ახალი ამბები

მთავარი პროკურორის მოადგილე: “რაფალიანცის საქმეს დღეს ვერაფერს დავამატებ”

15 თებერვალი, 2016 • 1422
მთავარი პროკურორის მოადგილე: “რაფალიანცის საქმეს დღეს ვერაფერს დავამატებ”

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე სამინისტორიების ანგარიშს ისმენენ , საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა მთავარი პროკურორის მოადგილეს კითხვა ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიების შესახებ დაუსვა:

” მეოთხე წელი სრულდება, რაც ბარბარე რაფალიანცის საქმე გამოუძიებელია. ეს საქმე პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა, ერთ-ერთ ადამიანს პირდაპირ აბრალებდნენ, რომ თითქოს მის მიერ იყო ორგანიზებული ეს მკვლელობა და ეს ადამიანი იყო პარლამენტის წევრი. მოკლული ბავშვის დედა, როგორც თვითონ ამბობს, მიყვანილი იყო გენერალურ ინსპექციაში, მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეს იმ პირობებში, როცა სამინისტრო საქმეს საერთოდ არ იძიებდა. ასევე, ადვოკატ ლალი ბიწოშვილის განცხადებით, მკვლელობა იყო ორგანიზებული ერთ-ერთი  პოლიტიკური ძალის მიერ და მასში მონაწილეობდა მაშინდელი მაჟორიტარობის კანდიდატი  ქალბატონი ბერიკაშვილი. ჩვენ რამდენჯერმე დავაყენეთ საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი და უარი მივირეთ იმ მოტივით, რომ პროკურატურა იძიებს ამ საქმეს. რა ვითარება არის ახლა ამ საქმესთან დაკავშირებით?  ”

მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე ამბობს, რომ ამ საკითხს ახალს ვერაფერს დაამატებს:

“იგივე რაფალიანცის საქმე, ეს მტკივნეული საკითხი… თქვენ ორიოდე თვის წინ, მანამდეც გქონდათ შესაძლებლობა მთავარი პროკურატურის პირველი მოადგილის რანგში გესაუბრათ ირაკლი შოთაძესთან, ამიტომ მე დღეს ახალს ამ საკითხს ვერაფერს დავამატებ. ”

2012 წელს, კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 10 თვის ბარბარე რაფალიანცი ქვევრში ჩაგდებული იპოვეს, ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მაშინ “ქართული ოცნების” გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი აცხადებდა, რომ ბავშვი მოკლულია.

“მე ვიცი, რამდენი ხნის განმავლობაში ემუქრებოდა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ოჯახს. ოჯახის წევრები ვერ მოისყიდეს და თავის მხარეზე ვერ გადაიყვანეს, ფულიც კი შესთავაზეს და მას შემდეგ, რაც ვერაფერს გახდნენ, ასე გაუსწორდნენ ოჯახს”, – აცხადებდა მანანა ბერიკაშვილი 2012 წელს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი