცხა, სხვა წევრებიც ფიქრობენ პარტიის დატოვებას. ავთო ბერიძემ, რომელიც მრავალი წელია რესპუბლიკური პარტიის წევრია, ნეტგაზეთს უთხრა, რომ ჯერჯერობით რჩება პარტიის რიგებში, თუმცა არ არის გამორციხული, პარტია დატოვოს:
„ჯერჯერობით ამ რამდენიმე დღეს ჩვენ ვართ ამ პარტიის წევრები, მომავალში არ ვიცი. ჯერ არ გვცალია, სხვა საქმეებით ვართ დაკავებული. კონკრეტულად კი მიტინგში ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას“.
მიტინგი ბათუმში ხვალ იგეგმება. მისი ერთ–ერთი ორგანიზატორი რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი მურმან დუმბაძეა, რომლის პარტიიდან გარიცხვის მიზეზი სწორედ ამ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობა გახდა.
საქმე ეხება საქართველო–თურქეთის მომავალი პოლიტიკური ხელშეკრულების იმ სავარაუდო მუხლს, რომელიც ტაო–კლარჯეთში ქართული ძეგლების აღდგენის ნაცვლად, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აღდგენას ითვალისწინებს.
რესპუბლიკური პარტიის ოფიციალური განცხადებით, 23 მარტისათვის დაგეგმილი აქციის თანაორგანიზატორების მხრიდან დაფიქსირდა მნიშვნელოვანად განსხვავებული ხედვები (მათ შორის ქსენოფობიური), როგორც კონკრეტული თემის, ისე მასთან ორგანულად დაკავშირებული სხვა საკითხების თაობაზე.
პარტიის ოფიციალური პოზიციაა, რომ არსებობს მიზანმიმართული პროვოკაციების საფრთხე, ვინაიდან საკითხი რელიგიურად მგრძნობიარეა. აქციაში მონაწილეობა რესპუბლიკური პარტიის სათავო ოფისმა დაუშვებლად მიიჩნია და განაცხადა, რომ 23 მარტის აქციაში მონაწილეობა მის პოლიტიკურ კურსთან შეუსაბამოა.
ამის მიუხედავად, მურმან დუმბაძის გარდა, ხვალინდელ აქციაში მონაწილეობას სხვა რესპუბლიკელებიც გეგმავენ. ისინი გეგმავენ პარტიის დატოვებასაც.
„შესაძლებელია, რომ პარტია 30–40–მა ადამიანმა დატოვოს. ბათუმის ორგანიზაციის აბსოლუტური უმრავლესობა, მეც მათ შორის, დავრჩები“, ამბობს გიორგი მასალკინი, რომელიც არ აპირებს აქციაში მონაწილეობის მიღებას.
მასალკინი ვარაუდობს, რომ შესაძლოა საერთოდ დაიშალოს პარტიის ხელვაჩაურის და ქედის ორგანიზაციები.
პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 20 მარტს ჩავიდა ბათუმში და თანაპარტიელებს შეხვდა. ავთანდილ ბერიძე არ აკონკრეტებს შეხვედრის დეტალებს და ამბობს, რომ ეს იყო დახურული შეხვედრა.
მასალკინის თქმით, „ბატონი დავითი პარტიის წევრებს შეხვდა. ესენი იყვნენ პირობითად ბატონი მურმანის და საქალაქო ორგანიზაციის მომხრეები. ბატონმა დავითმა აუხსნა, რომ გადაწყვეტილება საღი აზრით და ცივი გონებით მიიღონ. ვფიქრობ, ბევრს შეუცვალა პოზიცია. შეხვედრის შემდეგ ბევრს შეიძლება კიდევ უფრო განუტკიცდა თავისი პოზიცია. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ რამდენიმე დღეში გავიგებთ“.
ბათუმში ჩასვლამდე დავით უსუფაშვილმა გამოაქვეყნა „რამდენიმე პრინციპული მოსაზრება“ ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც წერს: „ბუნებრივია, რომ მოლაპარაკებების პროცესში თურქულმა მხარემ გამოთქვა ინტერესი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული იმ ძეგლების დაცვასთან დაკავშირებით, რომლებიც მას მიაჩნია განსაკუთრებული კულტურულ-ისტორიული ღირებულების მქონედ. ქართულმა მხარემ გულდასმით უნდა განიხილოს ყოველი კონკრეტული საკითხი და გადადგას გონივრული და დასაბუთებული შემხვედრი ნაბიჯები“,
თავის მხრივ, გუშინ დაგეგმილი აქციის საორგანიზაციო ჯგუფმა განცხადება გაავრცელა:
„ამ ხელშეკრულების გაფორმება (თურქეთ– საქართველოს შორის) გაუმართლებელია მორალური თვალსაზრისით, რადგანაც დღევანდელი თურქეთი ოსმალეთის იმპერიის პოლიტიკური ისტორიის იმ მომენტს უდგამს ძეგლს, რომელიც მისთვის იყო წარმატებული“,–ნათქვამია მიმართვაში, რომელიც აქციის ორგანიზატორებმა გაავრცელეს.
რესპუბლიკური პარტიის წევრები ბათუმში 23 მარტს სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ერთი ნაწილი პირობითად მურმან დუმბაძის მომხრეების მეჩეთის აღდგენის საწინააღმდეგო აქციაში მიიღებს მონაწილეობას, მეორე ნაწილი ბათუმის პრესკაფეში გამართულ დისკუსიასა და ფოტოგამოფენას დაესწრება.
პრესკაფეში 1921 წლის მარტის მოვლენების ფოტოქრონიკა და გიზო ჩიგოგიძის ფოტოგამოფენა გაიხსნება.
ბათუმში, იქ, სადაც აზიზეის მეჩეთი იდგა, ახლა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსია, დანარჩენ ტერიტორიაზე კი რუსეთ–თურქეთის ომში საქართველოსთვის მებრძოლების საფლავებია.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ იმ ადგილს, სადაც საფლავებია განთავსებული, ვერავინ შეეხება.
ტაო–კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ხანძთის, ოშკის, იშხანისა და ოთხთა ეკლესიის რეაბილიტაციის სანაცვლოდ, სავარუდოდ, საქართველოში სამი მეჩეთის განახლებისა და ერთის აშენების შესახებ განცხადება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკა ვაჩეიშვილმა განაცხადა.
თუმცა საქართველო–თურქეთის მოლაპარაკების დეტალები დღემდე უცნობია. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე თავის წერილში ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას გამჭვირვალობას სთხოვს, რათა საზოგადოებას ამ თემაზე დისკუსიებისა და პოზიციების დრო და საშუალება ჰქონდეს.