ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა კომიტეტზე მთავარი პროკურატურის ანგარიშს ისმენენ

15 თებერვალი, 2016 • 1389
ადამიანის უფლებათა კომიტეტზე მთავარი პროკურატურის ანგარიშს ისმენენ

ადამიანების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის ანგარიშზე საქართველოს პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე უწყებათა ანგარიშებს ისმენენ. რეკომენდაციების შესრულებაზე დღეს ანგარიშს მთავარი პროკურატურა, განათლების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინიტრო და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო წარმოადგენენ.

მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე აცხადებს, რომ მთავარმა პროკურატურამ სახალხო დამცველის რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა გაითვალისწინა:

” აბსოლუტური უმრავლესობა არის გათვალისწინებული. ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმის გამოძიება არ არის დასრულებული, საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო, ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. სახალხო დამცველს იმედია მიეცემა საშუალება დღეს კითხვები დამისვას და აუცილებლად გავცემ ამ კითხვებზე პასუხს. რაც შეეხება შეწყალების კომისიის საქმის გამოძიებას, როგორც მთავარმა პროკურმა განაცხადა, ეს საქმე გამოძიების ბოლო ეტაპზეა და ძალიან მალე გაიგებთ თუ რა დადგინდა. სანამ გამოძიება არ დასრულდება, კონკრეტულად ვერფერს ვიტყვი, არასერიოზულია. ”

სახალხო დამცველი კი აცხადებს, რომ რეკომენდაციები ნაწილობრივ არის შესრულებული:

“ჩვენ მოვისმენთ დეტალურ ინფორმაციას პროკურატურისგან რეკომენდაციების შესახებ.  საუბარია ლოპოტას ხეობაში მომხდარი სპეცოპერაციის დროს მიმდინარე გამოძიების დასრულებაზე, 2008 წლის ომთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე. ასევე, სამართალწარმოების პროცესში მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით შექმნილ სპეციალური დეპარტამენტის მუშაობაზე, რომელიც პროკურატურაში შეიქმნა. საუბარი იყო ამ საქმეების გამოძიებაზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთელი რიგი საქმეების გამოძიება ბოლომდე არ არის მისული, ნაწილობრივ არის შესრულებული ჩვენი რეკომენდაციები. გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ კვლავ არ არის დამდგარი შედეგი, სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა მთელ რიგ საქმეებთან დაკავშირებით. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ მცირე ნაწილი არის რეკომენდაციებიდან შესრულებული მთავარი პროკურატურის მხრიდან. მთავარი არის ის, რომ გამოძიება დაწყებულია თითქმის ყველა შემთხვევაში, მაგრამ შედეგი არ არის დამდგარი და ამ მხრივ არის ყველაზე დიდი პრობლემა.”

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი