ახალი ამბები

საფრანგეთი ლიბიაში სამხედრო ოპერაციას იწყებს

18 მარტი, 2011 • • 1132
საფრანგეთი ლიბიაში სამხედრო ოპერაციას იწყებს

საფრანგეთი ლიბიაში სამხედრო ოპერციას უახლოეს საათებში დაიწყებს, ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელმა ფრანსუა ბარონმა განაცხადა. ინფორმაციას ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

გაეროს უშიშროების საბჭომ კი მიიღო რეზოლუცია ლიბიის საჰაერო სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადებისა და მოქალაქეების დასაცავად „ყველა საჭირო ზომის მიღებასთან“ დაკავშირებით, წერს არაბული ტელეარხი “ალ ჯაზირა.“ ტელეარხისვე ცნობით, „ყველა საჭირო ზომის მიღებაში” სამხედრო მოქმედებები იგულისხმება.

რეზოლუციას გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან  ათმა დაუჭირა მხარი. რუსეთი, ინდოეთი, ბრაზილია, გერმანია და ჩინეთი რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდნენ.

აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება გამოვიდა იდეით, რომ სამხედრო ოპერაცია შაბათ, ან ორშაბათ დილამდე არ დაიწყოს. NATO-ს ლიდერები დღეს შეიკრიბებიან და გადაწყვეტენ, რა ქმედებებით გამოეხმაურონ უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას.

თავის მხრივ, ლიბიის ხელისუფლებამ საჰაერო სივრცე ყველა უცხოური თვითმფრინავისთვის დახურა. ლიბიაში სამოქალაქო ომი უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. სამთავრობო არმიამ კონტროლი დაიბრუნა ოპოზიციის მიერ დაკავებული ქალაქების უმრავლესობაზე. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, კადაფის არმია დღეს დილიდან ბომბავს ქალაქ მისრატს.

„ალ ჯაზირას“ ცნობით, გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას ოპოციის მთავარ საყრდენ ქალაქ ბენგაზში ხალხი ზეიმით შეხვდა.

ტელეარხის ინფორმაციით, საფრანგეთის სამხედრო ოპერაცია ავიაციის მიერ განხორციელებულ დარტყმებს გულისხმობს. უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია ლიბიაში სახმელეთო ჯარების შეყვანას არ ითვალისწინებს.

ლიბიაში სამოქალაქო ომის დაწყებიდან დღემდე 5 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ ოპერატორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი