ახალი ამბები

ჟურნალისტები სოციალურ ქსელებში

19 მარტი, 2011 • • 2686
ჟურნალისტები სოციალურ ქსელებში

როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალსიტი სოციალურ ქსელებში და როგორ-არა, ამის შესახებ ერთიანი სტანდარტი არა მარტო საქართველოში, მსოფლიო მედიასაშუალებების ნაწილშიც არ არის დადგენილი. ასევე განსხვავებულია სანქციები, რომლებიც ჟურნალისტების წინააღმდეგ წესების დარღვევისას გამოიყენება.

სოციალურ ქსელში გამოხატული დისკრიმინაციული და უხამსი გამონათქვამების გამო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ორ თანამშრომელს 18 მარტს სამსახურის დატოვება მოუწია. „პირველი არხის“ გადაცემა „ვახო სანაიას რეპორტაჟის“ ჟურნალისტებმა განცხადებები მას შემდეგ დაწერეს, რაც ვახო სანაიამ მათ განუცხადა, რომ არ სურს მათთან ერთად მუშაობის გაგრძელება.

სანაიას ამ განცხადების საფუძველი კი გახდა თუხარელისა და გაბრიჩიძის შეურაცხმყოფელი კომენტარები  რელიგიური ჯგუფებისა და სექსუალური უმცირესობების მიმართ. ეს კომენტარები „ფეისბუქზე“ შექმნილ გვერდზე – „მე არ მიყვარს ჩემი პატრიარქი“ – ორი დღის წინ გამოქვეყნდა.

“ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, ქართულ და უცხოეურ მედიასაშუალებებში  არიან თუ არა ჟურნალისტები შეზღუდული სოციალურ ქსელებში საკუთარი, თუნდაც დისკრიმინაციული აზრის გამოხატვისას.

გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ სოციალურ ქსელებში ჟურნალსიტთა ქცევების დასარეგულირებლად რაიმე წერილობითი დოკუმენტი რედაქციაში არ არსებობს. თუმცა, მათ ყოველთვის მოეთხოვებათ ჟურნალსიტური სტანდარტების დაცვა და მნიშვნელობა არა აქვს, ჟურნალისტი ამ დროს სად იქნება.

„რეზონანსის“ ჟურნალისტთა ძირითადი ნაწილი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერია. სოციალურ ქსელში ის არ წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს. ის არის ჟურნალისტი და ამიტომ ასეთი ტიპის გამონათქვამები, რა თქმა უნდა, მოახდენს ზეგავლენას, თუმცა ასეთი ტიპის შემთხვევა ჩვენ არც გვქონია“ – უთხრა ელისო ჩაფიძემ ”ნეტგაზეთს.”

მისივე თქმით, სანამ ჟურნალისტს „რეზონანსში“ სამუშაოდ აიყვანენ, ესაუბრებიან, რედაქციისთვის  რა არის მისაღები და რა– არა.  ჟურნალისტს ეუბნებიან, რომ დაუშვებელია  მოწოდება ომისა და ძალადობისკენ, ან სექსუალური და რელიგიური უმცირესობების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება და ა.შ.

„რეზონანსის“ რედაქტორი ამბობს, რომ თუ ჟურნალისტმა ეს სიტყვიერი შეთანხმება დაარღვია, არსებობს პასუხისმგებლობის სხვადასხვა დონეები. „გაჩნია, რა შედეგს გამოიღებს მის მიერ გაკეთებული განცხადება, თუ საქციელი. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ თუ ადამიანს რაღაც  შეეშალა, პირველივე შემთხვევის დროს დავატოვებინოთ სამუშაო. ჯერ უნდა მოხდეს გაფრთხილება და შემდეგ გაგდება“-მიაჩნია ელისო ჩაფიძეს.

ამ მოსაზრებას არ ეთანხმება კიდევ ერთი ქართული გაზეთის, „24 საათის“ მთავარი რედაქტორი პაატა ვეშაპიძე.

მან ”ნეტგაზეთს” განიცხადა, რომ „24 საათის“ რედაქციას მსგავსი ტიპის შეზღუდვები არა აქვს. თუ გაზეთის ჟურნალისტი საკუთარ მოსაზრებას, თუნდაც დისკრიმინაციულს, გამოხატავს საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში, პაატა ვეშაპიძის თქმით,  „ამ შემთხვევაში ის ჟურნალისტად არ განიხილება, რადგან ის გამოხატავს საკუთარ პირად აზრს, ხოლო მე თუ ამ აზრის ტირაჟირებას გაზეთში მოვახდენ, მაშინ განიხილება როგორც ჟურნალისტი.“

„თუ ადამიანები გამოხატავენ პირად აზრს, ეს დამოკიდებული არ არის „24 საათზე“. ის დამოკიდებულია საკუთარ შეხედულებებზე. ახლა იქ(სოციალურ ქსელებში) ეთიკას დაიცავს, თუ ვიღაცას გალანძღავს, ეს არ არის გაზეთის საქმე. ეს არის ყველას პირადი საქმე,“-მიაჩნია „24 საათის“ მთავარ რედაქტორს.

სპეციალურად სოციალურ ქსელთან დაკავშირებული რეგულაცია არც ტელეკომპანია „მაესტროში“ არსებობს.  „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, თამარ რუხაძის თქმით,  ჟურნალისტებმა იციან, რომ პოლიტიკურ, რელიგიურ და საზოგადოებრივად მგრძნობიარე საკითხებზე ნაკლები სიმწვავით, ან საერთოდ არ გამოხატონ საკუთარი აზრი. ამ ზეპირი წესის დარღვევისთვის ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას სანქციები მოფიქრებული არა აქვს. „ჯერჯერობით, არ არსებობს რამე სანქცია. თუ ასეთი რამ მოხდა, ნამდვილად არ ვიცი, რას ვიზამთ,“-უთხრა თამარ რუხაძემ ნეტგაზეთს.

მსგავსი რეგულაციები, თან საკმაოდ მკაცრი, უკვე მოქმედებს სხვადასხვა საერთაშორისო მედიასაშუალების რედაქციაში.

CNN -ის ჟურნალსიტი გასულ წელს სამსახურიდან ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გაანთავისუფლეს. ოქტავია ნასრი წარმოშობით ლიბანელია და ის 20 წლის განმავლობაში CNN-ის ჟურნალისტად მუშოაბდა. ბოლო დროს კი ტელეარხის ახლო აღმოსავლეთის ამბების რედაქციის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა.

„ჰესბოლას“ ერთ-ერთი ლიდერის, მოჰამედ ჰუსეინ ფადლალას სიკვდილის შემდეგ ჟურნალისტმა ტვიტერზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „დამწუხრებული ვარ მოჰამად ჰუსეინ ფადლალას გარდაცვალების გამო. ის “ჰესბოლას” სახელგანთქმულ წევრებს შორის ერთ-ერთ მათგანი იყო, ვისაც ყველაზე მეტად ვაფასებ.“

CNN-ის ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ ჟურნალისტის საქციელი ტელეარხის პრესტიჟსა და რეპუტაციას უქმნიდა საფრთხეს. აშშ-ს მიერ ჰესობოლა უკვე წლებია, ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.

CNN-ის გადაწყვეტილებას თავის დროზე მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ და მოწინააღმდეგეებიც. ჟურნალ „ტაიმის“ მიმომხილველი ბრაიან სტელტერი წერდა, რომ ოქტავია ნასრის ქმედების გარშემო საზოგადოებრივი აზრის შექმნაში დიდ წვლილი შეიტანეს ისრაელის მხარდამჭერმა აქტივისტებმა, რომელთა აზრით, ჟურნალისტს, რომელიც „ადიდებდა“ ისრაელისთვის სახიფათო ტერორისტულ ორგანიზაციას,  ტელეარხზე არ  უნდა ემუშავა.

„ნიო იორკ თაიმსმა“ დაწერა, რომ  როცა CNN-ის ხელმძღვანელობამ ნახა ოქტავია ნასრის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული სტატუსი, მას სთხოვეს, რომ განცხადება დაეწერა და სამსახურიდან წასულიყო, რაც ჟურნალისტმა შეასრულა კიდეც.

მსგავსი შემთხვევბის გამო აშშ-ს სხვადასხვა კომერციულმა თუ სხვა ტიპის ორგანიზაციებმა თანამშრომლებისთვის სოციალურ მედიაში ქცევის კოდექსი შეიმუშავეს. ზოგიერთ ორგანიზაციას მსგავსი წესები არა აქვს, რაც აშშ-ში  სასამართლო პროცესები ხშირად ამის გამო იმართება.

BBC-ის ქცევის წესებში წერია, რომ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელებში არ უნდა გაავრცელოს ინფორმაცია, რომელიც ტელეარხის რეპუტაციას ჩრდილს მიაყენებს. ჟურნალისტებს ასევე აკრძალული აქვთ საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა მოსაზრებების გამოხატვა სოციალურ ქსელებში. მათ ონლაინ დისკუსიებში მონაწილეობის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევებში შეუძლიათ, თუ მათი იდენტიფიცირება შეუძლებელია.  BBC-ის ხელმძღვანელობამ თანამშრომელბს რამდენიმე თვის წინ მოუწოდა, რომ სოციალური მედია უფრო სასრგებლოდ და აქტიურად გამოიყენონ, თუნდაც წყაროებთან ურთიერთობებისას.

BBC-ისგან განსხვავებული წესები და რეგულაციები აქვს „როიტერს.“ საინფორმაციო სააგენტომ სოციალურ მედიაში ქცევის წესები თანამშრომლებისთვის ერთი წლის წინ შეიმუშავა.

ამ წესების მიხედვით, თუ “როიტერის” ჟურნალისტი სოლიალური მედიის გამოყენებას პროფესიული მიზნებისთვის გადაწყვეტს, მან ამის შესახებ მენეჯერს უნდა შეატყობინოს. გარდა ამისა, ჟურნალისტებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ პირადი შინაარსის პროფაილისგან დამოუკიდებლად შექმნან საჯარო მოხმარების პროფაილი, სადაც უფრო შეზღუდულები იქნებიან.  ხოლო, თუ ისინი ერთ პროფაილს იყენებენ როგორც პერსონალური, ისე პროფესიული მიზნებისთვის, მათ მაინც უნდა შეძლონ თავიანთი „ოფიციალურობის“ შენარჩუნება.

BBC-სგან განსხვავებით, “როიტერის“ წესების მიხედვით, ჟურნალისტი არ უნდა დაუმეგობრდეს თავის წყაროებს სოციალურ ქსელებში, რათა მათი იდენტიფიცირება არ მოახდინოს.  ამავე წესებში წერია, რომ როიტერსის ჟურნალისტებს ბლოგებსა და სოციალურ ქსელებში შეუძლიათ დისკუსიების ორგანიზება, კითხვების დასმა, მაგრამ მკაცრი მოთხოვნაა, რომ  არ გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება კონკრეტული საკითხისადმი და კომენტარებში გადმოცემულ აგრესიას და შენიშნვნებს ამავე ფორმით არ უპასუხონ.

მსგავსი წესები მოქმედებს „ვაშინგტონ პოსტშიც“, სადაც სოციალურ მედიაში ქცევის წესები თანამშრომლებისთვის 2009 წლის მიწურულს მიიღეს. ჟურნალისტებს ამ შემთხვევაშიც ეკრძალებათ საკუთარი მოსაზრებების საჯაროდ გავრცელება, მითუმეტეს, თუ ეს მოსაზრება დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელია.

საკუთარი მოსაზრებების სოციალურ მედიასა და სხვა საჯარო სივრცეში გამოხატვა დაარსების დღიდან ეკრძალება netgazeti.ge-ს თანამშრომლებსაც.  სანქციები ამ პუნქტთან დაკავშირებით  საგანგებოდ გაწერილი არ არის. ზოგადად „ბათუმელების“ და მისი საიტის ჟურნალისტური ეთიკის და შრომის შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში კი პროცედურა ასეთია: შენიშვნა, გაფრთხილება, სამსახურიდან დათხოვნა.

თუმცა სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით  სხვასახვა ნიუანსზე (მაგალითად, ფეისბუქის სხვადასხვა გვერდის მოწონება) რედაქციაში მსჯელობა დღემდე მიმდინარეობს და შეთანხმებული წესი ჯერ არ არსებობს.

ამავე თემაზე:

ქცევის კონტროლი ფეისბუქზე

მასალების გადაბეჭდვის წესი