ახალი ამბები

გიორგი თუხარელის “აღიარება”

21 მარტი, 2011 • • 2257
გიორგი თუხარელის “აღიარება”

 

„მე ვაცნობიერებ, რომ ცუდად მოვიქეცი  და შეურაცხყოფა საჯარო სივრცეში არ უნდა მიმეყენებინა,“- ამბობს  „პირველი არხის“ ყოფილი ჟურნლისტი, რომელმაც ფეისბუქზე გაკეთებული კომენტარების გამო მაუწყებელი დატოვა.

თუხარელი „ნეტგაზეთს“ დღეს დაუკავშირდა. მანამდე, ამ  თემაზე სტატიის მომზადებისას გამოცემა ამაოდ ცდილობდა დაკავშირებოდა ჟურნალისტებს, რომლებმაც საზოგადოებრივი მაუწყებელი  ფეისბუქზე გამოქვეყნებული დისკრიმინაციული შინაარსის კომენტარების გამო დატოვეს.

ჟურნალისტებმა – გიორგი თუხარელმა და გიორგი გაბრიჩიძემ– სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები 18 მარტს დაწერეს. მაუწყებლის ხელმძღვანელობამ მათი განცხადება მალევე დააკმაყოფილა.

გიორგი თუხარელის თქმით, მისი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა შეურაცხმყოფელი კომენტარები  რელიგიური ჯგუფებისა და სექსუალური უმცირესობების მიმართ, რომლებიც  „ფეისბუქზე“ შექმნილ გვერდზე – „მე არ მიყვარს ჩემი პატრიარქი“ –გამოაქვეყნა.

ორივე ჟურნალისტი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ვახო სანაიას რეპორტაჟი“ მუშაობდნენ.  გადაცემის წამყვანმა ვახო სანაიმ  ნეტგაზეთს 18 მარტს მიცემულ ინტერვიუში უთხრა, რომ  ამ ჟურნალისტებთან ერთად მუშაობის გაგრძელება აღარ სურდა და ამის შესახებ მათ პირდაპირ განუცხადა.

გიორგი თუხარელი დღეს ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ  სანამ ვახო სანაია აღნიშნულ განცხადებას გააკეთებდა, გადაწყვეტილებაც უკვე მიღებული ჰქონდა  და განცხადებაც დაწერილი:

„ეს იყო ჩემი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. მე თვითონ ჩავთვალე თავი ვალდებულად, რადგან ჩემი კომენტარი ისეთ კონტექსტში განთავსდა,  თითქოს მეც ანალოგიურად ვიყავი გაბრიჩიძის გამონათქვამის მომხრე,“ – ამბობს გიორგი თუხარელი.

ჟურნალისტის თქმით,  როდესაც ფეისბუქის გვერდზე კომენტარს წერდა, მას არ ჰქონდა წაკითხული მეორე ჟურნალისტის, გიორგი გაბრიჩიძის ნაწერი.

„მე ერთი კომენტარი დავწერე და ფეისბუქიდან მაშინვე გამოვედი. ჩემი ეს კომენტარი, უბრალოდ, გაუცნობიერებლად იყო მიმართული ერთ-ერთი ინტერნეტ მომხმარებლისადმი, რომელთანაც პირადად ვკინკლაობდი, თუ შეიძლება ასე ითქვას. მართლაც ვაღიარებ, რომ ეს იყო ჩემი მხრიდან გაუაზრებელი ნაბიჯი, რადგან მაინც საჯარო სივრცეა და არ შეიძლება ჩემი მხრიდან მსგავსი შეურაცხყოფის მიყენება. მე იმ ადამიანს შემდეგ ველაპარაკე და მოვუბოდიშე კიდეც“.

მისივე თქმით,  „მოგვიანებით ამ ყველაფერმა ისეთი კონტექსტი შეიძინა, თითქოს მე ვიზიარებდი გიორგი გაბრიჩიძის იქ მოყვანილ უწმაწურ გამონათქვამებს. რადგან ჩემი კომენტარი ასეთ კონტექსტში მოხვდა, მე თვითონ ჩავთვალე საჭიროდ, რომ რაიმე ნაბიჯი გადამედგა. იმ დროისთვის ეს ნაბიჯი იყო, რომ განცხადება დამეწერა. შემდეგი ეტაპი იყო, რომ პოლემიკაში ჩართული ადამიანებისთვის ახსნა-განმარტებითი წერილი მიმეწერა.“

მასალების გადაბეჭდვის წესი