ახალი ამბები

მთავრობამ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმა წარმოადგინა

22 მარტი, 2011 •
მთავრობამ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმა წარმოადგინა

საქართველოს პრემიერ მინისტრის, ნიკა გილაურის პარლამენტში გამოსვლის ძირითადი ნაწილი იმ სტრატეგიული გეგმის პრეზენტაციას დაეთმო, რომელიც მთავრობას მომავალი წლისთვის აქვს შემუშავებული. გეგმა ათპუნქტიანია და მოიცავს:

1. მაკროეკონომიკის სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში; 2. საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შენარჩუნება და შექმნა; 3. ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტის შემცირება; 4. რეგიონული სავაჭრო და ლოჯისტიკური ცენტრის განვითარება; 5. ინფრასტრუქტურის განვითარება; 6. სოფლის მეურნეობის განვითარება; 7. სოციალური პოლიტიკა; 8. მაღალხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა; 9. განათლება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა; 10. ურბანული და რეგიონული განვითარება.

სტრატეგიული გეგმის პრეზენტაციამდე პრემიერ მინისტრმა ქვეყნის პრობლემებზე და გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, გასული ორი წლის განმავლობაში მთავრობის მიზანი იყო ეკონომიკის შენარჩუნება და არა –განვითარება.

გილაურის განმარტებით, ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა არსებობს.

„არ არის კარგი მდგომარეობა დასაქმების  კუთხით, ასევე, ინფლაციამ დიდი პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას, მსოფლიო ეკონომიკური პრობლემები საქართველოზეც აისახა,  თუმცა საქართველოს მთავრობას მყისიერი რეაქცია ჰქონდა ამაზე– მოსახლეობას 20 –ლარიანი ელექტროენერგიისა და 30– ლარიანი სასურსათო ვაუჩერები დაურიგა, 20 ლარით გაზარდა პენსიები, რომელიც წლის მეორე ნახევარში ძალაში შევა. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი. ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგიული გეგმა ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ ყველა ამ პუნქტს, რა თქმა უნდა, გამოწვევები გვექნება სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ მთავარია, რომ ქვეყანას გააჩნია სტრატეგიული განვითარების გეგმა. ჩვენ ეს გეგმა გვაქვს და  ამ ყველა პუნქტს განვახორციელებთ“. –განაცხადა ნიკა გილაურმა

მასალების გადაბეჭდვის წესი